გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ჭრელი და ფერადი აქსესუარები ძალიან მოთხოვნადი ხდება. მზიან ამინდსა და ღია ფერებს განსაკუთრებით უხდება მინანქრით დამზადებული საყურეები, გულსაბნევები, კულონები და სხვა აქსესუარები.
სირთულის მიუხედავად მინანქარზე მუშაობა ადამიანს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. მსგავსი საქმიანობა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. მინანქარზე მუშაობა ბავშვის განვითარებაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს, რადგან მას უვითარდება კონცენტრაცია, შემოქმედებითი უნარი და ნებისყოფა. ზოგადად მინანქრის დამზადება საკმაოდ რთულია, თუმცა პატარები შეიძლება დავაინტერესოთ შედარებით მარტივი ტექნიკით.
გამარტივებული ტექნიკით მინანქრის დამზადება პატარებს „არტი და კრაფტის“ მასტერკლასის ფარგლებში შეეძლებათ. 4 მაისს, 13:00 სთ-სა და 15:00 სთ-ზე, „ბიბლუსი გალერეაში“ (კანდელაკის 7). შეხვედრაზე მათ შესაძლებლობა მიეცემათ, საკუთარი ხელით გააკეთონ მომინანქრება მეტალის ფორმებზე, Efco–ს ფხვნილისა და გამოსაწვავი ღუმელის გამოყენებით. დამზადებულ ნივთს პატარები სახლში წაიღებენ სამახსოვროდ. მასტერკლასზე დასწრება 5 ლარიდან 9 ლარამდე ღირს, ეს დამოკიდებულია რა აქსესუარის დამზადება სურთ პატარებს.