თათია ღუდუშაურის ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მისი, როგორც ახალგაზრდა დედის მოსაზრება და გულისტკივილი ბევრისთვის აღმოჩნდა ახლობელი. თათიას პოსტს, მისივე ნებართვით, უცვლელად გთავაზობთ:
"აი, უიმედო მდგომარეობა ჰქვია, როცა 5 თვის ბავშვი გყავს და სამსახურში უნდა დაბრუნდე, რათა ხელფასი აიღო და შენი შვილის სარჩენად თეთრი არ დაგრჩეს. ისიც იმიტომ, რომ იქნება მოაგროვო ფული და სახლი იყიდო, რომ ქირაში აღარ იხადო.... მაგრამ, როგორ გამოგივა თუ 5 თვის ბავშვის დამტოვებელი არავინ გყავს, ვერსად დატოვებ. მაშინ ძიძა უნდა აიყვანო... რაც უფრო მეტად - არ გამოგივა. კარგ ძიძას და თან ისეთს, რომელიც შენს სამუშაო გრაფიკს დათანხმდება (9-ზე რომ იწყებ და ვეღარასდროს ამთავრებ, რადგან შენი უფროსები დროულად არ გაწვდიან სამუშაოს და ზუსტად 6 საათზე ვერასოდეს გამოდიხარ სამსახურიდან), თანაც ისე, რომ შენი ხელფასი ქირას, ძიძას, კომუნალურებს, გზის ხარჯს და კვებას ეყოს (ბავშვისას რა თქმა უნდა, შენ ის სამსახურის კაფეტერიაში ნაყიდი 60-თეთრიანი ღვეზელიც გეყოფა), არ არსებობს. და თუ მაინც, დავუშვათ, არსებობს ასეთი ქველმოქმედი და ეცოდები და დაგთანხმდა... ან თვითონაც სხვა გზა არ აქვს...
ყოველი თვის ბოლოს როცა ხელფასს აიღებ, ყველას გადაუხდი და უფროსი გეტყვის, რომ დროა ტანსაცმელი შეცვალო და უფრო აკადემიურად გამოიყურებოდე, ან თუნდაც შენი გახეული ფეხსაცმლის თვითონ შეწებება ვეღარ შეძელი, ან პაკეტების ფული აღარ დაგრჩა, ან ბავშვი გაცივდა და მკურნალობა სჭირდება, ან შენი შვილის დაბადების დღე მოდის... ხდები უიმედო... რომ ყველა, ვინც რამეს მაინც ამბობდა “შენს სასიკეთოდ”, სათავისოდ ითბობს ტ...-ს და სულაც ფეხებზე კიდია, შენ რომ შვილისთვის, მდიდრული კი არა, უბრალოდ სუფთა აბაზანა გინდა და არა ჭაობი.... რეალურად არც არავინ არის მხარდამჭერი და რაიმეს შემძლები, შეფუთვით ჩანს, რომ აკეთებს და ისიც შენს ხარჯზე ხდება. უიმედო ხდები, რადგან სახელმწიფო, რომელიც შენი ისედაც მცირე ხელფასიდან 20%-ს იღებს და ბოლო დროს არ ეყო და კიდევ 4 დაამატა, შენზე არ ზრუნავს და ფეხებზე კიდია, 5 თვის ბავშვს სად ჯანდაბაში წაიყვან, თუ ხელფასი გინდა, უნდა დაბრუნდე, თუ შიმშილით არ გინდა მოკვდე, უარი უნდა თქვა ყველაფერზე და იმუშაო იქ, სადაც, “ნორმალურ მდგომარეობაში”, არ ღირს... მეორე შვილის გაჩენაზე ხომ საუბარიც ზედმეტია... მეორე შვილის გაჩენა ავტომატურად ნიშნავს შიმშილს (ბავშვებისას, თორე შენ ხომ ისედაც ეგრე ხარ პირველ შვილზე)... იმიტომ, რომ ორ ბავშვს ძიძა იაფად აღარ დაიტოვებს, თანაც შენი გრაფიკი... უმუშევრად რჩები, ბავშვებს რომ მოუარო... ბაღში 2 წლამდე ვერ შეიყვან, იქაც რიგებია, დასწრებაზეა და თუ მოხვდა, ყოველი თვის რაიმე კონკრეტულ რიცხვში საჩუქრად გაციება, გრიპი ან სუპერ პრიზი ვირუსი ხვდება... და შენ სამსახურში პრობლემები გექმნება ამის გამო, მუდმივად. ბოლოს ყველას ყელში აქვს, ცოტა ხანი ჩუმდებიან და მერე გიშვებენ...
**
ნატალი 11 მაისს ხდება 5 თვის, 13 მაისს სამსახურში უნდა დავბრუნდე.
ჩემი ხელფასის ოდენობა ზუსტად იმდენია, რამდენიც მისი ვირუსის სტაციონარში ხუთდღიანი მკურნალობა დაჯდა.
მარტოხელა დედები ნეტა რას შვრებიან?!
22 აპრილს ჩემი დაბადების დღეა, შარშან უკვე აღარ მიხაროდა, წელს ვნანობ, საერთოდ რომ ეს დღე დადგა..
ძალიან ვწუხვარ ყველას გამო, მით უმეტეს ჩემი თავის, რადგან ვგრძნობ, რომ ჩემი შვილისთვის საკმარისი არ ვარ...
**
დასამშვიდებელ ტექსტებს ნუ მომწერთ. ნამდვილად არ მჭირდება".
”ვეჩვევი დედობას… ანუ სულ ღია მაქვს თვალები, მაშინაც, როცა მძინავს” - ანუ დედის ლექსიკონი