ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა აკრობატებმა წარმატებას მიაღწიეს. გოგონათა გუნდი, რომლის წევრებიც მარიამ მღებრიშვილი, ნინო ბაიდაური და ლიზი ომიაძე არიან, 13-19 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობდა. მათ მე-2 ადგილი დაიკავეს კომბინირებულ ვარჯიშსა და დინამიურ ვარჯიშში და ერთი მესამე - ბალანსირებულ ვარჯიშში. ბავშვებს მუსიკის თანხლებით სხვადასხვა აკრობატული ილეთების შესრულება უწევდათ.
ტურნირში ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იღებდნენ მონაწილეობას. გოგონების მწვრთნელი, მარიამ გიგოლაშვილი ამბობს, რომ მათ საკმაოდ რთული პროგრამა წარადგინეს და მონაწილეებს შეფასებებს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები აძლევდნენ.
გუნდურად, ქულების შეჯამების შემდეგ საქართველო პირველ ადგილზე გავიდა. "ამ სამი გოგონას გარდა წარდგენილი გვყავდა ბიჭების ოთხეული, ვაჟთა წყვილი და გოგოების წყვილი. ქულები შეიკრიბა, ჯამურად. საქართველო გავიდა პირველ ადგილზე. მეორეზე ბულგარეთი, მესამეზე კი ინგლისი" - ამბობს მწვრთნელი.
მისივე თქმით, ხშირად იღებენ მონაწილეობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურნირებში და ბავშვებიც წარმატებას აღწევენ.