უმუშევრობა და დაბალანაზღაურებადი სამსახური ქართული ოჯახების ყველაზე მტკივნეული პრობლემაა. ვინც მუშაობს, ისიც მუდმივად უკეთეს სამსახურს ეძებს. უკეთესი და უფრო მაღალანაზღაურებადი კი ის პროფესიებია, რომლებსაც დღეს შრომით ბაზარზე ყველაზე ხშირად ითხოვენ.
ბაგა-ბაღის აღმზრდელი, ბარმენი, გიდი, თანაშემწე, კონდიტერი, სასტუმროს საქმის სპეციალისტი, შემდუღებელი, მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი და სხვ.
თუ დღემდე ამ პროფესიებთან შეხება არ გქონიათ, სახელმწიფო საშუალებას გაძლევთ დაეუფლოთ ამ პროფესიას. რაც მთავარია, სპეციალური სახელმწიფო პროგრამა თქვენთვის სასურველი საქმიანობის შესწავლას დაგიფინანსებთ.
ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მორიგ ეტაპს იწყებს. ამ თემასთან დაკავშირებით, სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ პროგრამაში ჩართულ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაც გამართა.
როგორ შეიძენთ ახალ პროფესიას?
ახალი პროფესიის შესაძენად თქვენ გაივლით მოკლევადიან კურსებს. სასწავლებლად შეგიძლიათ შეარჩიოთ საქართველოს მასშტაბით, 31, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო, აკრედიტირებულ იპროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულება. ეს შანსი შეუძლიათ გამოიყენონ როგორც მშობლებმა, ასევე შვილებმა, ვისაც უკვე პროფესიის შეძენის დრო დაუდგა. ამისთვის სულაც არ არის საჭირო სოციალურად დაუცველი იყოთ ან რაიმე სპეციალური სტატუსით სარგებლობდეთ.
როგორ მიიღებთ დაფინანსებას?
პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს შეადგენს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი ეს დაფინანსება 1500 ლარია. მომზადება-გადამზადების კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება.
მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები სწორედ შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზე შემუშავდა, რომელმაც ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები გამოავლინა.
ვის შეუძლია პროგრამაში ჩართვა?
16 წლიდან ზემოთ, შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს, ასევე საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს.
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წელსაც ორ ეტაპად წარიმართება. პირველი ეტაპის რეგისტრაცია 2 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო პროცესი კი, 15 აპრილს დაიწყება.
პროგრამაში ჩართვის მსურველებისთვის ერთადერთი აუცილებელი პირობაა - უნდა დარეგისტრირდეთ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა −
www.worknet.gov.ge-ზე. ამას სახლიდან გაუსვლელადაც შეძლებთ.
ამის შემდეგ სამუშაოს მაძიებელმა, დადგენილ ვადებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართოს და რეგისტრაცია გაიაროს. ანუ რეგისტრაცია საჭიროა საიტზეც და შემდეგ მომსახურების სააგენტოშიც (სად მდებარეობეს კონკრეტულად თქვენი ტერიტორიული სამსახური, ამის გასაგებად დარეკეთ ცხელ ხაზზე 15-05). სწავლის დასაფინანსებლად სპეციალურ ვაუჩერებსაც სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ.
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამისთვის, მიმდინარე წლის, ბიუჯეტიდან 2 090 000 ლარი გამოიყო.
2018 წელს, ეს კურსები წარმატებით 2574-მა ბენეფიციარმა დაასრულა. სხვადასხვა კომპონენტის ფარგლებში კი, სააგენტოს ხელშეწყობით 1888 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც.