ილია ვეკუას სახელობის 42-ე სკოლის ოთხი მოსწავლე ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გახდა. მე-9-მე-10 კლასების მოსწავლეები: ანრი დარცმელია, ლევან ლოლაშვილი, ხარება გრძელიშვილი, კონსტანტინე ხოსიაური და დავით ძამაშვილი მენტორთან ერთად გაერთიანდნენ და მიზნად ისეთი პროექტის შექმნა დაისახეს, რაც რეალურად გამოადგებოდათ ადამიანებს და კონკურსის დასრულების შემდეგ თაროზე არავინ შემოდებდა. ბავშვებმა ამ პროცესში ხაზვა, ელექტროობა, ინჟინერია და პროგრამირება ისწავლეს. მათ შექმნეს ადაპტირებული სათვალე და სამაჯურები მხედველობადაქვეითებულებისთვის.
სათვალე ხმოვანი ასისტენტის მეშვეობით შეატყობინებს მომხმარებელს, რა ობიექტებია ირგვლივ და სამაჯური ვიბრაციის მეშვეობით გააგებინებს ადამიანს, თუ რა მანძილზეა დაბრკოლება ან სხვა ობიექტი. გარდა იმისა, რომ სათვალე ამოიცნობს ირგვლივ მდებარე ობიექტებს, ასევე შეეძლება ჭიქისკენ მიმართვის შეხედვის შემთხვევაში ამოიცნოს, ცივია თუ ცხელი სითხე.
იდეა ანრი დარცმელიას ეკუთვნის: „მთაწმინდის ქუჩაზე ხშირად დავდიოდი, ერთხელ შევამჩნიე აბრა, რომელზედაც გამოსახული იყო სათვალე და კიბეები. დავფიქრდი, როგორ შეიძლებოდა ასეთ რელიეფზე გაევლო მხედველობადაქვეითებულ ადამიანს. შესაბამისად, მოვიტანე ეს იდეა მენტორამდე. დავამუშავეთ და მივიღეთ საბოლოოდ სათვალე და სამაჯური, რაც ეხმარება მათ ნავიგაციაში. ჩვენი მოწყობილობა დაეხმარება მათ გადაადგილებაში და გადაჭრის ერთ-ერთ დიდ პრობლემას."
თუმცა, სანამ უშუალოდ გამოგონებაზე იფიქრებდნენ, ბავშვებმა ჩაატარეს მარკეტინგული კვლევა და გაიგეს, მსოფლიოში რას სთავაზობენ უსინათლო ადამიანებს. შემდეგ კი დამოუკიდებლად ააწყვეს პროექტი.
ერთ-ერთი გამომგონებელი, დავით ძამაშვილი ასე აფასებს გამოგონებას: „ეს თემა უსინათლოებთან დაკავშირებით აქტუალურია და ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ისინი არ უნდა იყვნენ საზოგადოებისაგან გარიყულები. უნდა ჰქონდეთ თანაბარი უფლებები და საშუალება, რომ იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. ჩემთვის ეს იმიტომ იყო საინტერესო პროექტი, რომ მივიღე ახალი გამოცდილება და ვისწავლე სხვადასხვა პროგრამა".
ლევან ლოლაშვილი ერთ-ერთია, ვინც ამ პროექტზე იმუშავა და თვლის, რომ მათი ეს გამოგონება უნიკალურია: "უსინათლოებს ძალიან მარტივად შეუძლიათ აღიქვან რამდენად შორსაა ან ახლოსაა დაბრკოლება. ამასთანავე, ძალიან დიდი პლუსი ჩვენი მოწყობილობის არის ის, რომ მას აქვს საკმაოდ დაბალი ფასი და მხედველობა დაქვეითებულს შეუძლია მისი ყიდვა ცალ-ცალკეც. მაგალითად, სამაჯურებს თუ იყიდიან, რითაც, ფაქტობრივად, ჩაანაცვლებენ ჯოხს, ღირს 50 დოლარი და არის ბევრად უფრო კომპაქტური და მობილური".
ხარება გრძელიშვილისთვის ეს პროექტი ახალი გამოწვევაა. ამბობს, რომ განსაკუთრებით ინჟინერია და დიზაინი აინტერესებს. გარდა იმისა, რომ იდეა მოსწონს და კიდევ უნდა განვითარება, მისთვის ოჯახის მხარდაჭერაც სტიმულია: "ოჯახი მხარს გვიჭერს ამ პროექტის განხორციელებაში. კონკურსის ფინალზეც იყვნენ მოსულები და განსაკუთრებით გვგულშემატკივრობდნენ".
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსზე ამ პროექტით დაინტერესდა "დელტა" და მათ მენტორობა შესთავაზა. გარდა ამისა, ბავშვებს ტექნიკურ დახმარებასა და ლაბორტორიის გამოყოფსაც დაჰპირდა.
მენტორი, ზურაბ ვარდანაშვილი: "იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელმა თავზე სათვალის გაკეთებით შეძლოს გადაადგილება, დაგეგმოს თავისი მარშრუტი. ჩვენი ხელსაწყო მას ეტყვის მაგალითად - "წინ ჩაიარა ადამიანმა“, "მანქანა მოდის“, "შუქნიშანია“, მოძრავ ობიექტებზე დაეხმარება ნავიგაციაში. სახლშიც ანალოგიურად მოხდება, სად სკამი დგას, სად მაგიდა, ამ ყველაფერს შეატყობინებს. ჩვენ გვაქვს იდეაში ის, რომ დავუკავშირდეთ უსინათლოთა სკოლასა და მხედველობადაქვეითებულების ასოციაციას და შევეცადოთ მათთან ერთად გავიაროთ, რამდენად ხელსაყრელია ეს ხელსაწყოები, რამდენად მოსახერხებელია იმიტომ, რომ ეს მათზე უნდა იყოს მორგებული. ასევე, გვინდა იყოს იმდენად ხელმისაწვდომი, რომ ტვირთად არ დააწვეს ადამიანებს. სამომავლოდ ვგეგმავთ სერვერის გაკეთებას, რაც გულისხმობს ინფორმაციის სხვებთან გაზიარებას. თუ ვთქვათ, მე გავიარე ამ ქუჩაზე და დავადგინე ახალი ობიექტები, რომლებიც იქ მდებარეობს, სერვერზე აიტვირთება ეს ინფორმაცია და შემდეგში სხვა როდესაც გაივლის იმავე ქუჩაზე, დასჭირდება გაცილებით უფრო ნაკლები დრო, რომ ადაპტირდეს".
42-ე სკოლის მოსწავლეები ახლა გამოგონების დიზაინისა და პროგრამის დახვეწას გეგმავენ. ამბობენ, რომ ოჯახის წევრებისა და სკოლის მხარდაჭერა ძალიან დიდ სტიმულს აძლევთ და იდეა, რომელიც ძალიან ბევრი უსინათლო ადამიანის ცხოვრებას შეცვლის, განსაკუთრებით საინტერესო და საპასუხისმგებლოა.
თამარ იაკობაშვილი