საბედნიეროდ, საქართველოს არაერთი ხელოვანით შეუძლია იამაყოს, რომლებიც მსოფლიო კულტურის სიამაყეებად ითვლებიან და რომელთაც უდიდესი წვლილი შეაქვთ თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში. ერთ-ერთი ასეთი სახელგანთქმული პიანისტი ელისო ბოლქვაძეა, რომელიც რა ხანია, მსოფლიო კლასიკური მუსიკის ლეგენდად მიიჩნევა.
ელისო ბოლქვაძე 1967 წლის 2 იანვარს თბილისშია დაბადებული, პოეტისა და ჟურნალ "ნიანგის" მთავარი რედაქტორის ზაურ ბოლქვაძის ოჯახში. დედამისი ნანა დარჩია-ბოლქვაძე ჟურნალ „საუნჯის“ მთავარი რედაქტორი და მთარგმნელი იყო. ინტელიგენტურ ოჯახში დაბადებულმა ელისომ ადრეული ასაკიდან გამოავლინა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი. 2 წლის იყო, როცა ნიჭიერთა ათწლედში მიიყვანეს, მუსიკალური უნარების შესამოწმებლად და სამი წლისამ უკვე მეცადინეობა დაიწყო, უკვე 7 წლისა კი წარუძღვა პირველ კონცერტს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და ამას მალე მოჰყვა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება.
თბილისის ნიჭიერთა ათწლედის დამთავრების შემდეგ ელისო ბოლქვაძემ თბილისის კონსერვატორია დაამთავრა. არის მრავალი ცნობილი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი: Van Cliburn (აშშ), Vianna da Motta (ლისაბონი), Axa International Piano Competition (დუბლინი) Marguerite Long Piano Competition (პარიზი), სადაც დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით, ფრანგული მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის.
მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია და სპეციალური პრიზი „ქართული კულტურის ამაგდარი“.
გარდა იმისა, რომ დღეს ის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტია მსოფლიოში, რომელსაც მუსიკის მოყვარულები მთელი მსოფლიოდან სცემენ პატივს და სიამოვნებით უსმენენ, სამაგალითო ადამიანია. მისი ქველმოქმედების შესახებ საზოგადოებამ არაერთხელ შეიტყო. 2012 წელს დააარსა საქველმოქმედო ფონდი „ლირა“, რომლის მიზანია გამოავლინოს და მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა ქართველ პიანისტებს. გარდა ამისა, არის იუნესკოს კეთილი ნების ელჩი.
ცნობილ პიანისტს აქვს ბევრი გასტროლი, საკონცერტო ტურნე, უკრავს სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე და დროის დიდ ნაწილს საზღვარგარეთ ატარებს, თუმცა მშობლიურ თბილისს ხშირად სტუმრობს და ანებივრებს დაუვიწყარი გამოსვლებით.
ამჯერად გამოჩენილი პიანისტის მოსმენა მსმენელს სრულიად უჩვეულო გარემოში შეუძლია - "ბიბლუსი გალერეაში", სადაც ის სახელოვანი მამის, პოეტ ზაურ ბოლქვაძის ლექსების კრებულის პრეზენტაციას გაუძღვება, გურამ ოდიშარიასა და როინ მეტრეველთან ერთად.
შთამბეჭდავი საღამო 2 მაისს, 19:00 საათზე, კანდელაკის 7-ში მდებარე „ბიბლუსი გალერეაშია“ დაგეგმილი. საღამოზე მოწვეულნი არიან ნიჭიერი ქართველი პოეტები, რომლებიც თავიანთ ლექსებსა და ჩანახატებს წაიკითხავენ: ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, ბექა ქურხული, ნათია გაბუნია, ნათია გუბელაძე. დასასრულს ქალბატონი ელისო საზოგადოებისთვის საყვარელ კომპოზიციებს შეასრულებს.
ელისო ბოლქვაძე:
- მამას ყოველი გახსენება ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, მასზე უსაზღვროდ ბევრი რამ შემიძლია ვთქვა. ვფიქრობ, რომ ზაურ ბოლქვაძე იყო განსაკუთრებული ნიჭის პოეტი. მის შემოქმედებაში საოცრად შერწყმულია ტრაგიზმის ექსპრესია და ხალასი იუმორი. მისი შემოქმედება აუცილებლად დარჩება და იარსებებს, და მომავალი საქართველო თავიდან აღმოაჩენს პოეტს, რომელიც სამშობლოს, ადამიანების სიყვარულს და სილამაზეს უმღეროდა. ზაურ ბოლქვაძე 64 წლის გარდაიცვალა, უცაბედად. ხანმოკლე ცხოვრებით მან მოახერხა კვალი დაეტოვებინა როგორც მისი შემოქმედებით, ასევე მისი განსაკუთრებული ადამიანური თვისებებით. არ არსებობს საქართველოში თუნდაც ერთი ადამიანი, ვისაც მასთან რაიმე შეხება ოდესმე ჰქონია და დიდი სიყვარულით არ გაიხსენებს! ეს საღამო ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ უნდა მოვიდნენ ამ საღამოზე? იმიტომ, რომ "ბიბლუსი" არის უნიკალური სივრცე - აღმოაჩინო ახალი მწერლები, ან უკვე ცნობილი, რომელსაც ახალი თაობა აღმოაჩენს. მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის და "ბიბლუსის" სივრცეში მივესალმები მისი წიგნის პრეზენტაციას...
უფრო ვრცლად რომ შეიტყოთ დეტალები ამ საღამოზე, იხილეთ ბმული