უკვე რამდენიმე დღეა სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. ადამიანები, რომლებიც პირველები ერთვებიან იქ, სადაც ვინმეს დაცვა და დახმარებაა საჭირო, დღეს თავს „დაუცველ დამცველებს“ უწოდებენ და ამ სლოგანით აპროტესტებენ იმ შეუსაბამო პირობებს, რაც მათ საქმიანობას ხელს უშლის. სოციალური მუშაკები ხშირად ხდებიან აგრესიისა და შეურაცხყოფის მსხვერპლნი. როგორია მათი ყოველდღიურობა და რა სირთულეებს აწყდებიან პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, სოციალური მუშაკი, თეა მაღრაძე გვიყვება:
- ერთი სამუშაო დღე, ზოგადად, ძალიან დატვირთულია. ყოველი დღე არის დაგეგმილი: ვიზიტები ოჯახში წინასწარი შეთანხმებით ან შეთანხმების გარეშეც, მონიტორინგი. იმ 30 მიმართულებიდან, რაც გვაქვს სოციალურ მუშაკებს, ამის მიხედვით იგეგმება ყოველდღიური სამუშაო. ვიღებთ ოჯახებიდან ინფორმაციას, შემდეგ სამსახურში ვბრუნდებით და კომპიუტერთან ვიწყებთ მასალების დამუშავებას. ამ დროს, თუნდაც დაგეგმილი ვიზიტების შემთხვევაში, შეიძლება დარეკონ და სასწრაფო წესით პოლიციაში გამოგვიძახონ საპროცესო წარმომადგენლობაზე, იძულებულები ვართ, ამ დღეს დადგეგმილი ვიზიტები ოჯახებში საერთოდ გავაუქმოთ და მივდივართ პოლიციაში.
ეს ქაოტური სიტუაცია ყოველდღიურად ძალიან გვაფერხებს. შემდეგ ხელახლა ვგეგმავთ ვიზიტებს ოჯახებში და მათ ნებისმიერ განცხადებაზე გვაქვს რეაგირება. არის არაგეგმიურიც და გაუთვლელი სიტუაციებიც, როდესაც ცხელ ხაზზე შემოდის შეტყობინება ან ძალადობასთან ან უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. ცხელი ხაზის გარდა, ოფისში შემოსულ განცხადებებსა და პოლიციის შეტყობინებებზეც ვრეაგირებთ.
- ნამდვილად არ არის მარტივი. თავისთავად, ჩვენ ვფლობთ იმ ზოგად უნარ-ჩვევებს, რასაც ინტერვიუს ჩატარება ჰქვია ნებისმიერ მოქალაქესთან, მის პრობლემებზე ინფორმაციის მოძიება, შეფასება სიტუაციის, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა. ამ ყველაფერზე წლებია უკვე ვმუშაობთ. გამოცდილებასთან ერთად ვართ სერთიფიცირებულებიც, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალიან სტრესულია. რაოდენობრივად ძალიან ბევრი საქმე გვაქვს აღებული, სოციალური მუშაკი შეიძლება მუშაობდეს 100 და 200 საქმეზე ცვლის განმავლობაში. ეს ნამდვილად დიდი ფსიქოლოგიური სტრესია.
- არ არსებობს მარტივი და რთული. კონკრეტული მოქალაქისთვის ის პრობლემა, რაც აქვს, მისთვის მძიმეა. ამ კუთხიდან ვუყურებ ყოველთვის ნებისმიერი საქმეს. ძალიან ინდივიდუალურია, ერთნაირი შემთხვევები არ არსებობს. როგორც სოციალური მუშაკი, არ ვაფასებ ისე, რომ რომელიმე მოქალაქის პრობლემა უფრო ადვილია ან უფრო რთული. მათთვის, იმ მომენტისთვის, ხომ არის ეს რთული. ასე, რომ ყველას მაქსიმალურად ვუსმენთ, ვგულშემატკივრობთ და ნებისმიერი მოქალაქის პრობლემურ საკითზე მთლიანად ვარ ხოლმე ჩართული.
- ზოგი ისეთი აგრესიულია, პირადად მე დაზიანებაც მივიღე. 2017 წელს ერთ-ერთი ოჯახიდან ბავშვის გამოყვანის პროცედურა მიმდინარეობდა პატრულის თანდასწრებით. იმ დღეს დაარბიეს კიდეც ჩვენი სერვის ცენტრი. ოთხი წლის განმავლობაში ვმუშაობდით იმ ოჯახთან, უკვე ამოვწურეთ ყველა რესურსი, მუდმივი კონტაქტი გვქონდა, თუმცა ბავშვები საბოლოოდ მაინც გამოსაყვანები გახდნენ ოჯახიდან და დედა იყო აგრესიული. ამ შემთხვევის შემდეგ იყო, რომ ხმამაღლა გვინდოდა პროტესტის გამოხატვა და სწორედ ეს შემთხვევა იყო, რამაც ჩვენს ზემდგომებს გადააწყვეტინათ კანონის შემოღება სოციალურ მუშაკთან დაკავშირებით. არ ვართ დაცულები. ჩემი ერთ-ერთი კოლეგა მეტროში იყო. სამსახურში მიდიოდა და ერთ-ერთი ბავში დედამ, რომელიც გამოიყვანა ოჯახიდან, მხოლოდ იმის, გამო, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, იცნო მეტროში ეს სოციალური მუშაკი და უპირებდა დახრჩობას. ჩაერია დაცვა, გამოიძახეს პარტული, თუმცა რეალურად ესეთი შემთხვევებისგან დაცული არც ერთი სოციალური მუშაკი არ არის. ამიტომაცაა, რომ დაცვის გაძლიერებას ვითხოვთ.
- უმუშევრობა ძალიან დიდი პრობლემაა ქვეყანაში. უმეტესწილად, მოქალაქეები ამბობენ, რომ შესაფერის სამსახურს ვერ შოულობენ. ხშირ შემთხვევაში არ აქვთ განათლება, არც პროფესიული განათლება ან უნარ-ჩვევები და ყველა მოქალაქესთან, რა თქმა უნდა, ვერ შევდივართ, მაგრამ ვისთანაც გვიწევს მუშაობა, ვცდილობთ დავინახოთ რა უნარ-ჩვევები აქვთ მათ, ერთდროულად ვიმსჯელოთ და ვიფიქროთ, რა შეუძლიათ, რომ გააკეთონ.
- ესეც ინდივიდუალურია. არსებობენ მოქალაქეები, ვინც მიეჩვია მხოლოდ სოციალურ დახმარებაზე ცხოვრებას, მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანების, რომლებიც ვერ შოულობენ სამსახურს ან ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები და ვერ ათავსებენ სამუშაო გრაფიკს საბავშვო ბაღთან მიმართებით. ბავშვების დამტოვებლები არ ჰყავთ და მოქნილი გრაფიკით ვერ საქმდებიან, რომ ორივე შეათავსონ.
- მოგვეცეს ნორმალური პირობები ნორმალური მუშაობისთვის. როდესაც არ არის შესაბამისი სერვისები, თუნდაც, ძალადობა განცდილი ბავშვებისთვის არ არსებობს ცენტრები, სადაც ერთდროულად ფსიქოლოგიც იმუშავებს მათთან. ვითხოვთ, რომ მოხუცებთან დაკავშირებით შეიქმნას სპეციალური სერვისი. ისინი თვეობით და წლობით ელოდებიან თავშესაფარს და ვიღაც უნდა გარდაიცვალოს ამ თავშესაფარში, რომ ადგილი გათავისუფლდეს და ეს ჩემთვის ძალიან სტრესულია. ღირსეული მოხუცებულობის ასაკი ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს ქვეყანაში. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მოხუცს აქვს პრობლემა მეხსიერებასთან და ქუჩაში დაიკარგა. შემდეგ პოლიცია არკვევს, ეძებს, სად არის ეს მოხუცი. მექანიზმი იმის, რომ იმ მომენტიდანვე რაღაც თავშესაფარი იყოს, ვიდრე არ გაირკვევა, ვინ არის, ესეთი სერვისიც არ არსებობს. ეს ძალიან გვიშლის ხელს, რომ ეფექტურად ვიმუშაოთ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილი კი არის ფსიქოლოგების ნაკლებობა. თბილისში ხუთი სერვისცენტრია და ერთადერთი ფსიქოლოგი ყავთ. ფსიქოლოგი კი გასვლის მომენტიდან ჩვენთან ერთად უნდა იყოს, იმიტომ, რომ მაგალითად, არ ვიცით, ბავშვი რა მდგომარეობაში გვხვდება. ვითხოვთ, რომ ყველა ცენტრს საქართველოში დაემატოს თითო ფსიქოლოგი მაინც. ფსიქოლოგების გარეშე შეუძლებელია მუშაობა. ასევე, ჩვენც გაძლიერება და დაცვა გვინდა. პირობები გვინდა თუნდაც ტრანსპორტის, თუნდაც ხელფასის იმიტომ, რომ ზურგს უკან ჩვენი შვილებიც არიან, რომლებსაც სჭირდებათ საჭიროებების დაკმაყოფილება. ვინაიდან 22 პუნქტიანი მოთხოვნები გვქონდა შრომითი დავის დაწყებიდან, იმ 22 პუნქტში დავიწყეთ ჩვენი ბენეფიციარების კეთილდღეობაზე ორიენტირებული სხვადასხვა საკითხების მოგვარება და ასევე ჩვენი, სოციალური მუშაკების, პირობებისა და დაცვის გაუმჯობესება, რათა უფრო ძლიერებ მოვემსახუროთ მოქალაქეებს.
თამარ იაკობაშვილი