ეს წლი-ნახევრის სესეს ამბავია, რომელიც ერთი თვის წინ ჩვეულებრივად ცხოვრობდა, თამაშობდა, ცელქობდა... თუმცა ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. პატარა სესეს აღმოაჩნდა პნევმონიის დაუდგენელი ფორმა, კლებსიელას ბაქტერია და სეფსისი. ის თურქეთში ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა და ძვირად ღირებულ მკურნალობას საჭიროებდა.
თურქეთში ჩასვლის შემდეგ სესეს დედამ, ინა იმედაშვილმა ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
"მადლობა - უკვე ისეთი ბანალური სიტყვა გახდა, რომ ვერც კი შემოგკადრებთ იმ ადამიანებს, ასე რომ იბრძვით სესესთვის.
ხანდახან მგონია, რომ აი, გამოვიღვიძებ და ეს კოშმარული სიზმარი გაიფანტება, გვერდზე გავიხედავ და ჩემს ოქროსთმიან ბიჭს ისევ ჩემს გვერდით ეძინება მშვიდად, ავარდისფრებული ლოყებით და გრძელი წამწამებით. მერე ავდგები და ნაზად ვაკოცებ, თან ჩავჩურჩულებ რომ ძალიან მიყვარს.
ჰო, მიყვარს რაღაც არაამქვეყნიურად, სულ მეშინოდა, ასეთი სიყვარული რას მოიტანდა.
ვუყურებდით მე და მამამისი და ვხვდებოდით, რა არის და როგორია ბედნიერება, სიყვარული, სიხარული.
ჰოდა, ახლა მათ ნაცვლად ჩემკენ სასოწარკვეთილება, სევდა და ცრემლები მოიწევენ. ჩემს მზეს ბნელი ეპარება და დგება მომენტი, როცა ძალები აღარ მაქვს, უკან გავაგდო და სინათლე სიბნელისგან გადავარჩინო.
ვებრძვი სასოწარკვეთას, უიმედობას. სულ მცირე იმედს ვებღაუჭები, თუნდაც სესეს ავარდისფრებულ ტუჩებს.
ეს ორი კვირაა, ყოველდღე გულში ხანჯლებად მერჭობა ექიმების სიტყვები, რომ ყველაფერს ველოდო, რომ ძალიან მძიმეა, რომ, რომ, რომ...
ვდგავარ, ვუსმენ და ვგრძნობ როგორ ვიფლითები, ვიშლები ნაწილებად, ჩემი შემადგენელი ნაწილაკები როგორ შორდებიან ერთამანეთს და სადაცაა გავქრები და აღარ ვიქნები.
აი, ეს კი იდეალური იქნებოდა, მაგრამ ჯერ არა ჯერ სესესთვის უნდა გავიღო სისხლის უკანასკნელი წვეთი.
ამ დღეებში მიფიქრია ყველაფერზე, წარმომიდგენია ყველაფერი, მიტირია, მიბღავლია, მითხოვია, მილოცია - ისე როგორც არასოდეს.
როცა მითხრეს, რომ სესეს გადარჩენის ერთი პროცენტი არსებობდა, აი, ამ ერთ პროცენტს ჩავეჭიდე და აღარც გავუშვებ, გამორიცხულია ჩემი პატარა უფლისწული უნდა გადარჩეს, მისი ვარდების პლანეტაზე წასვლის დრო ჯერ არ დამდგარა.
ეგოისტი ვარ, საშინლად ეგოისტი, არ გავუშვებ, ან მეც გავყვები.
ძალიან ძლიერი ყოფილა ჩემი ბიჭი, ჩემი მოციცქნული სიხარული, იბრძვის, იბრძვის რაც შეუძლია, მეტი რა ქნას რომ დედიკოს ჩაეხუტოს.
ღმერთსაც ძალიან ვაწუხებ, ყოველდღე, ყოველწამიერად მივმართავ ჩემი ბიჭის გამოკეთებას ვთხოვ. რა ძალა ჰქონია თანადგომას, სიკეთეს. რამდენი ადამიანი გაერთიანდა სესესთვის.
ხალხნო, ადამიანებო თქვენ მე ჩემი მზის, სინათლის დაბრუნებაში მეხმარებით. ეს კი ბევრად მეტია ვიდრე სიკეთე, ვიდრე დახმარება, ამიტომაც მადლობას ვერ გადაგიხდით, რადგან მადლობა ძალიან ჩვეულებრივი რამეა ამ არაჩვეულებრივი ამბებისთვის. ვიფიქრებ, იქნებ შესაფერისი სიტყვა მოვძებნო, და თუ ვერ ვიპოვი, მე და სესე ერთად შევქმნით და გამოგიგზავნით".
სამწუხაროდ, სესეს გადარჩენა ვერ მოხერხდა და რამდენიმე საათის წინ პატარა ბიჭუნა გარდაიცვალა. ვიზიარებთ ოჯახის დიდ მწუხარებას...
მერი ბლიაძე