როცა ბავშვები ავად ხდებიან, ქვეყნად ყველაფერი აზრს ჰკარგავს. რჩება მხოლოდ ერთადერთი ფიქრი, - როგორმე გადაარჩინო და უშველო. სურამელი კიპაროიძეების ოჯახის ტრაგედია იმიტომაც არის ენითაუწერელი, რომ აქ ამ ფიქრისაც ეშინიათ, - მათი 13 წლის დათო უკვე სამი წელიწადია, საწოლს უგონოდ არის მიჯაჭვული. ერთ დროს სიცოცხლითა და ღიმილით სავსე ბიჭს დღეს უმძიმესი დაავადება, პანენცეფალიტი აქვს. ეს იგივე ტვინის ანთებაა, როდესაც ტვინის ყველა უჯრედი იღუპება.
ნანა კიპაროიძე, დათო კიპაროიძის დედა:
- ვიცი, რომ ჩემი უბედურების ამბავი მძიმე მოსასმენია, ამიტომაც დღემდე არც მინდოდა, ხალხი შემეწუხებინა. ახლა კი აუცილებლად უნდა ვითხოვო დახმარება, თორემ შვილი მომიკვდება... ჩემი უბედურება მაშინ დაიწყო, როცა ჩემი დათო 11 თვის იყო და წითელა შეხვდა. მაშინ კი გამოვაჯანმრთელე და ყველაფერი კარგად მეგონა, მაგრამ სინამდვილეში დავღუპულვარ. თურმე წითელას ბაქტერიამ ჩემი შვილის ტვინში დაიბუდა, როდესაც დათო 10 წლის გახდა, მაშინ გაიღვიძა და პანენცეფალიტი გამოიწვია.
- ექიმებმაც ასე მითხრეს. თუ ბავშვს წლის ასაკამდე ისე შეხვდა წითელა, რომ აცრილი არ იყო, შეიძლება პანენცეფალიტი განუვითარდეს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათი შემთხვევააო. ამ იშვიათში ჩემი უბედური შვილიც მოხვდა. ეს რომ ჩემი ბრალი ყოფილიყო, ალბათ თავს მოვიკლავდი, მაგრამ წითელას აცრა მხოლოდ წლის ასაკში კეთდება, ჩემი შვილი კი წლისაც არ იყო, როდესაც ინფექცია შეხვდა. მანამდე როგორ ამეცრა? ოჯახში წითელათი დაავადებული არავინ გვყოლია, რომ ზომები მიმეღო... არადა, ბავშვს ჯერ სიცხემ აუწია, ცოტა ხანში გამოაყარა და მაშინვე ექიმთან წავიყვანე. მან საავადმყოფოში დააწვინა, მაგრამ ბავშვი მალე გამოჯანმრთელდა და ვიდრე 10 წლის არ გახდებოდა, არაფერი წამოსტკივებია. მეხუთე კლასში იყო, სკოლიდან რომ დამირეკეს, - ბავშვი ბუფეტში წაიქცაო. არც მახსოვს სკოლამდე როგორ მივედი. ბავშვი კი უკვე გონზე დამიხვდა, მაგრამ შუბლზე პატარა ჭრილობა ჰქონდა დარჩენილი. მითხრა, - დედიკო, არ ვიცი, რა მომივიდა, - ლიმონათს ვსვამდი და უცებ წავიქეციო. იმ დღესვე თბილისში წავიყვანე. იქ კომპიუტერული ტომოგრამა გადაუღეს და შინ დამშვიდებული გამიშვეს - სრულებით არაფერია საშიშიო.
მაგრამ მალე ბავშვმა გონი ისევ დაკარგა. ამიტომ ტომოგრამაც ისევ გადაუღეს და ისევ მითხრეს, საშიში არაფერიაო. არავის ვამტყუნებ, - ჩემი შვილის დიაგნოზის დადგენა ძალიან ძნელია... თუმცა, იმ დღეს სურამს რომ ვუახლოვდებოდი, ბავშვს ისეთი ეპილეფსიური შეტევა დაეწყო, მანქანა უკან მოვაბრუნეთ და იაშვილის საავადმყოფოში დავბრუნდით. იქიდან უკვე ინგოროყვას საავადმყოფოს მივადექით, სადაც ერთი თვის განმავლობაში ჩემს შვილს რაღაც პროცედურებს უტარებდნენ. სულ ბოლოს ჟვანიას საავადმყოფოში ექიმმა ყველაფერი რომ გამომკითხა და წითელას აუცრელობაზე გაიგო, ჯერ თავში შემოირტყა ხელი, მერე კი თავის სტუდენტებს მიუბრუნდა, - ამ პაციენტს პანენცეფალიტი ჰქონია, ეს კი ფატალურად მთავრდებაო. ძალიან ცუდად გავხდი, - თითქოს ეს ყველაფერი შორიდან გავიგონე და ვიღაც სხვაზე ლაპარაკობდნენ. გარეთ რომ გამოვედი, მეუღლესაც ასე ვუთხარი, - ვერ გავიგე, ის ექიმი რაზე ლაპარაკობდა-მეთქი.
- აქამდე ჩემი ხელის შეხებას გრძნობდა, მაგრამ ახლა ამაზეც დაკარგა რეაქცია. ბავშვს სახსრები ემტვრევა და იმასაც ვეღარ გრძნობს... ამას წინათაც მოტყდა ფეხი და ექიმმა, - თაბაშირი სჭირდებაო. ვუთხარი- თავი გაანებთ, ნუ გამიწვალებთ-მეთქი... მაგრამ მერე ტანჯვამ მომკლა: იქნებ სტკივა და ჩვენ ვერ გვაგებინებს?.. ამ ფიქრებით უკვე ყველა ვიტანჯებით. დათოს გარდა ორი გოგონა მყავს, პატარა 4 წლის არის და სასწრაფოს რომ დაინახავს, ექიმს მივარდება ხოლმე, - დათოს არაფერი ატკინოთო.
- ზოგიერთ წამალს ყოველდღე ვასმევთ... ამის გარდა კიდევ პამპერსი და საკვებიც ხომ საჭიროა და ზოგჯერ თვეში 700 ლარამდე წამალია საჭირო. მეუღლე დღედაღამ მუშაობს, - დღისით სამსახურში, ღამით ტაქსზე, მაგრამ ფულის სესხება მაინც გვიწევს. ხშირად მინატრია მე ვიყო ჩემი შვილის ადგილას... მაშინ აღარაფერი დამჭირდებოდა.
საქართველოს ბანკი:
GE83BG0000000013372900
მიმღები: ზურა კიპაროიძე.
საკონტაქო ნომერი: 568929016
ეთერ ერაძე (სპეციალურა საიტისთვის)