მუსიკოსი, რომელმაც მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი ერთი საქმის ირგვლივ გააერთიანა
მუსიკოსი, რომელმაც მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი ერთი საქმის ირგვლივ გააერთიანა
რამდენიმე წლის წინ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, მუსიკის პედაგოგ ნინო ჯულაყიძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ვოკალური ანსამბლი „უნისონი“ . თითქოს ამ ამბავში განსაკუთრებული არაფერია, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ესაა სივრცე, რომელიც მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს ერთი საქმის ირგვლივ აერთიანებს. დიახ, „უნისონში“ ერთმანეთის გვერდით მღერიან თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები. გარდა იმისა, რომ ამ საქმით ისინი ხელოვნებას ემსახურებიან, ამით კიდევ უფრო მყარდება ის ჯაჭვი, რომელიც წარმატებული სასკოლო ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია. ალბათ დაინტერესდებით,
ვინაა ნინო ჯულაყიძე, საიდან გაუჩნდა ეს იდეა და როგორ ჩააბა საქმეში სხვადასხვა ასაკის, მაგრამ მუსიკაზე შეყვარებული ადამიანები.

- ჩემი მუსიკისადმი სიყვარული ოჯახიდან მოდის. ჯულაყიძეების გვარი იმერეთში ფოლკლორის შემნახველებად ვართ ცნობილნი. მუსიკა თავიდანვე ჩემი ცხოვრების მეგზური იყო და პროფესიადაც გავიხადე, კონსერვატორიაში თეორიული და საგუნდო მუსიკა შევისწავლე. საბედნიეროდ, დიდ მუსიკოსებთან მომიწია ურთიერთობამ - გია ყანჩელი, ჯანო კახიძე, ავთო ჩხენკელი, შალვა მოსიძე და ა.შ. მათ კვალს და გამოცდილებას ფუჭად ნამდვილად არ ჩაუვლია, ამ დიდმა სკოლამ
და გენეტიკურად ბოძებულმა კარგმა „ყურმა“ თავისი შედეგი გამოიღო, - ამბობს ქალბატონი ნინო. მისივე ნაამბობის თანახმად, ჯერ კიდევ ბნელ 90-იან წლებში, როცა ქვეყანაშიც უმოქმედობა და გაჭირვება იყო, ქვემო ფონიჭალის სკოლაში დაიწყო მუშაობა და ძალიან დიდ შედეგებს მიაღწია ბავშვებთან.

mshoblebi

- იმ პერიოდში ქალაქის ცენტრში არსებულ სკოლებში უფრო შეინიშნებოდა „მოძრაობა“, გარეუბნებში კი ძალიან მძიმე ვითრება იყო. ეს ბავშვები მოწყვეტილი იყვნენ ყველაფერს, არ იცოდნენ რა იყო ლიფტი, იმ წლებში თბილისში მარტო მეტრო მუშაობა, მათ კი ამასთან შეხება არ უწევდათ. ბავშვები მეხვეწებოდნენ, მასწავლებელო, მეტროთი გაგვასეირნეთ სადმეო, სრულიად იზოლირებულ მდგომარეობაში გალხდნენ. თუმცა, უნარებით არავისზე ნაკლები არ იყვნენ. სიყვარული, ინტერესი და ერთგულება დიდი ჰქონდათ, რამაც მე საკუთარი თავის რწმენა და ძალა მომცა. ზუსტად ამის შედეგი კი იყო ის, რომ 2 თვე-ნახევარში გავაკეთეთ მუსიკალური სპექტაკლი. გენერალური რეპეტიცია რომ ვაჩვენე სკოლის დირექტორს, საკუთარი სახსრებით იყიდა ცელოფნები კედლების ხარვეზების დასამალად და მუხლებზე დამდგარი, საკუთარივე ხელებით აწებებდა გამოჭრილ ვარსკვლავებს გასალამაზებლად, მისი მოადგილე კი იჯდა და ფარდებს კერავდა. მერე მოხდა ისე, რომ დეპუტატმა ინსტურმენტი გვაჩუქა, ვიღაცამ - ფარდა, ვიღაცამ - მაგნიტოფონი და ასე ნელ-ნელა აიკინძა ყველაფერი. იმ სკოლიდან რომ წამოვედი, პეტრიაშვილზე გერმანულ სკოლაში გადავინაცვლე, სადაც 8 წელი ვიმუშავე. კარგად მახსენდება ის პერიოდიც, სკოლის სპეციფიკაც კარგად ავითვისე. თავიდან ვთვლიდი, რომ ვიყავი მუსიკოსი და მასწავლებლობა ჩემთვის იყო დამატებითი საქმე, მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ პედაგოგობა უფრო მნიშვნელოვანია, უბრალოდ, მუსიკოსობა საშუალებაა, რომ იყო მასწავლებელი. შემდეგ მოხდა ისე, რომ ჩემი ყოფილი თანაშრომელი კლასიკური გიმნაზიის დირექტორად დანიშნეს და მან წამომიყვანა ამ სკოლაში, სადაც უკვე 12 წელია ვმუშაობ. ოთახი, სადაც ახლა ბავშვებს ვამეცადინებ, ადრე საწყობი იყო, დირექტორს ისე უნდოდა, რომ ჩემი საქმე მეკეთებინა, გაატანინა ყველაფერი, მოაწესრიგა აქაურობა და მეც მუშაობას შევუდექი... 
შემდეგ იყო მის შემოქმედებით ცხოვრებაში მცირე შესვენება, რომლის შემდეგაც სკოლაში დაბრუნდა და ჩამოაყალიბა „უნისონი“.
- ვფიქრობ, რომ ჩართულობაც და გაერთიანებაც მუსიკის მიმართ ინტერესის და სიყვარულის დამსახურებაა. იყვნენ ისეთები, ვინც სცენაზე აქამდე არ მდგარა, ვისაც ბავშვობის შემდეგ არ ჰქონია საშემსრულებლო გამოცდილება, ისეთებიც, ვინც მუშაობენ სხვა მიმართულებით და მუსიკასთან შეხება არ ჰქონდა, მაგრამ ყველა მათგანს უყვარდა და აინტერესებდა მუსიკა და ამან მოიყვანა ჩვენამდე. მშობელი, მასწავლებელი, ბავშვი - ყველას თავისი პოზიცია და „მიზეზი“ აქვს, აკეთოს საყვარელი და ამავდროულად საერთო საქმე.

mshoblebi
ციცი ომანიძე

2110
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?