34 წლის ბათუმელ აკაკი დავითაძეს ცხოვრების რთული გზა გაუვლია. სოციალური ქსელით დამიკავშირდა, დიდი გასაჭირი მაქვს და იქნებ ჩემს ოჯახზე დაწეროთო. სეზონზე რესტორნებში მუშაობს მიმტანად, ჯანმრთელობის გამო მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ვერ ასრულებს. ოცნებობს, შვილებისთვის სახლი ჰქონდეს, ხვალ-ზეგ ბავშვებთან ერთად ქუჩაში რომ არ აღმოჩნდეს.
- 3 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი ცხოვრება აირია და ჯოჯოხეთად მექცა, რადგან ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, დედამ 3 წლის მერე ახალი ცხოვრება დაიწყო, მამა კი ყურადღებას არც არასდროს მაქცევდა. დედამ სკოლა-ინტერნატში იმ იმედით დამტოვა, რომ მისი ძმა და ბებია მიპატრონებდნენ, მაგრამ ყველას დავავიწყდი.
საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ქუჩაში აღმოვჩნდი. გავიგე, დედა სადაც იყო გათხოვილი და 7 წლის ბავშვი მის მოსაძებნად იმერეთში წავედი. აღმოჩნდა, რომ ძალიან ღარიბ და გაჭირვებულ ოჯახში გათხოვილიყო. ვკითხე, - სკოლაში სიარული მინდა, როგორც ჩემს თანატოლებს და რას მიპირებ-მეთქი? - რა ვქნა, ხომ ხედავ, რა გაჭირვება მაქვს, ვერც გასწავლი და ვერც ვერაფრით დაგეხმარებიო. მართლაც, ისე უჭირდათ, ხანდახან მჭადიც არ ჰქონდათ. მამინაცვალი სულ სვამდა და არაფერს აკეთებდა. ხშირად ვეუბნებოდი დედას, დაშორდი მაგ კაცს, რომელსაც ჩემი თავი არ უნდა და არ მპატრონობს. არჩევანი შვილსა და ლოთ, უქნარა ქმარს შორის გააკეთე-მეთქი, მაგრამ არ მიჯერებდა. იძულებული გავხდი, სახლიდან წამოვსულიყავი. აი, ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება გახდა ნამდვილი ჯოჯოხეთი. ბევრი დამცირება და ტკივილი გამოვიარე. კარგა ხანს ქუჩაში ვცხოვრობდი, ღამეებს ვათენებდი სადარბაზოებსა და ზღვისპირა პარკებში. განსაკუთრებით ზამთრის თვეების გადატანა მიჭირდა. ბევრჯერ დავუჭერივარ ქუჩის ბიჭებს, მცემდნენ და ძალით მამათხოვრებდნენ. პოლიციაც ხშირად მიჭერდა და გლდანის გამანაწილებელში მივყავდი - ეს უკვე მაშინ, როდესაც თბილისში ჩამოვედი და დეზერტირების ბაზარში "მეკაჭკედ" დავიწყე მუშაობა, ტვირთს ვზიდავდი. ერთი სიტყვით, ბევრი სიმწარე და ტკივილი გამოვიარე. რამდენი ღამე გამითენებია დეზერტირების ბაზარში, დახლების ქვეშ. ორი კლასიც ვერ დავამთავრე.