"ამ პატარა საქართველოში სხვანაირი ქართველობა იციან, ერთის წარმატება ყველას წარმატებაა, ყველა ამაყობს ქართველობით" - ქართველი გოგონა ფერეიდანში მიღებულ საოცარ შთაბეჭდილებებზე
"ამ პატარა საქართველოში სხვანაირი ქართველობა იციან, ერთის წარმატება ყველას წარმატებაა, ყველა ამაყობს ქართველობით" - ქართველი გოგონა ფერეიდანში მიღებულ საოცარ შთაბეჭდილებებზე
ტყუილად არ ჰქვია აქ სოფლებს მარტყოფი, ბოდბე, მაჭახელა, კახაბერი, ცივია. ფერეიდანში მდებარე ეს სოფლები 400 წლის წინ, საქართველოდან გადასახლებული გურჯებით არის დასახლებული.... მამაპაპური კავი და გუთანი, ნალიე და თონე, მისალმება და დალოცვა, აქ ყველაფერი ქართულია, მხოლოდ მოლა და მეჩეთი ეუცხოება თვალს. გასული წლების, საუკუნეების მიუხედავად ფერეიდნელმა ქართველებმა კარგად იციან ქართული ისტორიის, ტარდიციების, ენის და ზოგადად ქართველობის ფასი. იქაურ გურჯებ, აქაურ გურჯებ სიხარულით ელიან, შინ პატიჟებენ, გულში იკრავნ და თუ ჩვენ
ვეღონეთ, ისენიც ეღონებიან. მარიამ მისაბიშვილი სულ ახლახან დაბრუნდა ირანიდან, სადაც ფერეიდნელი ქართველები მოინახულა. ძნელია ცრემლის გარეშე წაიკითხო ამბავი, რომელსაც მარიამი მოგვითხრობს.

– პროფესიით მთარგმნელ-თარჯიმანი ვარ. ჩემი ყველაზე დიდი გატაცება მოგზაურობაა. რაც კი რამე რესურსი გამაჩნია, ყველაფერს მოგზაურობაში ვხარჯავ. 2013 წლიდან დავიწყე მოგზაურობა და ჯერჯერობით სტაბილურად, წელიწადში ორჯერ ვმოგზაურობ საზღვარგარეთ, ხოლო ზაფხულის დღეებს აუცილებლად ვუთმობ საქართველოში მოგზაურობას.

mshoblebi
მარიამ მისაბიშვილი

– სულ ახლახან იყავით ფერეიდანში. რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდით იქიდან?

– ირანში მოგზაურობა დიდი ხანია მინდა, მაგრამ აქამდე ვერავინ ავიყოლიე. სრულიად შემთხვევით იაფფასიან ბილეთებს წავაწყდი და ფრენამდე ზუსტად ორი დღით ადრე გადავწყვიტე ჩემს დასთან ერთად წასვლა. ზოგადად ძალიან მომზადებული მივდივარ სამოგზაუროდ, დეტალურად მაქვს დაგეგმილი მარშრუტი, ვეცნობი ისტორიას და

ა.შ., მაგრამ ირანის ტური ისეთი სპონტანური იყო, რომ ვერაფერი მოვასწარი. პირველად იყო, პანიკურად შემეშინდა ფრენის. თვითმფრინავი რომ აფრინდა, მაშინ გავიაზრე, სად მივდიოდი და ყველაფერი ცუდი წარმოვიდგინე. თან არავინ გვხვდებოდა, რამე რომ მომხდარიყო, ნაცნობიც კი არ მყავდა ირანში. მაგრამ აეროპორტში გამოსვლისთანავე მივხვდი, რომ ძალიან კარგ ადგილას მოვხვდით. გავეხვიეთ თავსაბურავებში და გავერიეთ ალადინის სამყაროს. გაგიკვირდებათ, იმდენად განვითარებულია ირანი, ხალხი კი მეგობრული. საოცარი არქიტექტურა და კულტურა აქვთ. ჩემდა სამწუხაროდ, ირანელების მიმართ სტერეოტიპებით ვიყავი სავსე, მაგრამ ძალიან მეგობრული და კეთილგანწყობილი ერი აღმოჩნდა. ირანი განებივრებული არ არის ტურისტებით, ჩვენ გარდა ტურისტი არც გვინახავს. ალბათ სწორედ ამიტომ, ხალხში დიდ ინტერესს ვიწვევდით. მოდიოდნენ, უბრალოდ გვეცნობდნენ, გვეკითხებოდნენ, რამე ხომ არ გვჭირდება და ოჯახებში გვეპატიჟებოდნენ. სწორედ ირანელი დაგვეხმარა ფერეიდანში მოხვედრაშიც. ზუსტად სად უნდა წავსულიყავით, ისიც არ ვიცოდით. მან გამოიკითხა, სად ჯობდა ჩვენი ჩასვლა (ვინაიდან ფერეიდანშიც არავის ვიცნობდით), ტაქსი მოგვიძებნა და გაგვიშვა.
ფერეიდანმა წარუშლელი და აღუწერელი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე.
შეუძლებელია აქაური ემოციების აღწერა. აქ შენი ქართველობით ვერავის გააკვირვებ, იმიტომ, რომ ყველა ქართველია. პირველივე მაღაზიაში შესულმა მოხუც კაცს ხელით ვანიშნე, გურჯები სად არიან-თქო. გაკვირვებულმა მიპასუხა - ქართველები? მე ვარ ქართველი, აქ ყველა ქართველია.
იქ ყველა გურჯია და სიხარულს ვერ მალავენ, როცა იგებენ, რომ მათ სანახავად საქართველოდან ჩამოსული ქართველი ხარ. ამ პატარა საქართველოში არავინ იპარავს, არავინ ცრუობს, ყველა ალალია, ყველა ამაყობს ქართველობით.  სანამ ჩვენ კომპანიებს „თრეველ ეიგენსებს“, „ლინგვო ჰაუსებს“ და „კოფი ბინებს“ ვარქმევთ, აქ ყველაფერს ქართული სახელი და წარწერა აქვს.
mshoblebi
მანქანებზე წარწერებია: საქართველო სამშობლო, დედის ენის დამვიწყებელს დამმარხველი არა ჰყავს; შენ მიწა ხარ, მე ცა ვარ, შენ იყავ და მეცა ვარ. 
სახლის შესასვლელი კარების თავზე წერია: რაცა ვის რა ბედმა მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს... და მრავალი სხვა. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ეკრძალებოდათ, ქართულად წერა-კითხვა მაინც შეინარჩუნეს.
სანამ ჩვენ „ლიჟბი აქედან წავიდეთ“ ფიქრებში, ემიგრაციის მეორე დღესვე ვივიწყებთ ქართულად საუბარს, შაჰ-აბასის მიერ 400 წლის წინ ჩამოსახლებულებმა უკვე მე-17 თაობამ შეინარჩუნა ქართული ენა, ჩვენგან განსხვავებით, რუსული და ინგლისური კალკებისა და ტრიპაჩული სიტყვების გარეშე. გული გაგიჩერდებათ, ამათ რომ მოუსმენთ, ესენი სკოლაჩი დადიან და ბაღჩი ხილი აქვთ, ზოგი შუღლშია (ომში) ნამყოფი, პაპიროსს ეზიდებიან (ეწევიან). საქმე ვაგლახია, თუ ქართველი ერთი დღე დაუთმობ ფერეიდანს და 3 დღეს ისპაჰანს (ეს ჩვენ მიმართ შენიშვნა).
mshoblebi
აქ ყველას და ხარ. არ იციან პატივი როგორ გცენ და უნდათ ყველას გააგებინონ, რომ საქართველოდან ჩასული ქართველია მათთან. ბევრჯერ შემოგთავაზებენ წაიდეთ შინაო და დამშვიდობებისას აუცილებლად გეტყვიან, ღმერთს ებარებოდეო. აქ ნახვამდის არ იციან, აქ ღმერთს ებარებოდეთი ემშვიდობებიან ერთმანეთს. შემოსულ უცხოელებს, რომლებმაც ხელი შეგვიშალეს საუბარში მიაწყევლეს, მიწა ვამტერეო (ანუ მიწა დავაყარეო) და ჩვენ მოგვიბრუნდნენ, თუ თქვენ ეღონოთ, მეც ვეღონებიო.
მიხდი, საქართველოში მოიდა, შაქმნილა, თავს გადიოდა, ქიშპობენ, ორ ათი, დედაკაცი, ყმაწვილი, გუუხარდა, დაღალული ხარ, გეძინებიან, ნამაი ყორი (კარგი გოგო) - ფერეიდნული ლექსიკონის მცირე ამონაწერი.


– ყველაზე ემოციური და გულისამაჩუყებელი რა მომენტი იყო თქვენთვის?

- ვთვლი, რომ ძალიან არაემოციური ადამიანი ვარ, ზედმეტადაც კი, მაგრამ ფერეიდანში ემოციებს ვერ შეიკავებ. ყველა ვტიროდით, ჩვენ,  ჩასულები და ისინი, დამხვდური ქართველებიც. ვერ წარმოიდგენთ, როგორი ყურადღებიანები და მზრუნველები არიან. სრულიად უცხო ადამიანები გვეპატიჟებოდნენ სახლებში, შეწუხებულები გვირეკავდნენ, აქამდე როგორ ვერ გაიგეს, ირანში თუ ვიყავით და როგორ შეიძლება ქართველი ირანში ჩავიდეს და სასტუმროში დარჩეს. ისპაჰანში დაბრუნებიდან მეორე დღეს ირანული ნომერი მირეკავს, ძალიან გაკვირვებული ვპასუხობ, იქედან ქართული მესმის - მარი, მამუკა ვარ ფერეიდნიდან, შირაზს დიდ წყალი მოიდა და ნუ წახვალთ ხვალ. გვახსომდა, რომ სთქვით შირაზს მივალთო და გიდარდეთ, ნუ მიხვალო. იგივე ტექსტით კიდევ რამდენიმე ადამიანი შემეხმიანა, რომლებიც თვალითაც არ მყავდა ნანახი და ინსტაგრამზე გამეცნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ირანში მყოფი ქართველი, ანუ უკვე მათიანი ვიყავი.
აქ სხვანაირი ქართველობა იციან, ერთის წარმატება ყველას წარმატებაა, ყველა ამაყობს, ყველა გულშემატკივრობს. თეირანში ჩასული მოჭიდავეების საგულშემატკივროდ ფერეიდნიდან სამი ავტობუსით ჩასულან და ყველა ერთად გაუმარჯოს ვყვიროდითო, ირანელები გაგიჟებულები იყურებოდნენ, ან რას ყვირიან, ან ვის გულშემატკივრობს ამდენი ერთადო.
ირანელები პატივს გვცემენ, რადგან ჩვენ არ ვიპარავთ, არ ვიტყუებითო. აქაური ქართველი ცუდ საქციელს არ ჩაიდენს, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველობა არ შეარცხვინოს, არ ვიზამთ იმას, რაც ქართველ კაცს არ ეკადრებაო.


– არაერთ ადამიანთან გქონდათ შეხვედრა, ურთიერთობა, რას ამბობენ, როგორია მათი თვალით დანახული საქართველო?

– სამწუხაროდ, ძალიან, ძალიან განსხვავდება მათი თვალით დანახული და რეალური საქართველო. მათ სჯერათ, რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ და სამოთხე საქართველოა. მათ წინაპრებს სჯეროდათ, რომ თუ ცისარტყელის ქვეშ გაივლიდნენ, საქართველოში დაბრუნდებოდნენ. სჯერათ, რომ ჩვენ ყველა ერთად ბედნიერად ვცხოვრობთ, სადაც არ არის ღალატი, ტყუილი და სადაც ყველა ერთნი ვართ. ყველა ფერეიდნელის ოცნება საქართველოში დაბრუნებაა. არ ვიცი, რომელზე უფრო უნდა დაგვწყდეს გული, ფერეიდნელ ქართველზე, რომელმაც სიცოცხლეში ვერ ნახა ნანატრი საქართველო, თუ ის, რომელიც ნახავს და სხვა რეალობა დახვდება.

mshoblebi

– რას ყვებიან, როგორ ახერხებენ ქართული ენის, ქართული სულის, საქართველოს სიყვარულის შენარჩუნებას? მათ სიყვარულმა ხომ საუკუნეებს გაუძლო...

– ალბათ არც ერთ ჩვენგანს არ გვიყვარს და გვეამაყება ჩვენი ქვეყანა ისე, როგორც იქ უყვართ. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, 80 წლის მოხუციც და 5 წლის ბავშვიც შემოგვხაროდა და ქართულად გვესაუბრებოდა. ერთ-ერთ ოჯახში ძალიან მოხუცებული ბებო დაგვხვდა, რომლის ოცნებაც საქართველოს ნახვა ყოფილა. ბებოს ყურთასმენა ძალიან დაქვეითებული ჰქონდა და ოჯახის წევრებმა ყვირილით ძლივს გააგებინეს, რომ ჩვენ საქართველოდან ჩასულები ვიყავით, ბებომ ყველაზე გულიანი ღიმილით გაგვიღიმა და ტირილი დაიწყო.
ოჯახის წევრმა მოგვიყვა, რომ როცა ბებო პურს აცხობდა, ხელით ჯვარს სახავდაო, არადა უკვე ბევრი თაობაა მუსულმანები არიან. რომ უკითხავთ, რატომ სახავ ჯვარსო, არ ვიცი, უბრალოდ მახსოვს, რომ დედაჩემიც ასე აკეთებდაო. დღემდე ჯვარგამოსახული პური ცხვება მუსულმანურ-ქართულ ოჯახში. იგივე ოჯახში 5 წლის გოგონა დამშვიდობებისას მაგრად ჩამეხუტა და შენ გენაცვალეო, მითხრა. მართლა არ ვიცი, როგორ ახერხებენ ამდენი სითბოს და სიყვარულის დატევას.


– კიდევ დაბრუნდებით ფერეიდანში?

– აუცილებლად დავბრუნდები. ირანი მე-16 ქვეყანა იყო ჩემთვის და ერთად აღებულ თექვსმეტივე ქვეყანაში არ მიმიღია იმდენი ემოცია, რამდენიც ერთ პატარა ფერეიდუნ-შაჰრში. მგონია, რომ ჩვენი ვალია ვიცოდეთ ამ ხალხის შესახებ და სხვა თუ არაფერი, შორიდან მაინც ვუფასებდეთ აქამდე შემონახულ ტრადიციებს და საქართველოსადმი სიყვარულს.

მერი ბლიაძე
2472
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ქეთინო
0
ძალიან სამწუხაროა რომ რამდენიმე ოჯახი უკან დაბრუნდა, ვერ მივიღეთ ისე , როგორც საჭირო იყო, რაკი მუსულმანები იყვნენ ქართველებადაც არ თვლიდნენ
01:22 / 21-04-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?