"შვილებს მშობლების ქონებაზე არანაირი უფლება არ გააჩნიათ, სანამ..." - რა ქონებრივი უფლებები აქვთ ოჯახის წევრებს ერთმანეთში
"შვილებს მშობლების ქონებაზე არანაირი უფლება არ გააჩნიათ, სანამ..." - რა ქონებრივი უფლებები აქვთ ოჯახის წევრებს ერთმანეთში
ცოლ-ქმრის განქორწინების შემდეგ ბევრი რამ დავის საგანი ხდება, მათ შორის  ქონების გადანაწილება და მამის ფინანსური ვალდებულებები შვილების მიმართ. განქორწინების დროს წარმოქმნილ პრობლემებზე მკითხველები ხშირად გვეკითხებიან.  ცოლ-ქმარს შორის შესაძლო დავებზე და მკითხველების შეკითხვებზე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის მენეჯერი, იურისტი ჟანა ჩიქოვანი პასუხობს. 

- რა პროცედურების გავლაა საჭირო იმისთვის, რომ შვილს ალიმენტი დაენიშნოს?

- შესაძლებელია ალიმენტის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ მეუღლეები შეთანხმდნენ მარტივი წერილობითი ფორმით, რომელზედაც ხელმოწერა სასურველია დამოწმდეს ნოტარიულად. თუ მეუღლეები ვერ შეთანხმდებიან, მაშინ
მეუღლე, რომელსაც სურს მეორე მეუღლეს დაეკისროს ალიმენტი, მიმართავს სასამართლოს სარჩელით ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. ალიმენტი ეკისრება ბიოლოგიურ მშობელს, მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან თუ არა მშობლები. ალიმენტის შესახებ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება.

- როგორ განისაზღვრება ალიმენტის თანხის ოდენობა თუ მაგალითად, მამაკაცს სამი შვილი ჰყავს?

- ალიმენტი სავალდებულოდ გადასახდელი თანხაა, თუმცა ოდენობა კანონით განსაზღვრული არ არის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ალიმენტის ოდენობას წყვეტს სასამართლო. კონკრეტული ციფრის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ყველა გარემოებას, პრიორიტეტულია არასრულწლოვანის საჭიროებები და მათში თითოეული მშობლის მონაწილეობის წილი. თუ, ვთქვათ, მშობლებს სამი შვილი ჰყავთ, სასამართლო გამოარკვევს თითოეულისათვის საჭირო თანხას, რაშიც მოიაზრება არსებითად კვება, ტანსაცმელი, აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევები, გადაადგილების ხარჯი და არა სხვადასხვა საგანმანათლებლო
წრეებში გაწევრების საფასური, დასვენება და ა.შ. ასევე გამოარკვევს მშობლების საერთო შემოსავალს და მათ სოციალურ მდგომარეობას და ამ ინფორმაციის ურთიერთშეჯერებით გასაზღვრავს თითოეული შვილისათვის საალიმენტო თანხას. თუნდაც მშობელი შრომისუუნარო იყოს, მას ალიმენტი დაეკისრება, რადგან ალიმენტი კანონიერი ვალდებულებაა მშობლისა არასრულწლოვანი შვილების მიმართ, თუმცა მშობლის მაღალი შემოსავალი არ ნიშნავს ავტომატურად საალიმენტო თანხის გაზრდას.

- როგორ განისაზღვრება ალიმენტის თანხის ოდენობა თუ ბავშვის მამას სხვა მეუღლისგანაც ჰყავს შვილები?

- ანალოგიურად, სასამართლო აუცილებლად გაითვალისწინებს სხვა შვილების მიმართ გასაღებ აუცილებელ ხარჯსაც.

- თუ წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილა და ისე ჰყავთ შვილი, ბავშვს დედას უფლება აქვს ალიმენტის მოთხოვნის?

- დიახ, ალიმენტი ეკისრება ბილოგიურ მშობელს და არ არის აუცილებელი მშობლები იყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

- რა ასაკის უნდა იყოს ბავშვი, რომ დედამ მეუღლეს მისი ქონებით უზრუნველყოფა მოსთხოვოს, თუ ერთად არ ცხოვრობენ? შეიძლება ბავშვის მამამ უარი თქვას მაგ. ბინის ყიდვაზე, შვილისთვის ქონების გადანაწილებაზე?
- შვილებს მშობლების ქონებაზე არანაირი უფლება არ გააჩნიათ. მშობლების სიცოცხლის მანძილზე, მათ სრულწოვანებამადე (18 წლამდე) მხოლოდ ალიმენტი ეკუთვნით. ქონების გაყოფის საკითხი დგება მხოლოდ მემკვიდრეობისას, ანუ როცა მამკვიდრებელი გარდაიცვლება. (როცა გარდაიცვლება მშობელი, მხოლოდ მაშინ დგება საკითხი შვილებს, როგორც მემკვიდრეებს, რა უფლებები გააჩნიათ მშობლების ქონებაზე.)

- წყვილის განქორწინების შემთხვევაში როგორ ხდება ქონების განკარგვა და გადანაწილება?

- განქორწინებისას და განქორწინების მიუხედავად, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების ნახევარზე საკუთრების მიღების უფლება აქვს მეუღლეს, შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის გზით. განქორწინებიდან სამი წლის გასვლის შემდეგ მეუღლეები ერთმანეთის მიმართ ქონებრივი უფლებების განხორციელების შესაძებლობას კარგავენ, მოთხოვნების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის გასვლის გამო.

- წყვილის განქორწინების შემდეგ თუ შვილმა გადაწყვიდა მამასთან ცხოვრება, რა ასაკის უნდა იყოს ბავშვი რომ მისი ნება გაითვალისწინონ და დედას თუ აქვს სამართლებრივი დავის წამოწყების უფლება, თუ მისი გარკვეული ბრალეულობა არ იკვეთება შვილის მიმართ და უბრალოდ ბავშვს აქვს მამასთან ცხოვრების სურვილი? ასეთ შემთხვევაში რა ხდება?

- არასწრულწოვანების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სოციალური მომსახურების სააგენტოს აუცილებელი მონაწილეობით, თუმცა გადამწყვეტია არასწრულწლოვნების ნება და აქ მნიშვნელობა თითქმის არ აქვს მშობლის ბრალეულობას თუ დამსახურებას. სასამართლო 4-5 წლის ასაკიდან დაკითხავს ხოლმე არასრულწლოვნებს და არკვევს მათ სურვილს, თუ რომელ მშობელთან სურთ ცხოვრება და არსებითად მათი სურვილის გათვალისწინებით წყვეტს საკითხს. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა გამომდინარეობს არასრულწლოვანების და არა მშობლების ინტერესებიდან და აქ თუ საუბარი არაა მშობლის უფლების ჩამორთმევაზე და არსებითად მძიმე რეალობაზე (ალკოჰოლზე, ნარკოტიკულ საშუალებებზე, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, რის გამოც მშობელი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს შვილებს, ოჯახს და აყენებს მათ ფსიქოლოგიურ ტრამვას) საკიათხს თუ სად იცხოვრებენ არასრულწლოვნები სასამართლო წყვეტს მათი სურვილის მიხედვით და არა მშობლების არჩევანით.

- როცა ოფიციალურად არ არიან ქორწინებაში, არც შვილები ყავთ, მაგრამ 27 წელია ცოლ-ქმარი არიან, ერთ-ერთის გარდაცვალების შემდეგ კანონით ძმიშვილ დისშვილები არიან მემკვიდრეები? ასეთი შემთხვევების დროს როგორ უნდა გადაიცეს ქონება სამართლებრივად?

- მეუღლეთა შორის სამართლებრივი უფლებები წარმოიშობა მხოლოდ მათ შორის ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ. შესაბამისად, მიუხედავად თანაცხოვრების წლების რაოდენობისა, მათ ერთმანეთის მიმართ არანაირი ქონებრივი მოთხოვნის უფლება არ წარმოეშობათ. ანუ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე, თანაცხოვრების წლების რაოდენობის მიუხედავად, ქონების ნახევარზე მესაკუთრედ ცნობას და ასევე სამკვიდრო წილს გარდაცვლილის ქონებიდან ვერ მოითხოვს.
რუსკა კილასონია

altრა უნდა იცოდეთ განქორწინების დროს ცოლ-ქმრის უფლებებზე, ქონების გაყოფაზე და რის მიხედვით წესდება ალიმენტი

altრატომ გაურბიან ქართველი მამები ალიმენტებს - ადვოკატის რჩევები თანხის "ამოსაღებად"






63871
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
თიკა
1
სადაა სასამართლო, ავადმყოფ ბავშვზე 70 ლარი დაუნიშნა ნამუს ახდილ მამას! იმასაც არ იხდის! ღმერთის იმედი მაქვს ყველა დაისჯება
23:44 / 14-04-2019
ნათია
0
ჟანაა!!! სუპერ გოგო!!
23:43 / 14-04-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```