მაკა ბეგიაშვილი პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერია, თუმცა ხელოვნების თითქმის ყველა სფეროში აქვს მუშაობის გამოცდილება. ხატვა 13 წლიდან დაიწყო და უკვე შვიდი წელია, ორ სამხატვრო სტუდიას ხელმძღვანელობს. ბავშვებთან ერთად ხშირად ქმნის ნამუშევრებს, ყიდის და ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც მათი გვერდით დგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ.
- დაახლოებით, 150-მდე ბავშვს ვასწავლი. ვძერწავთ, თექას ვაკეთებთ. პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერი ვარ, მაგრამ ნასწავლი მაქვს ფერწერა, გრაფიკა, ინტერიერი, ექსტერიერი. ხელოვნების სფეროში, თითქმის ყველგან ვარ და ასაკის მიხედვით ვასწავლი ბავშვებს, რისი სურვილიც აქვთ. ვაკეთებ გამოფენებს. ეს გამოფენები ქველმოქმედებას ემსახურება. ხან ყუთია და თავიანთი სურვილით აგდებენ ბავშვები თანხას, ხან ვყიდით და ვეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც იმ წუთში ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ. ახლა გამოფენა გვქონდა სამების საგამოფენო დარბაზში, სადაც 100-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი და 70 გაიყიდა. ივერთ უბანში დედა ბარბარეს აქვს ბავშვთა და დედათა თავშესაფარი, წავედი და ეს შემოსული თანხა გადავეცი ბავშვთა სახლს. წინა გამოფენაზე დავეხმარეთ ლეიკემიით დაავადებულ ბიჭს, ახლა ვაკეთებთ აქციას და შემოსული თანხა მოხუცთა თავშესაფრისთვისაა განკუთვნილი. კიდევ გვაქვს მსგავსი აქციები დაგეგმილი.
- ხატვა არის თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება. ამით ვარსებობ და ყველაფერს, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ხატვა მინეიტრალებს. სულიერ საზრდოს მაძლევს ის ნახატები, რასაც მე ვქმნი. ბავშვები ძალიან მონდომებულები არიან, 4 წლიდან მყავს მოსწავლეები, ყველაზე უფროსი 20-ისაა. სწავლობენ ნახატის აგებას, ფერების შერწყმას. ვასწავლი ხელოვნების ისტორიასაც. სულ ვიცინით, ვხალისობთ. არ მინდა, რომ მხოლოდ ხატვით იყვნენ დაინტერესებულები. მინდა, რომ მათ სიკეთის კეთება ვასწავლო. მინდა, რომ თავიანთ ნამუშევრებს მისცენ რაღაც მნიშვნელობა. მათ შეუძლიათ ამით სხვასაც მიანიჭონ ის სიამოვნება, რომელსაც თავად იღებენ შექმნის პროცესში.
- 4 წლის ბავშვი ამ საქმით როდესაც კავდება, იღებს სიამოვნებას. ხოლო უფრო დიდ ასაკში, როდესაც მათ გააზრებული აქვთ მნიშვნელობა, ეს უკვე მათი ცხოვრების ნაწილია. აკეთებენ იმას, რაც ბევრს არ შეუძლია, რომ დაინახონ ფერები და გადაიტანონ შემდეგ ფურცელზე, ტილოზე და ასე შემდეგ.
- მშობლებს ძირითადად მოჰყავთ ბავშვები სტუდიაში იმიტომ, რომ სკოლაში გამოადგეთ ნასწავლი, რადგან მათ არ შეუძლიათ დახატვა და შვილების დახმარება. შემდეგ მე ვაკვირდები ამ ბავშვებს, 2 თვის განმავლობაში. თუ ბავშვმა შეძლო იმ ხაზის გასმა, რომელიც მე ვასწავლე, დაიცვა სიზუსტე ნახატში, შექმნა რაღაც ნამუშევარი, მას აქვს პოტენციალი, რომ რაღაც ისწავლოს. მაგრამ არიან ისეთი ბავშვები, რომლებსაც ბუნებრივად გამოსდით ეს და მხოლოდ პატრ-პატარა შენიშვნები მაქვს. პირად მაგალითზე გეტყვით. ჩემი შვილი 9 თვიდან ხატავს. 9 თვის იყო, როდესაც დახატა წრე და ადამიანის ყველა ნაკვთი თავის ადგილზე დაუხატა. წლის და ორი თვის იყო, როდესაც უკვე შექმნა თავისი სიუჟეტური ნახატი. რომ დავინახე, უკვე მივხვდი, რომ მას ჰქონდა ნიჭი.
- ყველანაირად უნდა შეუწყოს მშობელმა ხელი და უნდა მიიყვანოს სადმე, სადაც უფრო ჩაუღრმავდებიან მის ამ მისწრაფებას და მისცემენ უფრო მეტი სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას.
- მე მყავს ბავშვები, რომლებიც ხატავენ ისეთ ფერებში, რომლითაც შეიძლება შეიცნო მათი სულიერი მდგომარეობა. რაც უფრო ნათელი ფერებია, უფრო მეტად მხიარულები არიან ბავშვები. ყვავილებს, პეპლებსა და ცისარტყელას ვინც ხატავს, უფრო მეტად გახსნილია, უფრო მეტად მხიარული და კონტაქტურია. ისეთი ბავშვებიც არიან, რომლებსაც შავი ფანქრის დაჭერა უყვართ და უნდათ, რომ ყველაფერი შავად გააფერადონ. ისინი უფრო მეტად დათრგუნულები და ჩაკეტილები არიან თავიანთ თავში. ამიტომ, მე ხშირად ვუმალავ ხოლმე მათ მუქ ფერებს და ვცდილობ, ფერადად დავანახო ეს ყველაფერი და რამდენიმე თვის შემდეგ მუქ ფერებსაც რომ დავულაგებ, შედარებით უფრო ნაკლებად იყენებენ.
- იმავეს ვურჩევ, რაც უკვე ვთქვი. შეეცადონ, მუქი ფერები დამალონ, ელაპარაკონ, რომ მზე ყვითელია, ცისარტყელას უამრავი ფერი აქვს და არ გამოიყენება იქ შავი და ყავისფერი და უფრო მეტად ესაუბრონ, რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ფერების აღქმას. ჩვენს ჩაცმაზეცაა დამოკიდებული ბევრი რამ, რაც უფრო ფერადი გვაცვია, უფრო მეტად ჩანს ჩვენი შინაგანი სამყარო, რამდენად მხიარულები და ლაღები ვართ.
თამარ იაკობაშვილი