ორსულის კვებას რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორსულობის მიმდინარეობაზე, მშობიარობაზე, ქალის და რაც მთავარია, ნაყოფის ჯანმრთელობაზე. ამ თემაზე ჩვენც ხშირად ვწერთ და ბევრი ორსული ამ ფაქტს გაგებით ხვდება, იძიებს ინფორმაციას, ცდილობს ხელი შეუწყოს ყველანაირად ნაყოფის განვითარებას. თუმცა ისეც ხდება, რომ ფეხმძიმე საერთოდ არ აკონტროლებს ამ საკითხებს ან უბრალოდ ინფორმაციის ნაკლებობა აქვს.
მაგალითად, ცოტა ხნის წინ ამერიკაში Baylor College of Medicine-ში ჩატარდა კვლევა, რომლის შემდეგაც მეცნიერებმა საგანგაშო შედეგი მიიღეს - არაჯანსაღი ცხიმი, რომელსაც იღებს დედა, ბავშვის კუჭზე ცუდ გავლენასა ხდენს.
კვლევაში 157 ქალი და მათი ახალშობილები მონაწილეობდნენ. იკვლევდნენ ჩვილების ანალიზს და ინიშნავდნენ, რას მიირთმევდა დედა ფეხმძიმობისას. შედეგად გაირკვა, რომ იმ ქალების შვილებს, რომლებიც ფეხმძიმობის დროს ტკბილ და ცხიმიან საკვებს მიირთმევდნენ, კუჭ-ნაწლავის პრობლემები აღენიშნებათ. მათ ნაწლავებში არაა სასარგებლო ბაქტერიები. "ტრადიციულად, მედიკოსები ფეხმძიმეებს ფოლიუმის მჟავისა და რკინის მიღებას ურჩევენ, რათა ჯანმრთელობა შეუნარჩუნონ ნაყოფსაც და დედასაც. მაგრამ ახლა საჭიროდ მივიჩნევთ, ფეხმძიმეებს ცხიმიანი საკვები შევუზღუდოთ", - ამბობს პროფესორი კერსტი აგარდი. ცხიმის მიღების დღიური ნორმა 20-დან 35 პროცენტამდეა. მაგრამ გაირკვა, რომ ფეხმძიმე დღეში საშუალოდ, 55,2 გრამ ცხიმს მიირთმევს. იმისათვის, რომ თქვენს შვილს მუცლად ყოფნის პერიოდიდან დაწყებული მთელი სიცოცხლის მანძილზე არ ჰქონდეს კუჭ-ნაწლავის პრობლემა, ფეხმძიმობისას რაციონიდან ამოიღეთ შემდეგი საკვები: ცხიმიანი, შემწვარი, ფქვილოვანი, ტბილეული და ფასტფუდი.
ამ თემაზე ასევე გვიპასუხა გინეკოლოგმა თიკო გოთუამ:
"დავიწყოთ იქიდან, რომ ჯანსაღი საკვები ჯანმრთელობის გარანტიცაა – მითუმეტეს ორსულებში. მათ უნდა გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რომლებიც სპეციალურად მათთვის არის მიღებული. არ შეიძლება სპირტიანი სასმელის, ცხარე, კონსერვირებული პროდუქტების, შებოლილი ან ზედმეტად ცხიმიანი საკვების მიღება.
სასურველია, ორსული ქალის დღიური რაციონის 2/3 შეადგინოს მცენარეული წარმოშობის პროდუქტებმა: ცოცხალმა ბოსტნეულმა, ხილმა. ნაყოფისათვის სასარგებლო ვიტამინებმა და მინერალებმა, რომლებსაც შეიცავენ პარკოსნები: ლობიო, ბარდა, მუხუდო. ასევე, რძის პროდუქტები: ყველი, ხაჭო, მაწონი.
არაჟანი შეიცავს კალციუმს, რომელიც მონაწილეობს ნაყოფის ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებაში. ხორცი კი ცხოველური ცხიმის ძირითადი წყაროა. თევზი უნიკალური პროდუქტია, შეიცავს ვიტამინ D-ს, A-ს, ფოსფორს, ცილას. ის ასევე მდიდარია ცხიმოვანი მჟავით. კვირაში 300-400 გრამის მიღება ფეხმძიმესთვის აუცილებელია. სასურველია თუ კვირაში ერთხელ კვერცხსაც მიიღებს. ის მდიდარია 12 სახეობის ვიტამინით და მინერალებით. კიდევ ერთი აუცილებელი პროდუქტი, რომელიც ყველა ორსულის რაციონში უნდა იყოს, წვნიანი საკვებია. კარგი იქნება, თუ ორსულები თავს შეიკავებენ გვიანი კვებისგან, რაც იწვევს მოუსვენრობას და უძილობას. აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: ის, რომ ორსულმა ორმაგად უნდა იკვებოს – მითია.
ნაყოფის ნერვული სისტემის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ქოლინს. ესაა B ჯგუფის ვიტამინი, რომელიც გვხვდება ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა კვერცხის გული,უცხიმო წითელი ხორცი, ნიგოზი, პარკოსნები, მარცვლეული კულტურები: ხორბალი, ჭვავი, შვრია, ბრინჯი. მუქი მწვანე ბოსტნეული: ბროკოლი, ავოკადო, სალათის ფოთოლი და მწვანე ბულგარული წიწაკა.თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტი ნაყოფის გონებრივ განვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს".
გარდა კვებისა, ორსულებს ხშირად აქვთ შეკითხვები სტრესთან დაკავშირებით. ამ დროს ქალბატონები გაცილებით მგრძნობიარეები ხდებიან, ემოციურები, ღელავენ მშობიარობაზე, ნაყოფის ჯანმრთელობაზე და ბევრ რამეზე, რასაც სტრესები სდევს თან. ამ დროს მნიშვნელოვანია საკუთარი თავისა და ემოციების მართვა. ახლობლების, ოჯახის წევრების და მეუღლის მხარდაჭერა ამ პროცესში დიდ როლს თამაშობს. ფეხმძიმე აქტიურად უნდა იყოს დაკავებული სხვადასხვა საქმით. მოუსმინოს მუსიკას, ისეირნოს ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, ყურადღება მიაქციოს კვების რაციონს, მიიღოს წყალი და დაკავდეს ფიზიკური აქტივობით. ასევე შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართვა, რომელიც დაამშვიდებს ორსულს და მოუხსნის სტრესს.
ერთი სიტყვით, შეკითხვები ბლომად არის და ყოველთვის ვერ ვახერხებთ მათ დასმას სპეციალისტებისთვის. ამიტომაც გვსურს გაგიზიაროთ ინფორმაცია იმ ღონისძიებაზე, რომელიც ყველა ორსულისთვის სრულიად უფასო იქნება და ნებისმიერ ფეხმძიმეს, რომელიც ღონისძიებაზე მივა, შესაძლებლობა ექნება, შეკითხვები დაუსვას გინეკოლოგსა და ფსიქოლოგს.
მაშ ასე, 7 მაისს, 19:00-ზე, ჭავჭავაძის 7-ში, "ბიბლუსი გალერეა" უმასპინძლებს ერთ-ერთ ყველაზე განსხვავებულ და საინტერესო ღონისძიებას, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. ეს ღონისძიება სპეციალურად ქალებისთვის იმართება. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა ფეხმძიმედ არიან ან გეგმავენ ორსულობას. ღონისძიებაზე მოსული სტუმრები ყველა საინტერესო შეკითხვაზე მიიღებენ პასუხს.
მოწვეულები არიან სამშობიარო სახლ "იმედის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი თიკო გოთუა, ისაუბრებს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ორსულებმა, რაზე თქვან უარი, რაზე - არა, როგორ ივარჯიშონ, რა დოზით, რა მავნე ჩვევებისგან უნდა გათავისუფლდნენ და ა.შ. მეორე ბლოკში კი ორსულებს გაესაუბრება ფსიქოლოგი ეკა ჯავახიშვილი. ის ისაუბრებს თუ როგორ მართოს ორსულმა ქალმა სტრესი და შეინარჩუნოა კარგი განწყობა, გასცემს პასუხებს ქალბატონების შეკითხვებს.
როგორც გითხარით, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. "ბიბლუსი გალერეას" თავისუფალი სივრცე მზადაა უმასპინძლოს სტუმრებს.