ჩვენი ბებია-პაპებისა და მშობლების პერიოდში, საბჭოთა კავშირში, საბავშვო ბაღი სრულიად სხვანაირი იყო და ხშირად სახელმწიფოებრივი დატვირთვაც ჰქონდა. კომუნისტურ ეპოქაში უკიდურესი აუცილებლობა იყო, რომ ყველას ეშრომა, მით უმეტეს - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ ქვეყანა ფეხზე დამდგარიყო. ამიტომ ხშირად დედას თვეების ბავშვის ბაგა-ბაღში დატოვებაც კი უწევდა და ყოფილა უამრავი შემთხვევა, შესვენებაზე გარბოდა ბაღში შვილთან, ძუძუს მოსაწოვებლად, მერე კი სამსახურში ბრუნდებოდა.
ისიც საინტერესოა და ბევრმა არ იცის, რომ თურმე პირველად საბჭოთა კავშირში შემოიღეს ე.წ. დეკრეტული შვებულება. უკვე 1917 წელს დედას მიეცა უფლება, შეენარჩუნებინა სამუშაო ადგილი და 112 სამუშაო დღე ანაზღაურებოდა - 8 კვირა მშობიარობამდე და 8 - მშობიარობის შემდეგ. მერე კი ბავშვი უკვე ბაგა-ბაღში რჩებოდა დედის სამსახურში ყოფნის პერიოდში და პრაქტიკულად დღის დიდ ნაწილს იქ ატარებდა.
იმდროინდელ ბაღში დიდი დრო ეთმობოდა იმას, რომ ბავშვები ჯანსაღ გარემოში გაზრდილიყვნენ. ომიანობისგან გაპარტახებულ ქვეყანაში, სადაც პროდუქტების ნაკლებობაც იყო, ცდილობდნენ, ბავშვებს მაქსიმალურად მიეღოთ ვიტამინები, მათ შორის - D ვიტამინი, ამიტომ ბავშვები სუფთა ჰაერზე იკვებებოდნენ ხშირად და ეძინათ კიდეც გარეთ - ასეთი შემთხვევაც ბევრი იყო. განსაკუთრებით რუსეთში. თქვენ წარმოიდგინეთ, ყინვაშიც კი, რაზეც ეს ფოტოც მოწმობს.
ამ ფოტოზე კი ჩანს, როგორ კომპენსირდებოდა ზამთარში დე ვიტამინის ნაკლებობა კვარცის ლამპის გამოსხივებით.
რასაკვირველია, ზრუნავდნენ საბჭოთა იდეოლოგიის დამყარებაზე და ბავშვები არა მარტო ლენინისა და სტალინის ფოტოებისა თუ ბიუსტების გარემოცვაში იზრდებოდნენ, არამედ ბევრ ბაღში სხვადასხვა საბჭოთა ყრილობის ამბებსაც კი მოუთხრობდნენ.
ამ ფოტოებზე 1930, 1940, 1950-60-იანი წლების საბჭოთა ბაღებია ასახული.
რატომ იყო უკეთესი დრო, როცა ჩვენი დედები პამპერსებისა და სარეცხის მანქანის გარეშე ზრდიდნენ ბავშვებს