3 მაისს ტრაგედია დატრიალდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში. შვილის, რძლისა და ორი ახლობლის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავა. მის წინაღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით, 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებას.
გამყრელიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, მას 5 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც სხდომაზე გამყრელიძემ განაცხადა, დანაშაული არ ჩაუდენია, მისი შვილი, რძალი და ორი მეზობელი სხვამ მოკლა.
ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ მომხდარი მკვლელობების გამოძიების ფარგლებში, მკვლელობაში ბრალდებულის მეორე შვილის ადგილსამყოფელის დასადგენად შსს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს.
"მედიაში და სოფელ ყანდაურას მოსახლეობის ნაწილში გაჩენილ კითხვებს, ო.გ.-ს მეორე შვილთან დაკავშირებით, რომ ის შესაძლოა იყოს ამ საქმესთან შემხებლობაში, განვმარტავთ, რომ გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის წევრების მიერ მიცემულ ჩვენებებში დაფიქსირდა, რომ ო.გ.-ს - მეორე შვილმა 1 მაისს, ანუ ტრაგედიამდე 2 დღით ადრე განუცხადა ოჯახს, რომ რუსეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მას საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება. ოჯახის წევრების ჩვენებებით, ის არ გამოსულა მათთან კონტაქტზე და მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია მის ადგილ-სამყოფელთან დაკავშირებით. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები, მისი ადგილსამყოფელის დასადგენად.
საქმეზე ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა დასკვნები მნიშვნელოვან ინფორმაციას მისცემს გამოძიებას, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ყანდაურაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის მაქსიმალურ ინფორმაციას", - აცხადებენ შსს-ში.
ამას გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა. ახალგაზრდა მამაკაცს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვა-ტარებას ედავება (სსკ-ის 236-ე მუხლი).
ჩვენ როგორც შევიტყვეთ, ახალგაზრდა დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს, მაგრამ აქამდე არ გახმაურებულა. დაკავებულია 22 წლის ბაბუის მოსახელე, ომარ (ომარიკო) გამყრელიძე. იგი სტუდენტია და გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვა ტარებას ედავება. განაგრძეთ კითხვა