"მეგობრებო, არასდროს გაისროლოთ ოთახში, სახლში ეგრეთწოდებული ოთახის ფეიერვერკი. ბავშვის დაბადების დღეზე გავისროლეთ. ჯერ ვერაფრით მოვაშორე სახლიდან. მრავალჯერადი დახვეტა-გამოწმენდის მიუხედავად. დაბადების დღიდან დაახლოებით ერთ თვეში, ფეიერვერკის ნარჩენი უმცროს შვილს აღმოვუჩინე თვალის ქუთუთოში. დასჭირდა სასწრაფო გადაყვანა. გაყუჩება და ამოღება ბრჭყვიალის" - სოციალურ ქსელში წერს ერთ-ერთი მოქალაქე. თუმცა, მსგავსი პრობლემა მხოლოდ მას არ აწუხებს. ე.წ. ოთახის ფეიერვერკი და პიროტექნიკა მხოლოდ ახალ წელს არ გამოიყენება. მას ხშრად იყენებენ სადღესასწაულო დღეებში: ქორწილზე, დაბადების დღეებზე, ხელის თხოვნის ცერემონიისა თუ გამოსაშვები საღამოების აღსანიშნავად. ნებისმიერ დროს, მათი არასწორი გამოყენება სავალალო შედეგებს იწვევს და ადამიანების ცხოვრებას ცვლის.
"ე.წ. ოთახის ფეიერვერკი და პიროტექნიკა ძალიან საშიშია იმიტომ, რომ ყველაზე სათუთი და ძნელად აღსადგენია თვალი. დაზიანდა, შეიძლება აღარ აღდგეს და მხედველობაც კი დაიკარგოს. ჩვენს პრაქტიკაში ძალიან ხშირია მსგავსი შემთხვევები. სტაციონარში ვმუშაობ და აქ ხშირად მოდიან პიროტექნიკით დაზარალებული ბავშვები მრავლობითი დაზიანებებით, მათ შორის არის თვალის დაზიანებები. ბევრი შემთხვევაა, რომ ფატალურად დამთავრდა" - ამბობს ექიმი-ოფთალმოლოგი, ხათუნა ჯაყელი.
პიროტექნიკის არასწორ გამოყენებასა და სავალალო შედეგებზე საუბრობს ქირურგი-ორთოპედი, ბიძინა კანაშვილი:
- რამდენად საშიშია პიროტექნიკა?
- ძალიან საშიშია. ყოველწლიურად ხდება ერთი და იგივე. ხომ შეიძლება ერთხელ მოხდეს და გაფრთხილდეს საზოგადოება. ძირითად შემთხვევაში, პაციენტებს აღენიშნებოდათ კანის ნაფლეთოვანი ჭრილობები, მტევნის მყესებისა და იოგების გაგლეჯა, ძვლების მრავლობითი მოტეხილობები, თითების ნაწილობრივი და ზოგ შემთხვევში, სრული ამპუტაცია. ასევე, ხშირია ხოლმე სახის დამწვრობა და თვალის დაზიანება. რაც აღდგენადია, ჩვენ მაქსიმალურად აღვადგენთ ხოლმე, თუმცა ხშირად რჩება დეფექტი. რეალურად ახალი წელი ან დაბადების დღე, ქორწილი დღესასწაულია და არ უნდა იყოს ტრაგედიის დასაწყისი. საახალწლო პიროტექნიკით მიღებული დაზიანების გამო, კოლეგებთან ერთად, 17 ოპერაცია გავაკეთე ახალი წლის დღეებში და რომ წარმოვიდგინოთ, რომ სხვა საავადმყოფოებიც არსებობს და იქაც აკეთებენ მსგავს ოპერაციებს, ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ ბევრი ბავშვი რჩება სიცოცხლის ხარისხის დაქვეითებით.
- როგორია თქვენთან მომართვიანობის სტატისტიკა ამ პრობლემით?
- ჩვენთან 20-ზე მეტი შემთხვევა შემოდის ხოლმე ახალი წლის დღეებში და ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. თუნდაც, ერთი ბავშვი იყოს, ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ბავშვებს სამომავლოდ მსგავსი ტიპის დაზიანებები გარკვეულ დეფექტს უტოვებს. რამდენიმეს სრულად აღვუდგინეთ ფუნქცია, იყო შემთხვევები, როდესაც ბოლომდე დაზიანებული და მოგლეჯილი იყო მტევანი, სრულიად უსიცოცხლო და, რა თქმა უნდა, იქ ბოლომდე ვერ აღდგებოდა.
- რა გქონიათ ყველაზე მძიმე შემთხვევა?
- ბავშვი იყო, რომელსაც ჰქონდა ერთ მტევანზე 12 მოტეხილობა. ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც მოგლეჯილი იყო კიდური მთლიანად. ასაკი საკმაოდ ცვალებადია. 3 წლის ბავშვის შემთხვევაში, მამა ეხმარებოდა ხელში დაჭერაში და აფეთქდა და არიან 16-17 წლის ბავშებიც, ფაქტობრივად, ზრდასრულები. მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ პიროტექნიკა არის ფეთქებადი ნივთიერება. ეს შემთხვევები ერთი ერთში წააგავს ნაღმზე აფეთქების შემთხვევებს. ეს ნამდვილად არ არის სახუმარო. შიგნით, რეალურად, ის ფეთქებადი ნივთიერებებია, რომლებიც დენთის აფეთქებისას მსგავს დამწვრობებსა და ნაფლეთოვან ჭრლობებს იწვევს. რეაბილიტაციაც, მსგავსი ტიპის დაზიანებების დროს, საკმაოდ უჭირთ.
- პიროტექნიკას ხშირად იყენებენ დაბადების დღის, ქორწილებისა და სხვა სადღესასწაულო დღეების აღსანიშნავად. რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც მას იყენებენ ან გეგმავენ გამოყენებას?
- განვითარებულ ქვეყნებში მიმუშავია და ჩემი დაკვირვებით იქ მოსახლეობას პიროტექნიკასთან წვდომა არ აქვს. იმიტომ, რომ არსებობენ ორგანიზაციები, რომლებსაც უკვეთავენ დღესასწაულის გაფორმებას, მოდის ის ორგანიზაცია საკუთარი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით და აწყობს ამ სანახაობას და დაზიანება, ფაქტობრივად, არ ხდება, ხოლო ჩვენთან, როდესაც ადამიანს უჭირავს ხელში ნივთიერება, რომელიც დიდი ალბათობით შეიძლება ხელშივე აფეთქდეს, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა და ალბათ, ცოტა უფრო მეტი დაფიქრება გვმართებს. ვფიქრობ, უნდა დაწესდეს სახელმწიფო შეზღუდვები.
ნებისმიერი ფეთქებადი ან აალებადი ნივთიერების ხელში დაჭერა გარკვეულ რისკს წარმოადგენს. ერთ-ერთი მომხმარებელი ე.წ. სადღესასწაულო ფრანთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებასაც იხსენებს: " ჩემს დაბადების დღეზე, მეგობრებმა გადავწყვიტეთ ღამით ე.წ. სადღესასწაულო ფრანი გაგვეშვა. ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა სანთელი მიამაგრა, ცეცხლი წაუკიდა და ელოდებოდა, როდის დაიწყებდა ზომოთ მოძრაობას. ხელში ეჭირა და რამდენიმე წუთში ცეცხლწაკიდებული სანთელი ჩამოვარდა და მიიღო დამწვრობა."
იმისათვის, რომ დღესასწაული არ გადაიქცეს ტრაგედიად, აუცილებელია გამოყენების პირობების ცოდნა. მით უფრო, რომ უამრავი ბავშვი და ზრდასრული იღებს ტრავმას პიროტექნიკითა და სადღესასწაულო ფეიერვერკებით.