თემა, რომელსაც დღეს შევეხებით, მტკივნეულია არა მარტო იმ ადამიანებისთვის, ვინც ომის დროს და, ძმა, დედა, მამა, ნათესავი, ან მეგობარი დაკარგა, არამედ სრულიად საქართველოსთვის. დღეს სახელმწიფო 2300 უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ ადამიანს ეძებს. უმრავლესობა 90-იანი წლების კონფლიქტისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიკარგა. დამეთანხმებით, ძალიან მძიმეა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების ხვედრი. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაუჩინარებულ პირთა ოჯახებს ყოფა შეუმსუბუქოს და დაკარგული ახლობლების ცხედრები აპოვნინოს. სწორედ ამ მიზნით, 2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინიციატივით, საქართველოში ორი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა: ერთ მექანიზმზე ქართველი და აფხაზი, ხოლო მეორეზე ქართველი, ოსი და რუსი მონაწილეები მუშაობენ. მათი მიზანია პასუხი გაეცეს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებს. რის საფუძველზე ხდება გაუჩინარებული ადამიანების მოძიება, დღეის მდგომარეობით როგორია სტატისტიკა, ამ და სხვა საინტერსო საკითხზე „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" (ICRC) კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ქარდავა გვესაუბრა.
- წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს დელეგაცია 1992 წლიდან მუშაობს ქვეყანაში. ამ პერიოდის განმავლობაში ყველა ჩვენი აქტივობა მიმართული იყო კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად, რასაც ჩვენი მანდატი გულისხმობს. დღეისათვის ყველაზე მთავარი საქმიანობა, რომელსაც ვახორციელებთ, გახლავთ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანების მოძიება. საუბარია, როგორც 90-იანი წლების კონფლიქტებზე, ასევე 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტზე. დღეისათვის ეს არის ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძირითადი საქმიანობა საქართველოში. ასევე გვაქვს ისეთი კლასიკური საქმიანობები, როგორიც არის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მუშაობა, საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან დაკავშირებით გატარებული საქმიანობა, თანამშრომლობა საქართველოს წითელ ჯვართან და კიდევ სხვა აქტივობები.
- როცა ოჯახი აკეთებს განაცხადს, რომ ოჯახის წევრი ჰყავს გაუჩინარებული, ჩვენი თანამშრომლები იწყებენ მათთან მუშაობას. ივსება ე.წ. გარდაცვალების წინარე მონაცემების ანკეტა. ამ ანკეტაში ფიქსირდება ყველა ის ინფორმაცია, რაც ადამიანს გაუჩინარებამდე ჰქონდა. აქ იგულისხმება ფიზიკური მახასიათებელი, სავარაუდოდ რა ეცვა გაუჩინარების მომენტისთვის, რა სამკაული ეკეთა და ა.შ. ფიზიკურ მონაცემებში იგულისხმება თუნდაც ისეთი ფაქტორი, როგორიცაა მოტეხილი ხელი, ფეხი, ბავშვობაში მიღებული ტრავმა, დენტალური სურათი და სხვა. ამის შემდეგ ხდება სისხლისმიერი, პირველი რიგის ნათესავებისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება. (ეს არის ნერწყვი). ბიოლოგიური ნიმუშებისაგან მზადდება დნმ პროფილები. ეს ინფორმაცია მეორე მონაცემთა ბაზაში შედის. ამ საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მონაწილეები ცვლიან ერთმანეთისთვის ხელმისაწვდომ, ნებისმიერი სახის ინფორმაციას, რაც შეიძლება გამოდგეს სამარხების მოძიებისათვის. შემდეგ ჩვენ ამ ინფორმაციას შევისწავლით და თუ სანდოობა მაღალია, ჩვენი ექსპერტ-ანთროპოლოგები, ექსპერტ-არქეოლოგები იწყებენ მითითებული ლოკაციის შესწავლას და გათხრებს. სამწუხაროდ, ისეც ყოფილა, რომ გაგვითხრია პოტენციური სამარხი, მაგრამ იქ ნეშტი არ აღმოჩენილა.
- ასეთი ისტორიები ძალიან ბევრია. თითოეული ადამიანის ბიოგრაფია არის ძალიან ძლიერი ისტორია. მახსოვს ასაკოვანი ქალბატონი აფხაზეთიდან, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომლის შვილიც ამოვიცანით და გადმოვასვენეთ. მოვიდა, ჩამეხუტა ეს ქალი და მითხრა, მე ძალიან ბედნიერი ვარო. ცოტა უცნაური იყო ჩემთვის, დედა, რომელსაც შვილი ჩამოვუსვენეთ, ბედნიერი იყო. მთელი 25 წელი ველოდებოდი, რომ ჩემი შვილის საფლავი მქონოდა, რომ კვერცხი გადამეგორებინა აღდგომას, სანთელი ამენთოო. ამიტომ მე დღეს ბედნიერი ვარ, ამის საშუალება რომ მომეცაო. ეს ძალიან ემოციური და მძიმე იყო ჩემთვის. უკვე შევეჩვიე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს სევდიანი დღეა, ბევრი ადამიანი გვეუბნება მსგავს სიტყვებს.
იყო შემთხვევა, რომელმაც ასევე ძალიან შემძრა, ჩვენმა ექსპერტებმა მიამბეს ეს ამბავი. აფხაზეთში აფხაზი ქალბატონი იყო, რომელსაც შვილი ჰყავდა გაუჩინარებული. როდესაც მივიდნენ და აუხსნეს, რომ დნმ-ის ნიმუშისთვის ტესტი უნდა აეღოთ, ამ ქალმა უარი განაცხადა. რომ დაემთხვეს, მერე მე რა ვქნა, როგორ გავაგრძელო ცხოვრება? დღემდე მჯერა, რომ ჩემი შვილი ცოცხალია და კარგადააო.
სულ ახლახან ახალგაზრდა გოგოს ვუპოვეთ მამა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გადავეცით და დიდი პატივით დაკრძალა. მიუხედავად იმისა, რომ მამამისი დაღუპულთა სიაში ეწერა, მაინც ფიქრობდნენ, რომ ცოცხალი იყო და ერთ დღესაც დაბრუნდებოდა. 2013 წელს ავიღეთ დნმ. 7 მარტს ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა და ვამცნეთ მას, რომ მამამისი ამოვიცანით. მივწერე ამ გოგოს და ვუთანაგრძნე. ასეთი რაღაც მიპასუხა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, ისეთი ძალა მაქვს, თითქოს საოცრებები ხდება. მთელი ცხოვრება ველოდით, რომ მამა ცოცხალი დაბრუნდებოდა, შემდეგ მივხვდით, რომ ცოცხალი ვერ დაბრუნდებოდა და გარდაცვლილიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვისო. და გპირდებით, როგორც მე ვამაყობ დღეს მამაჩემის სახელით, ისე იამაყებს ჩემი შვილი ჩემი სახელითო.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველაფრის მიუხედავად ადამიანები არ გაბოროტებულან. გამყოფ ხაზს მიღმა დარჩენილ მოსახლეობას მტრად არ მიიჩნევენ. მადლიერი არიან იმ ადამიანების, ვინც მათ მიცვალებულს უპატრონეს და პატივით დაკრძალეს. ანუ ომის მიუხედავად ადამიანური საწყისი, ჰუმანურობა მაინც მნიშვნელოვანია.
- ჩვენ სტაბილურად 2010 წლიდან ვართ ჩართული ამ საქმიანობაში. ამ მუშაობის ფარგლებში შევქმენით ორი ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი, ერთი მუშაობს 1992-93 წლების კონფლიქტზე აფხაზეთის მიმართულებაზე, მასში ქართველები და აფხაზები მონაწილეობენ, ჩვენი თავმჯდომარეობით. არის ასევე მეორე მექანიზმი, რომელშიც ოსები, ქართველები და რუსები მონაწილეობენ. იქაც ჩვენი თავმჯდომარეობით ხდება და ვმუშაობთ 90-იანი წლების და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების დროს გაუჩინარებული ადამიანების მოძიებაზე. 2011 წლიდან უკვე დაგვიგროვდა იმ ოდენობის ინფორმაცია, რომ შევძელით დაგვეწყო პოტენციური სამარხების გათხრა. ამ პერიოდის განმავლობაში სულ 508 ნეშტი იქნა მოძიებული. აქედან 180-მდე ნეშტია ამოცნობილი. ეს არის სტატისტიკა, თუმცა ჩვენთან 2300-მდე გაუჩინარებული ადამიანი დაარეგისტრირა თავისმა ოჯახმა. ამ პროგრამას ოჯახების ინტერესებიდან გამომდინარე ვახორციელებთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სხვა არსებული ფორმატებისგან განსხვავებით, ჩვენი არის მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული შინაარსის და ემსახურება მთავარ ამოცანას, უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანების ოჯახებს ბოლო-ბოლო მივაწოდოთ ინფორმაცია თავიანთი გაუჩინარებული ახლობლის ადგილსამყოფელის შესახებ. სამწუხაროა, რომ ამდენი წელი გავიდა და საუბარი გვიწევს ნეშტებზე და ნეშტის მოძიებაზე. თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, თვითონ ოჯახები გვეუბნებიან, რომ სურთ, საფლავი მაინც ჰქონდეთ შვილის, ქმრის, მამის, დედის და ა.შ. ამიტომ ჩვენი მუშაობა გულისხმობს ინფორმაციის მოძიებას, პოტენციური მოწმეების მოძებნას, რათა გვქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია შესაძლო სამარხების შესახებ. ამ დროს ყველა ნიუანსს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან ბევრ რამეს განაპირობებს, თუ რამდენად ზუსტ და აკურატულ ინფორმაციას შევაგროვებთ.
მედია დღეს ფართოდ წერს ამის შესახებ, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, თუ ჰყავთ გაუჩინარებული ოჯახის წევრი მოგვმართონ ჩვენ. ამასთან, ჩვენ ხშირად ვატარებთ ხსოვნის ღონისძიებებს. 30 აგვისტო არის უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღე. საქართველოშიც წლებია აღინიშნება ეს დღე. სანამ ჩვენ დავიწყებდით მუშაობას ამ პრობლემაზე, საქართველოში უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანების ოჯახებმა შექმნეს ასოციაცია „მოლოდინი“, რომლებმაც მართლა ძალიან დიდი საქმე გააკეთეს 90-იან წლებში. დედები თვითონ ჩადიოდნენ სოხუმში, ეძებდნენ ნეშტებს, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. ჩვენ მეცნიერულ მიდგომას ვიყენებთ, მათ შემთხვევაში კი უფრო ვიზუალური დათვალიერებით ხდებოდა ამოცნობა. დღემდე მუშაობს ეს ასოციაცია, საოცარი ადამიანები არიან იქ გაერთიანებული.
ამ პროგრამაში მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მიმართულება, ეს არის ოჯახების თანადგომის პროგრამა. ამ პროგრამას ვახორციელებდით ფსიქოლოგების მონაწილეობით. 2000-იანი წლების შუა პერიოდში, როდესაც ვიწყებდით პროექტს, ამ ოჯახების ძალიან დიდ ნაწილს შესამჩნევად ჰქონდა თვითიზოლაციის სურვილი. არ უნდოდათ ამ თემაზე საუბარი. როდესაც ჯგუფურ აქტივობებს ვატარებდით, ძალიან ბევრი უარს აცხადებდა მონაწილეობის მიღებაზე და ამ შემთხვევაში ბინაზე ვემსახურებოდით. ამ ადამიანებმა ძალიან დიდი სტრესი მიიღეს, ამხელა ტრავმით ცხოვრობენ და ბუნებრივია, უჭირთ ამაზე საუბარი. ადამიანმა არ იცის, მისი ახლობელი, ნათესავი, შვილი, ქმარი, დედა, და ცოცხალია თუ მკვდარი. ბევრს ბოლომდე სჯერა, რომ მისი ოჯახის წევრი ტყვეა. უნდათ სჯეროდეთ, რომ ცოცხალია, ამიტომ ზოგჯერ დნმ-ის ნიმუშის აღებაზე უარს აცხადებენ. ხშირად უთქვამთ, რომ დაემთხვას, მაშინ ჩვენ რა ვქნათო?
თავიდან, როცა ამ ოჯახებს შევხვდით, ვკითხეთ, რის გაკეთება სურდათ. მათ ტაძარში წასვლა მოინდომეს. ჩვენი წარმომადგენელი შეხვდა მათ და როცა ტაძარში შესულან, ბევრი შეყოვნებულა, ვერ ხვდებოდნენ, სად უნდა დაენთოთ სანთელი, მიცვალებულების მხარეს თუ ცოცხლების მხარეს. ადამიანი ან ლოცულობ ცოცხლისთვის, ან მიცვალებულისთვის, ამიტომ რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე ბევრი ამ პრობლემასაც აწყდება. 2011 წელს ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი შეხვდა მის უწმინდესობას, აუხსნა ამ პრობლემის არსი. მაშინ პატრიარქმა გასცა ლოცვა-კურთხევა და აღევლინა სპეციალური ლოცვა უგზო-უკვლოდ დაკარგულთათვის. ამან ძალიან დიდი შვება მიანიჭა დაკარგულთა ოჯახებს. ასევე ოჯახების სურვილით დაიწერა ხატი. ეს ხატი დღეს სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული, მისი ასლები - საქართველოს სხვადასხვა ტაძარშია.
ასევე ერთ-ერთი დიდი პრობლემაა სამართლებრივი საკითხი. როცა საქმე ეხება უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულებს, ქართული კანონმდებლობა სამწუხაროდ ძალიან ბევრ ხარვეზს შეიცავს. დავიწყოთ იქიდან, რომ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულის სტატუსი არ არსებობს. ამიტომ ექსპერტების ჩართულობით ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ.
- წარმოიდგინეთ, 2010 წელია, ამდენი ხნის პაუზა იყო ურთიერთობაში. ნამდვილად არ იყო, მარტივი აფხაზები, ოსები, ქართველები ყველა ერთად დაგვესვა მოლაპარაკების მაგიდასთან და მიგვეყვანა იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა ამ ჰუმანიტარულ პრობლემაზე ზრუნვა. დღეისთვის უკვე სულ სხვა სიტუაციაა, რაც ძალიან გვახარებს. მაგალითად, ორმხრივ საკოორდინაციო მექანიზმში ქართულ მხარეს წარმოადგენს შერიგების სამინისტრო, პირადად ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი მონაწილეობს. რაც შეეხება სამმხრივ მექანიზმს, იქ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ჩართული. ეს სახელმწიფომ თავად გადაწყვიტა, ვინ იქნებოდა ამ ფორმატში ხელისუფლების წარმომადგენელი. ორივე მიმართულებით ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ მოწადინებას, რომ ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრას ამ ადამიანებისთვის.
ოჯახებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდი პატივით და ღირსებით იკრძალებიან მათი ახლობლები. მოქალაქეები, სახელმწიფოს უმაღლესი პირებიც მოდიან, ესწრებიან ცერემონიას და პატივს მიაგებენ გარდაცვლილებს. 26 მარტს სამხარაულის ბიუროდან შვიდი ადამიანის ნეშტი გადავეცით ოჯახებს. ესენი არიან 2008 წლის აგვისტოს ომში დაკარგული პირები, რომლებიც თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარე სამარხში აღმოვაჩინეთ 2017 წლის ოქტომბერში. ეს საქმე ძალიან დიდ დროს მოითხოვს. სულ ვცდილობთ ოჯახებს ავუხსნათ, რომ მოძიებისა და ამოცნობის პროცესი დროს მოითხოვს. ყოფილა შემთხვევები, რომ სამჯერ, ოთხჯერ გაგვიგზავნია ლაბორატორიაში ნიმუშები, რათა დნმ-ის ინფორმაცია მიგვეღო ნეშტისგან. რაც უფრო ნესტიანია ნიადაგი, უფრო იშლება ეს ინფორმაცია. 2016-2017 წლებში მოძიებულ ნეშტებს ახლა გადავცემთ ოჯახებს, რადგან მთელი ეს პერიოდი მიმდინარეობდა იდენტიფიკაცია. ამიტომ ჩვენ მოთმინებისკენ მოვუწოდებთ ოჯახებს. ღონისძიებებზე, ან იგივე დაკრძალვის ცერემონიაზე გვიახლოვდებიან ადამიანები და გვეკითხებიან, მათ მიცვალებულზე ხომ არ ისმის რამე, გაგრაში როდის ვიწყებთ გათხრებს, რადგან მათი შვილი იქ იყო. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ადამიანურად ეს ძალიან მძიმეა. გვინდა ყველას გავცეთ პასუხი, მაგრამ ისიც გვესმის, რომ 2300 ნეშტიდან ყველას მოძებნას და ამოცნობას, სამწუხაროდ, ვერ შევძლებთ. ამიტომ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, სამარხების შესახებ იქნება ეს თუ გაუჩინარებული ადამიანების შესახებ, აუცილებლად დაუკავშირდნენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს. შესაძლოა მათი ახლობელია ის ამოუცნობი ნეშტი, რომელიც ახლა ლაბორატორიაში ინახება და ჩვენ ვერ ვახერხებთ მის იდენტიფიცირებას.
- ჩვენ ყველა შესაძლო ინფორმაციის წყაროს ვეძებთ. ერთ-ერთი მიმართულებაა ვეტერანებთან ურთიერთობა, რადგან ამ ადამიანებმა თანამებრძოლის ისტორია ყველაზე უკეთ იციან. ისინი ხშირად მოდიან ჩვენთან, მოაქვთ ფოტოები, იხსენებენ ამბებს, აღწერენ ლოკაციას, სად, ვინ და რა ვითარებაში დაკრძალეს. ყოფილ სამხედროებს, როგორც წესი, ყველაზე დიდი ინფორმაცია აქვთ, მაგრამ ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი თავს იკავებენ საუბრისგან, ბოლომდე არ იხსნებიან. ემოციურად, ადამიანურად არ არის მარტივი იმ ყველაფრის გახსენება, რაც გამოიარეს.
ამავე დროს, მინდა ყველას განვუმარტო, რომ არავითარ საგამოძიებო პროცედურებთან კავშირი არ გვაქვს. ამის უფლებას გვაძლევს როგორც საერთაშორისო კანონმდებლობა, ისე ეროვნული კანონმდებლობა. შესაბამისად, ჩვენ არა გვაქვს უფლება რაიმე საგამოძიებო პროცესებში ვიყოთ ჩართული. ამას ჩვენი პროგრამა არ ემსახურება. მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტურად კონფიდენციალური, ჩვენ არასოდეს არ ვასაჯაროებთ ინფორმაციის წყაროსა და მის მონაცემებს.
- სამწუხაროდ, არა. ყველაფრის მიუხედავად, არ არის იმ რაოდენობის მომართვიანობა რაც რეალურად უნდა იყოს.
- ჩვენს ორგანიზაციას 80-მდე ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ 80 ქვეყანაში არის შეიარაღებული კონფლიქტი ან პოსტკონფლიქტური სიტუაცია. ჩვენი მანდატი გულისხმობს საომარი კონფლიქტების ზონაში და კონფლიქტის შემდგომ სიტუაციებში მუშაობას. 90-იან წლებში სამხრეთ კავკასია იყო ყველაზე რთული ზონა. საბედნიეროდ, დღეს ჩვენთან უფრო სტაბილურად არის სიტუაცია. თუმცა კონფლიქტი გადაწყვეტილი მაინც არ არის. მაგრამ თუ აიღებთ ისეთ კონფლიქტებს, როგორიც არის იემენი, სირია, ლიბია, ავღანეთი, რა თქმა უნდა იქ ძალიან რთული სიტუაციაა ჰუმანიტარული კუთხით. შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაციისთვის თანამედროვე მსოფლიოს ეს ცხელი წერტილები ყველაზე დიდი გამოწვევაა.
მერი ბლიაძე