9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგაც თავისუფლებას შეწირული ადამიანების შვილებისთვის, დედებისა თუ ოჯახის სხვა წევრებისთვის ტკვილი ოდნავადაც არ განელებულა. მრავალი წლის შემდეგ მათ თავიანთ განცდებზე "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრეს.
9 აპრილის ტრაგიკულად დაღუპული თამარ მამულშვილის შვილი ვერიკო სვანიძე:
- ეს პროცესები რომ დაიწყო, მაშინ სკოლიდან მივდიოდით ხოლმე ბავშვები. ჩვენ ამ მიტინგებს ვესწრებოდით, მაგრამ დედაჩემს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ვერ გადიოდა. სახლიდან ნერვიულობდა და განიცდიდა ამ ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდებოდა, თუმცა მაინც გადაწყვიტა იქ წასულიყო, სადაც მთელი საქართველო იდგა.
იქ ახლოს ვიდექით კიბეებთან და ტანკები რომ შემოვიდნენ, რაღაც მომენტში გზა გაიხსნა და ხალხმა გაქცევა მოახერხა. ამ გაქცევის დროს ერთ-ერთმა ფეხი წამოკრა, მეორემ, მესმემ და ფაქტიურად ერთმანეთზე ვეცემოდით. დედაც ამ დროს გადავარდა იქეთ. მე რომ გადავვარდი, ვიღაც დამეცა ზემოდან, უჰაერობისგან გრძნობა დავკარგე და აღარაფერი მახსოვს. ის მახსოვს, რომ მხატვრის სახლში შემიყვანეს და იქ დედაჩემი დავინახე, მაგრამ არავინ აღარ მიმიშვა იმიტომ, რომ უკვე გარდაცვლილი იყო. ნიჩაბი ჰქონდა ჩარტყმული თავში. საავადმყოფოში წამიყვანეს, არ გამომიშვეს, ისეთი სიტუცია იყო. მამაჩემი გვეძებდა, მაგრამ ვერ გვიპოვნა იმ ღამეს. დილით დავურეკე და დედაჩემი მორგში ვნახეთ.
დაღუპულთა შორის ყველაზე პატარა 15 წლის ეკა ბეჟანიშვილია. ის კომაროვის სკოლის მოსწავლე იყო და 9 აპრილის ღამეს მიტინგზე მეგობრებთან ერთად მივიდა. დედამ კი იმ დღეს ფიზიკის გაკვეთილზე გაუშვა. დანიშნულ დროს გოგონა სახლში არ მივიდა.
ეკა ბეჟანიშვილის დედა ლალი ბეჟანიშვილი:
"15 წუთი დააგვიანდა და იქ რომ მივედით, ზოგმა გვითხრა კომაროვის სკოლასთან არიან შეკრებილებიო, ზოგმა გვითხრა ტელესტუდიასთანო. დავბრუნდით სახლში. ეკა არასოდეს არ აგვიანებდა. 3 საათი იყო უკვე რომ გავედი თავისუფლების მოედანზე და რაღაც სასწაული საზოგადოება იყო. "- ამბობს ეკას დედა
მან შვილი რუსთაველზე, მთავრობის სასახლესთან იპოვნა, მაგრამ დარბევის დაწყების მერე, ერთმანეთი დაკარგეს.
- მახსოვს ბუნდოვნად, რომ ეკა ვიპოვნე და ხელი ჩავჭიდე. პატრიარქმა რომ დაიწყო საუბარი, ეს უკვე ძალიან კარგად მახსოვს. ეკაზე ხელი მაგრად მეჭირა და ეტყობა ცენტრში ვიდექით და გადაგვთელეს. მე ბეჭებში მქონდა დარტყმული და აღარც კბილი მქონდა. პირველი მე წავქცეულვარ. ამის მხილველ მილიციელს უთქვამს: "შავგვრემან ქერათმიან ქალს დააკლეს შავგვრემანი ხუჭუჭათმიანი გოგოო".
ლალი ბეჟანიშვილს შვილის სიკვდილი მხოლოდ ორმოცი დღის შემდეგ შეატყობინეს. ის საავადმყოფოში რამდენიმე კვირა უგონო მდგომარეობში იყო.
- მე ჩემი შვილი არც მიცვალებული მინახავს და არც ორმოცი ვიცოდი მისი. გათიშული ვეგდე ოთხში. კედლების გამონგრევა რომ დავიწყე უკვე და გადავედი ალბათ ჭკუიდან, დედაჩემს მიაჩეჩეს სურათი და ის შემოვიდა ჩემთან. მერე უკვე ინსტინქტმა მიკარნახა, რომ ამდენ ხანს არ მოვიდა ჩემი შვილი. იმ ღამეს არ გამოგვიშვეს, ვერ გამთიშეს, რომ ეგონათ, რომ მეძინა, წამოვდექი და გადმოხტომას ვაპირებდი. მეექვსე სართულზე ვიწექი. რა ვქნა, ძალიან მენატრება... ვერ ვეთანხმები ამოთქმას, რომ დრო მკურნალია...