ბოლო წლებში ბიოჰაკინგი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს არის ერთგვარი სამკურნალო ტაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ინდივიდუალური შესაძლებლობების გაუმჯობესებას. ადამიანები აანალიზებენ პროცესებს, რაც მათ ორგანიზმში ხდება და იწყებენ სხვადასხვა დიეტის დაცვას, სხვადასხვა პრეპარატის მიღებას და ვარჯიშს, რათა უფრო ხანგრძლივად იცოცხლონ.
ბიოჰაკინგი ძვირი სიამოვნებაა, ბოლო დროს მასთან დაკავშირებით ხშირად ისმის მედიაში ახალგაზრდა მეწარმეებისა და გამომგონებლების სახელები. ერთ-ერთი მათგანი სოციალური ქსელის, Twitter-ის შემქმნელი, 42 წლის ჯეკ დორსია. აპრილში ჯეკი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბიოჰაკერს ბენ გრინფილდს ეწვია და სხვებს საკუთარი ცხოვრების წესი გაუზიარა.
მომხმარებელთა უმეტესობა შოკირებული იყო იმით, რაც წაიკითხა. დორსი მიიჩნიეს შეშლილად და სთხოვდნენ მას, შეეცვალა საკუთარი ცხოვრების წესი. თუმცა Twitter-ის დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ ასეთი პრაქტიკა და მსგავსი ცხოვრების სტილი ხელს შეუწყობს მისი სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესებას და კარგ ფორმაში ყოფნას.
პირველი, რასაც ჯეკი აკეთებს, ეს მედიტაციაა 2 საათის განმავლობაში, ყოველდღიურად. მისი თქმით, ეს ეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში და გარე სამყაროს ხმაურის შემცირებაში. სამსახურში მხოლოდ ფეხით დადის, მიუხედავად ამინდისა. სავალი გზა ორივე მიმართულებით დაახლოებით სამ საათს შეადგენს.
ცოტ ხნის წინ მან მიიღო ინფრაწითელი საუნა. საუნაში ორთქლის ნაცვლად გამოიყენება ინფრაწითელი გამოსხივება, რომელიც სხეულს, როგორც სითბო, ისე ხვდება. ჯეკი მიიჩნევს, რომ ამ მეთოდით მავნე ზემოქმედებისაგან იცავს ორგანიზმს და 15 პროცენტით აუმჯობესებს მის ფუნქციონირებას.
ასევე, დორსი სპორტდარბაზებში ვარჯიშში დროს არ ხარჯავს. ის ველოსიპედით ვარჯიშს ამჯობინებს. ამის გარდა, ყოველ დილას ყინულის აბაზანით იწყებს და საღამოობით 15 წუთს ატარებს საუნაში 105 გრადუს ტემპერატურაზე. შემდეგ სამი წუთი ისევ ყინულის აბაზანას იღებს. ამ პროცედურას ის დღეში სამჯერ ატარებს.
ჯეკი მხოლოდ ერთხელ ჭამს დღის განმავლობაში, საღამოს შვიდი საათიდან ცხრა საათამდე შუალედში. ჩვეულებრივ, ჭამს თევზს ან ქათმის სალათს, ასევე კომბოსტოს. დესერტად კი იღებს მხოლოდ კენკრას ან შავ შოკოლადს. ხანდახან Twitter-ის ხელმძრვანელი თავს წითელი ღვინის დალევის უფლებას აძლევს. თუმცა, პარასკევსა და შაბათს არაფერს ჭამს, მხოლოდ კვირა საღამოს მიირთმევს მსუბუქ ვახშამს.
ბოლო პუნქტმა კი განსაკუთრებით აღაშფოთა სოციალურ ქსელში ადამიანები. ჯეკმა აღნიშნა, რომ შიმშილისგან თავიდან ჰალუცინაციები ჰქონდა, შემდეგ კი უკეთესად გააგრძელა მუშაობა.
მომხმარებლები დარწმუნებულები არიან, რომ ადრე თუ გვიან ჯეკი აუცილებლად შეიქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს, თუ უკვე არ შეჰქმნია. ადამიანები თვლიან, რომ ეს ბიოჰაკინგის არასწორი პროპაგანდაა, ყოველ შემთხვევაში - ჯეკ დორსის ვერსია ასეთია.
სხვათა შორის, შიმშილია ის პუნქტი, რაც ბიოჰაკინგის დიდ კრიტიკას იწვევს. გარდა იმისა, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ასევე - ორგანიზმში გარკვეული ნივთიერებების ნაკლებობა. ასევე, ბიოჰაკერები იყენებენ სხვადასხვა მედიკამენტს, რათა ორგანიზმში არსებული დანაკლისები შეავსონ.
როგორც ნებისმიერი უკიდურესობა, ბიოჰაკინგიც საკმაოდ საშიშ შედეგებამდე შეიძლება მივიდეს. ბევრმა ინტერნეტმომხმარებელმა ურჩია მილიარდერს, დატკბეს თავისი ფუფუნებით და ნუ ირთულებს ცხოვრებას ჩვეულებრივი წამებით. ზოგმა კი ისიც აღნიშნა, რომ ასეთი ცხოვრების წესით 150 წლის ნაცვლად, ჯეკმა შეიძლება სიცოცხლის ის დღეებიც შეიმციროს, რაც ღმერთმა უბოძა.