საქართველოში ტრადიციული რიტუალი - "ჭიაკოკონობა" ვნების კვირეულში, ოთხშაბათს იმართება. რიტუალი უძველეს წარმოდგენაზეა დამყარებული, რომლის მიხედვითაც, ცეცხლი ყველაზე დიდი ძალაა ავი სულებისა და ყოველგვარი უწმინდურის გასაწმენდად. "ჭიაკოკონობა" განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ, თუმცა, ამ რიტუალის გამო, შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგექმნათ.
იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის დასანთებად საბურავებს, პლასტმასს და ფოთლებს გამოიყენებთ, 200-დან 500 ლარამდე ჯარიმა გელით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საბურავების, პლასტიკის მასალისა და ფოთლების დაწვით გამოიყოფა გარემოსა და ადამიანისთვის საშიში ტოქსიკური ნივთიერებები, რაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით კი, საფრთხეს უქმნის ბავშვებს. შესაბამისად, მათი დაწვა აკრძალულია. ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, ადამიანები დაჯარიმდებიან.
1 ტონა რეზინის საბურავების დაწვით გარემოში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვა საშიში ნივთიერება.
ამიტომ, სამინისტრო დააჯარიმებს ყველას, ვინც "ჭიაკოკონობას" საბურავებსა და სხვა ნივთიერებებს დაწვავს.