ეს ქართველი ქალები თავის დროზე მსოფლიომ გაიცნო. რამდენიმემ ჰოლივუდის ვარსკვლავობაც მოახერხა და ზოგიერთი მათგანი ჰოლივუდში გაცილებით უფრო პოპულარული იყო, ვიდრე საქართველოში. ზოგის სახელი კი დღესაც უცნობია ბევრისთვის მათ სამშობლოში. მერი შერვაშიძის ფრანგული წარმატებისა და კოკო შანელთან თანამშრომლობის შესახებ ბევრი დაწერილა და ამერად მას არ შევეხებით.
ამჯერად ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ, თუმცა საკმაოდ წარმატებულ ქალებს გავიხსენებთ.
მარიამ დ'აბო
ბრიტანელმა მსახიობმა სახელი ჯეიმს ბონდის გოგონას როლით გაითქვა - ტიმოთი დალტონთან ერთად ითამაშა ამ საკულტო ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში. შემდეგ "პლეიბოისთვის" გადაიღეს და საკმაოდ პოპულარული იყო ინგლისში. დღეს უკვე 59 წლისაა, ისევ ინგლისში ცხოვრობს და კვლავ თამაშობს ფილმებში.
თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მარიამს ქართული ფესვები აქვს. საქმე ისაა, რომ ბაბუამისი ცნობილი ქართველი გენერალი გიორგი კვინიტაძე იყო.
კადრი ფილმიდან მარიამ დ'აბოს შესრულებით:
ქართული წარმომავლობის ვარსკვლავი მარიამ დაბო 'ჯეიმს ბონდის' მორიგ ეპიზოდში
თამარა თუმანოვა
თამარას დედა, ევგენია დიმიტრის ასული თუმანიშვილი ხელთუბნელ თავად თუმანიშვილთა შთამომავალი იყო. 1918 წელს ევგენია მეუღლესთან — რუს სამხედრო კონსტანტინე ზახაროვთან ერთად წავიდა საქართველოდან. გზად ქმარი გარდაეცვალა ინფექციისგან და მარტო დარჩა. რუსეთში მოუწია მშობიარობამ 1919 წელს - გაუჩნდა გოგონა, რომელსაც საკუთარი გვარი მისცა - თუმანიშვილი. მოგვიანებით ეს გვარი თამარამ თუმანოვად გადაიკეთა - ეს იყო ცნობილი ბალერინისა და მსახიობის ცენური ფსევდონიმი.
რამდენიმე ქვეყანაში ემიგრაციის შემდეგ თამარა პარიზში აღმოჩნდა. აქ დაიწყო მისი, როგორც ბალერინის დიდი კარიერა, რასაც მოგვიანებით კინოროლებიც მოჰყვა. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი როლი გრეგორი პეკთან ერთად ითამაშა.
კადრი ფილმიდან, რომელშიც თამარა თუმანოვა გრეგორი პეკს უწევდა პარტნიორობას:
თამარა თუმანოვა (თუმანიშვილი) ფილმში გრეგორი პეკთან ერთად
ეთერ ფაღავა
ბალერინა და ქორეოგრაფი 1932 წელს დაიბადა პარიზში, თუმცა არასდროს დავიწყებია ქართული ფესვები. არაერთხელ ჩაუტარებია საქველმოქმედო კონცერტები მშობლიური ქვეყნის ხალხის დასახმარებლად.
ნოე ჟორდანიას შვილიშვილი იყო - მამა ლევან ფაღავა გახლდათ, დედა კი ნოეს ქალიშვილი ასმათი.
6 წლიდან იდგა სცენაზე და უამრავი თეატრის ბალერინა იყო. დღესაც აქტიურად ატარებს მასტერკლასებს ახალგზრდა ბალერინებისთვის.
იხილეთ ეთერ ფაღავას მასტერკლასი
Extrait de masterclasse Ethery Pagava (82 ans...) 5 juillet 2014 - Stage international de danse classique de Paris - Micadanse from Jean Daissi on Vimeo.
მიკი ივერია
გაიანე მიქელაძე, რომლის სცენური სახელი მიკი ივერია იყო, ასევე თავადური წარმომავლობის ქართველი იყო. მას პრინცესა გაიანესაც ეძახდნენ. დედის მხრიდან ივან აივაზოვსკის შვილთაშვილი გახლდათ.
თბილისში 1910 წელს დაბადებული გაიანე ძირითადად ლონდონში მოღვაწეობდა, იქვე გარდაიცვალა 1994 წელს.
საკმაოდ მდიდარი სამსახიობო ბიოგრაფია ჰქონდა და მსახიობთა წრეში დიდ პატივს სცემდნენ.
მარია მერიკო
მარია მერიკო (მარია ალიხანაშვილი), რომელიც ასევე საქართველოში დაიბადა, მშობლებთან ერთად საფრანგეთში აღმოჩნდა ჯერ კიდევ სამი წლისა. კინოსა და თეატრის ძალიან წარმატებული მსახიობი იყო.
მის ყველაზე დასამახსოვრებელ როლად იქცა ალექსანდრ დიუმას რომანის "გრაფინია დე მონსოროს" ეკრანიზაშიაში შესრულებული ეკატერინე მედიჩის როლი. გარდა ამისა, მარია მერიკო შესანიშნავი მომღერალი იყო.
ეს კი მარია მერიკოს სიმღერა, ქართველ ემიგრანტებთან ერთად. პარიზი, 1949 წელი. მღერიან მარია მერიკო ალიხანაშვილი, ვერა ფაღავა, ვიქტორ ხომერიკი და ალექსანდრე ბადურაშვილი.
მარია მერიკო (ალიხანაშვილი) ქართველ ემიგრანტებთან ერთად მღერის
ელენე სატინი-სხირტლაძე
ელენე სატინი (სხირტლაძე) ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა ჰოლივუდში წასულ ქართველთა შორის.
1987 წელს თბილისშია დაბადებული და აქვე დაიწყო სამსახიობო და საცეკვაო ხელოვნებით მისი გატაცება. მოგვიანებით კი დედასთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა, სადაც გაიარა სამსახიობო სკოლა.
ელენე საკმაოდ წარმატებული მსახიობია. ის ჩნდება ცნობილ ამერიკულ სერიალებში - "დეტექტივი რაში", "ჯადოსნური ქალაქი". ხშირად ხვდება ყველაზე სექსუალურ და ლამაზ ქალთა სიაში.
ცოტა ხნის წინ იქორწინა ამერიკელ მუსიკოს ტაისონ რიტერზე.
ელენეს სახელი გაუთქვა ასევე სერიალებმა ''სმოლვილის საიდუმლოებები'', სურათმა ''მეექვსე თოფი'', ასევე ადამ სანდლერსა და ჯენიფერ ანისტონს გაუწია პარტნიორობა ფილმში ''ითამაშე ჩემი ცოლი'' და ჯასტინ ტიმბერლეიკთან ერთად შეასრულა როლი ფილმში ''დრო''.
იხილეთ ელენეს სიმღერა:
ელენა სატინი-სხირტლაძის სიმღერა