რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის ბაზარში გადაღებული ემოციური ფოტო გავრცელდა. მასზე ჩანს, როგორ სძინავს კიბეზე მუშაობით დაღლილ პატარა ბიჭუნას."ეს ზუგდიდელი ბავშვია. ფოტო დილით გადავუღე, დაღლილ-დაქანცულს ჩასძინებია თავის ურიკაზე. ის დაახლოებით, 10-12 წლისაა, წესით, სკოლაში უნდა დადიოდეს, განათლებას იღებდეს და თავის დროზე ტკბილად იძინებდეს მაგრამ არ გაუმართლა. საჭმლის ფული რომ იშოვოს, ტვირთს ეზიდება. ერთხელ ერთ ადამიანს ისე ეხვეწებოდა, მეწავიღებ ამ ტვირთს, მოვერევი, ოღონდ მე წავიღებო... იმ კაცმაც უარი არ თქვა და იმაზე მეტი გადაუხადა, ვიდრე საჭირო იყო. ამ ბავშვის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. იქნებ მიაქციოს ყურადღება ვინმემ" - ნატქვამია ფოტოს მინაწერში.
ფოტოს დიდი მითქმა მოთქმა და გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტ სივრცეში, ბევრი ბავშვის საკონტაქტო ინფორმაციას კითხულობდა, რომ დახმარებოდა პატარას.
როგორც Mshoblebi.ge-მ გაარკვია, ფოტოზე გამოსახული ბავშვი ქობალია კახაბერია, რომელიც ზუგდიდის რაიონში მშობლებთან და ორ დედმამიშვილთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია და უკიდურეს გაჭირვებაში უწევს ცხოვრება.
"სამი შვილი მყავს. ჩემი ქმარი ინვალიდია. ჩვენი ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარება და ჩემი ქმრის პენსიაა. გარდა ამისა ვმუშაობ სეზონურად, როცა თხილის აკრეფის სეზონია. გარდა ამისა ვმუშაობ ბაზარში, ტვირთს ვზიდავ. ვცდილობ შვილები არ დავტვირთო, უბრალოდ როცა ძალიან მიჭირს, კახა მეხმარება. არანაირი საყოფაცხოვრებო პირობები არ გვაქვს, სარეცხის მანქანაც კი არ მაქვს, რომ დრო რეცხვაში მაინც დავზოგო", განაცხადა კახას დედამ, მზევინარ ქობალიამ.
პატარა კახაბერს არასოდეს ეზარება დედას დაეხმაროს და მძიმე ხვედრი შეუმსუბუქოს. ის ხშირად დილაუთენია დგება, დედას ბაზარში მიჰყვება და ტვირთის გადაზიდვაში ეხმარება. დამღლელი დილის შემდეგ, ყოველთვის აქვს ხალისი და ენერგია, რომ თანატოლებთან ითამაშოს და ასე გაიხალისოს რთული ბავშვობის დღეები. კახაბერი ველოსიპედზე და მობილურზე ოცნებობს. დედა იმედს იტოვებს, რომ ოდესმე ექნება შესაძლებლობა, შვილებს ელემენტარული სურვილები და ოცნებები აუსრულოს.
მერი ბლიაძე