აჩუქე წიგნი! ახალი საყოველთაო გამოწვევა საყვარელი ადამიანების გასახარებლად! გამოწვევა, რომელშიც უამრავი ადამიანი ჩაერთო და ნამდვილ დღესასწაულად იქცა თბილისში და მის ფარგლებს გარეთ.
თუმცა გარდა იმისა, რომ 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა - გიორგი კეკელიძემ გადაწყვიტა, კიდევ უფრო სახალხო და სადღესასწაულო გაეხადა ეს დღე ჩვენთვის, მკითხველებისთვის და საზოგადოებას ძალიან კარგი იდეა შესთავაზა - ეს დღე წიგნის ჩუქების დღედ დაწესებულიყო.
გიორგი კეკელიძე:
"#აჩუქეწიგნი
მსოფლიოს არაერთ ქვეყნაში არსებობს ერთი ძალიან ძვირფასი და თანაც ძალიან იაფი ტრადიცია - წიგნის ჩუქების დღე. სხვა ქვეყნებში რომც არ არსებობდეს, რატომაც არა - ჩვენ დავამკვიდრებდით. თუ დააკვირდებით, წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლსაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, ისეთივე გამოცდილება, როგორიც მე და შენ
გვაქვს. და რაღაც აზრით, წინასწარი გამოცდილებაც ჩემთვის და შენთვის. ამიტომაც ვიფიქრე, რომ ეგებ ეს დღე 23 აპრილს დაგვეწესებინა, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს. ამ იდეას მე, ეროვნული ბიბლიოთეკა და "ანაგრამა" გთავაზობთ. მოიფიქრეთ, ვის აჩუქებთ წიგნს, რატომ და რას წაუწერდით. მოსაფიქრებლად მთელი თვე გაქვთ. მანამდე კი, ეს ამბავი მეგობრებს გაუზიარეთ, თანაც კომენტარებში თქვენი საჩუქრის ადრესატი შეგიძლიათ მონიშნოთ, თუ ამის საიდუმლოდ დატოვებას არ აპირებთ.
აქამდე იყო ერთი ძალიან კარგი ინიციტიავა. მწერალ ჯაბა ზარქუასი, როცა ადამიანები ერთამენთს სხვადასხვაგან უტოვებდნენ წიგნებს. ამჯერად გვირჩევნია, ეს საჯარო მითითებით, სოციალური ქსელით გააკეთოთ, აქცია გარდამავალი რომ გახდეს".
წამოწყებაში უამრავი ცნობილი ადამიანი ჩაერთო, რომლებმაც საზოგადოებას წიგნის უდიდესი მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენეს და მოუწოდეს, საყოველთაო გამხდარიყო ეს დღე. ერთ-ერთი პირველები იყვნენ ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტი გოდერძი შარაშია, ლევან ბერძენიშვილი, სოსო მეშველიანი, ოლიკო ბაბლუანი, თეონა გეგელია და ბევრი სხვა.
ლევან ბერძენიშვილი, ფილოლოგი, პოლიტიკოსი:
- წიგნის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 1995 წლიდან აღნიშნავს და ამ პროცესში საქართველოც კარგა ხანია ჩართულია. მახსოვს, ჯერ კიდევ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ვიყავი, როდესაც ჩვენი შენობის წინ, ქუჩაში გავაკეთეთ პირველი ასეთი ღონისძიება. ამის შემდეგ, ტრადიციულად აღინიშნება. წიგნის ჩუქების დღე კარგი წამოწყებაა. უნდა ვთქვათ, რომ ზოგადად ჩუქება იდეალური ფორმაა, რადგან ადამიანს ადამიანად ყველაზე მეტად ასეთი აქტები აქცევს, რომელიც მისი ეგოიზმიდან გამომდინარეობს. საერთოდ, ისეთი რამ უნდა გააჩუქო, რომ გული დაგწყდეს, შენ თვითონაც იმდენად მოგწონდეს. ეს აუცილებელია, ვისაც ჩუქნი, უნდა იგრძნოს, რომ მისთვის კარგი რამ გემეტება.
იდეას მხარი დაუჭირეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ჩვეულებრივმა კომპანიებმა - წიგნმა და მისმა სიყვარულმა ყველა ეს ადამიანი თუ ორგანიზაცია გააერთიანა, ერთი მიზნისკენ შეკრა და არც სამთავრობო უწყებების გამოხმაურებას დაუგვიანია.
ერთ-ერთი პირველი, სამთავრობო უწყებებიდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იყო.
საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი სიამოვნებით შეუერთდა ამ სახალხო პროექტს, რომელიც, როგორც საზოგადოების აქტიურობიდან ჩანს, ყოველწლიური ტრადიცია გახდება მკითხველთა უზარმაზარი არმიისთვის.
მიხეილ ბატიაშვილი: „წიგნის ჩუქება შემეცნების სიხარულის გაზიარებაა სხვებისთვის – ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის, მეგობრისა თუ სრულიად უცნობისთვის. ბავშვებისათვის კი ეს მომენტი სრულიად განსაკუთრებული და ახალი განცდებისა თუ გამოცდილების დასაწყისი შეიძლება გახდეს. სიამოვნებით ვუერთდები ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, მწერალ გიორგი კეკელიძის 23 აპრილის
წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადების ინიციატივას. მჯერა, რომ ამ შესანიშნავ წამოწყებას ჩვენი მრავალი თანამოქალაქე შეუერთდება და ყველა ერთად ფასეულ ტრადიციას დავუდებთ სათავეს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ჩემი მხრივ ვიწვევ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს.“
ქალბატონი მაიაც მალე აჰყვა ინიციატივას.
მაია ცქიტიშვილი: "კარგ წამოწყებაში მონაწილეობა ყოველთვის სასიამოვნოა. მით უფრო, თუ ეს წამოწყება ცოდნის მიღებას ან უბრალოდ წიგნის ჩუქების ტრადიციად დამკვიდრებას ეხმარება. თითოეული ადამიანისათვის ყველაზე დიდი სიმდიდრე მისი ცოდნა და გამოცდილებაა. წიგნი არა მხოლოდ ცოდნის მიღება-გაღრმავებაში გვეხმარება, არამედ გამოცდილებასაც გვიზიარებს, წაკითხული ხომ უკვე განცდილსაც გულისხმობს. წიგნის ჩუქებით ერთმანეთს საგნებისა თუ მოვლენების სხვაგვარად დანახვის შესაძლებლობას და ამ ყველაფრით გამოწვეულ ემოციასაც ვჩუქნით".
სამინისტროებთან ერთად პროექტში ჩაერთვნენ საელჩოები, მათ შორის იყო უნგრეთის, ამერიკის შვეიცარიის შვედეთის და უკრაინის საელჩოები. უკრაინის სალეჩომ, ერთერთ ბავშვთა სახლს ბიბლიოთეკაც კი მოუწყო. პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ასევე იყო "გალფი", რომელმაც მაღამთლიან სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს და სკოლებს ბიბლიოთეკები მოუწო და ძალიან დიდი საქმე გააკეთა.
პროექტში გამომცემლობები და წიგნის მაღაზიებიც ჩაერთვნენ, რომლებმაც დიდი მოტივაცია მისცეს მკითხველებს ეს დღე აღენიშნათ. ცხადია, აქციაში ყველაზე პირველად და ყველაზე აქტიურად წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" ჩაერთო, რომელიც მხარს უჭერს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციას, განათლებული ახალი თაობის აღზრდას ემსახურება. ამ მაღაზიათა ქსელმა იზრუნა იმაზეც, რომ წიგნების შერჩევა ჩუქების მსურველთა უზარმაზარი არმიისთვის იოლი ყოფილიყო, შესთავაზა ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი, მრავალნაირი აქციები, ფასდაკლებები მოთხოვნად და სასურველ წიგნებზე და დაგეგმა უამრავი ღონისძიება #აჩუქეწიგნის ფარგლებში, რომლებსაც ასევე დიდი აქტივობა და ჩართულობა მოჰყვა. თანაც, აქციები ვრცელდებოდა არა მხოლოდ 23 აპრილზე, არამედ მთელი კვირეული გამოცხადდა მათთვის, ვისაც ამ სახალხო პროექტში ჩართვა სურდა.
გიორგი კეკელიძე:
- ველოდი, რომ ამ ინიციატივას გამოეხმაურებოდნენ, მაგრამ არა ასე სწრაფად და მასობრივად, როგორც აიტაცეს. გვეხმაურებიან არა მხოლოდ ცალკეული მოქალაქეები, არამედ სკოლები, უნივერსიტეტები, ჯგუფები, საზოგადოებები, სპორტსმენები, მათ შორის, რაგბის კავშირიც, რაც ძალიან მახარებს. მათ შორის არის წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი", რომელიც ამ პროექტის უმნიშვნელოვანესი, ძლიერი და საიმედო მხარდამჭერია. იმის იმედიც მაქვს, რომ მალე პროექტში პოლიტიკოსები ჩაერთვებიან და იდეა ტრადიციად იქცევა. მთავარია, ვაჩუქოთ წიგნი, რომელსაც საკუთარი ემოციები გვიკარნახებს. სწორედ ასეთი საჩუქარი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი.
23 აპრილი მართლაც დიდ დღესასწაულად იქცა. ამ დღეს წიგნების მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" აქციებთან ერთად, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები დაგეგმა. გარდა იმისა, რომ 15 აპრილიდან მაღაზიის ყველა ფილიალში მოქმედებდა 50%-მდე ფასდაკლება წიგნების ფართო ასორტიმენტზე, 23 აპრილს ღონისძიებები იყო დაგეგმილი არა მხოლოდ თბილისში, ჭავჭავაძეზე მდებარე ბიბლუსი გალერეაში და თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში, არამედ მის ფარგლებს გარეთ – რეგიონებშიც: თელავსა და ბათუმში.
იხილეთ ვრცლად დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომლებითაც აღნიშნა "ბიბლუსმა" ეს დღე
შემაჯამებელი ღონისძიება „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს კონკრეტულ წიგნებზე, რომლებიც მათ აჩუქეს. სტუმრებმა ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ რა გავლენა იქონია წიგნებმა მათ ცხოვრებაზე.
ღონისძიების სტუმრები იყვნენ ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მწერალი გიორგი კეკელიძე, ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე, ჟურნალისტი გოდერძი შარაშია და მწერალი სოსო მეშველიანი.
„ბიბლუსი“ იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია რომელმაც მხარი დაუჭირა გიორგი კეკელიძის ინიციატივას რადგან ჩვენი მთავარი ამოცანა არის წიგნის და წიგნიერების პოპულარიზაცია. დღევანდელი ღონისძიება სწორედ ამ თემას დაეთმო. მოწვეული გვყავდა სტუმრები, რომლებმაც ისაუბრეს თავიანთ პირად გამოცდილებაზე და წიგნებზე, რომლებმაც მათ ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა“, - აღნიშნა „ბიბლუსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ნინო ჯაფარიძემ.
ფაქტია, ეს სახალხო დღესასწაული შედგა და მომავალ წელს, 23 აპრილს, კიდევ უფრო გრანდიოზული და საყოველთაო იქნება.