ზღაპრები ყოველთვის ირეალურ, ჯადოსნური არსებებით სავსე სამყაროსთან ასოცირდება. მათში როგორც წესი უცნაური და დაუჯერებელი ამბები ვითარდება ხოლმე. ბევრს მიაჩნია, რომ თუ ზღაპარი ამ განცდის გარეშე იკითხება ნაკლებად საინტერესოა. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. შვედური ზღაპრები არასდროს გიკარგავს რეალობის შეგრძნებას. მართალია, ბოლომდე რეალური აქ არაფერია, მაგრამ კითხვისას გგონია, რომ დედამიწასთან კავშირს არ წყვეტ. უფრო სწორედ ისეთი განცდა გიჩნდება, რომ იქ, სადღაც ჩრდილოეთში, შვედეთში, მართლაც უნდა არსებობდნენ ირეალური არსებები. ეს არ გიკვირს, ჩვეულებრივ ამბად მიგაჩნია. "იმოგზაურე დროსა და სივრცეში" - ეს ფრაზა ამ ზღაპრებს ზუსტად შეესაბამება. სრულიად ახალ სამყაროში, სრულიად განსხვავებულ ეპოქაში სრულიად უცხო სამყაროში მიდიხარ და მალე ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილიც ხდები.
ამ ქვეყნის ფოლკლორი თავიდან ბოლომდე მათ ყოფიერ ცხოვრებას უკავშირდება. ყველაფრის საინტერესო მხარეს აჩვენებენ. ზღაპრის პერსონაჟები მუდმივად სიკეთის გამარჯვებისთვის იბრძვიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება გლეხები იყვნენ და არა გმირები. ამ ზღაპრებში ყველა ჩაგრული და მოხერხებული ბოლოს საკუთარი ოცნებების ახდენას ახერხებს. ზღაპრებში ჩანს ამ ერის კულტურა, ჩვეულებები, ტრადიციები. გონიერი და მოხერხებული მუდმივად იმარჯვებს.
ზღაპრების კითხვისას გიჩნდება ისეთი გრძნობა, თითქოს ძველი დროის შვედეთში მოგზაურობ, ყველა პერსონაჟს ახლოდან ეცნობი და მათი ცხოვრებით ცხოვრობ. ეცნობი აქაურ კულტურას, იცნობ აქაურ მშრომელ და ერთგულ ხალხს. ზღაპრებში მითოლოგიური პერსონაჟებიც ხშირად ცოცხლდებიან, სწორედ ამიტომ, ამ უცნაური სამყაროთი უფრო მეტად ინტერესდები.
შვედეთში, ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ, ზღაპრებში მითოლოგიური პერსონაჟები და რელიგიური სიმბოლოები შეერწყა ერთმანეთს. მაგალითად, ერთ-ერთ ზღაპარში ჯერ კიდევ არსებობენ ტროლები, თუმცა მათ ეკლესიის ზარების ეშინიათ. ამ გავლენის გამო, არამარტო ბავშვებისთვის, უფროსებისთვისაც ძალიან საინტერესო ხდება ეს ზღაპრები. აქაურმა ფოლკლორმა დიდი გავლენა იქონია ძალიან ბევრ ხელოვანზეც.
შვედური ზღაპრები, რომლებიც ათეული წლების წინ იყო გამოცემული, გამომცემლობა "პალიტრა L-მა" ხელახლა გამოსცა. მწერალი და შვედური ზღაპრების მთარგმნელი დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია ცოცხალი აღარ არის, მისი ქალიშვილი ლიზა ერისთავი კი დიდი სითბოთი იხსენებს იმ დროს, როცა ქალბატონი დოდო ამ ზღაპრებს თარგმნიდა.
"პირველ რიგში მახსოვს, რომ თარგმნის დაწყებამდე დედა ამ ქვეყნის კულტურასა და ფოლკლორს სიღრმისეულად გაეცნო. უამრავი წყარო მოიძია. უკეთ შეისწავლა ეს ერი და სწორედ ამის შემდეგ შეუდგა ამ ზღაპრების ქართულად გაცოცხლებას. ეს წიგნი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ჩანს შვედური კულტურა, მათი ხასიათი, ჩვეულებები. ისინი ჩვენთვის შორეულ, სუსხიან გარემოში იზრდებოდნენ. ეს ზღაპრები მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე იქმნებოდა და იქაურ რეალობას ასახავდა. თარგმანიც ძალიან საინტერესოა, ბავშვებისთვის ადაპტირებული სტილია შერჩეული. არ იკარგება ის მთავარი ძაფი, რომელიც ამ ზღაპრებს გასდევს თან და მკითხველამდე სწორედ ასე მიდის. დედა ახერხებდა, რომ კითხვისას გეგრძნო, რომ ეს მარტო ზღაპარი არ არის, ეს იქაური ადამიანების ცხოვრებაა ზღაპრად გადმოცემული," - იხსენებს ლიზა ერისთავი.
შვედური ზღაპრების კრებული უკვე გამოიცა და მკითხველს ელოდება, რათა ჯადოსნურ სამყაროში გაუძღვეს და სუსხიან ჩრდილოეთში მცხოვრები ხალხის ყოველდღიურობა საინტერესო მხრიდან აჩვენოს.
რაც შეეხება სერიას "მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები", ის პრესასთან ერთად გამოიცემა და შვედური ზღაპრების შემდეგ, 18 აპრილიდან ფრანგული ზღაპრებიც იქნება ხელმისაწვდომი.