რატომ უკრძალავენ ზაზა ფაჩულია და თიკა ალავიძე შვილებს ინგლისურად საუბარს
- 10 წლის წინათ გავიცანი ერთი ადამიანი, რომელიც ერთ წელიწადში ჩემი მეუღლე გახდა - თიკა ალავიძე. იგი გმირია იმიტომ, რომ სამი შვილი მაჩუქა; გმირია იმიტომ, რომ მე მიძლებს; გმირია იმიტომ, რომ მეოთხე შვილი უნდა გამიჩინოს, ამიტომაც ვერ ჩამოვიდა ამერიკიდან. იგი ბოლომდე მიგებს, ასეთ სიტუაციაშიც ესმის, რომ საქართველოს ვჭირდები, ნაკრებს უნდა დავეხმარო ევროპის ჩემპიონატზე, - ეს სიტყვები ზაზა ფაჩულიამ 2017 წელს თქვა. ფაჩულიებს უკვე ოთხი შვილი ჰყავთ, ხოლო როგორ დაიწყო ზაზას და თიკას LoveStory ამას ქვემოთ წაიკითხავთ.
ზაზა: - როდესაც ცხოვრების უმეტეს ნაწილს უცხოეთში ატარებ, ყოველთვის გენატრება ქართული კულტურა და ტრადიციები, ყველაფერი, რაც საქართველოს უკავშირდება. ერთ დღესაც მეგობარმა კონცერტზე დამპატიჟა. დაუფიქრებლად დავთანხმდი.
თიკა: - ანსამბლ "სუხიშვილებში" ვცეკვავდი. მახსოვს, მცხეთაში გვქონდა კონცერტი, რომელსაც ზაზაც დაესწრო. აღმოჩნდა, რომ გვყავდა საერთო მეგობარი...
ზაზა: - იგი იცნობდა ანსამბლის რამდენიმე წევრს. კონცერტის დროს ხშირად ახსენებდა თიკას, ამბობდა, ძალიან კარგი და ნიჭიერი მოცეკვავეაო.
თიკა: - საერთო მეგობარმა მითხრა, ზაზას შენი გაცნობა უნდაო და კულისებში შემოიყვანა. ეს იყო ჩემი და ზაზას პირველი შეხვედრა.
ზაზა: - დიდი ხნის მანძილზე ერთმანეთთან ტელეფონით და ინტერნეტით გვქონდა კავშირი. ჩემთვის ეს პერიოდი ძალიან რთული იყო. უზომოდ მენატრებოდა.
თიკა: - ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები. ამ პერიოდის მანძილზე მას იშვიათად ვხედავდი, მაგრამ ყოველთვის აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ერთ დღესაც...
ზაზა: - ამერიკიდან დავურეკე და ვუთხარი: ჩამოდი, ხელი მოვაწეროთ-მეთქი.
თიკა: - დაურეკა მამაჩემსაც და ასე, სპონტანურად გადავწყვიტეთ, ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაგვეყვანა.
ზაზა: - ვინაიდან უკვე ოჯახის შექმნაზე იყო ლაპარაკი, ძალიან მინდოდა, ეს ყველაფერი ქართულად გამეკეთებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართული ტრადიციის შესაბამისად ვერ შევძელი და ასე მოგვიწია შეუღლება.
ფაჩულიების ოჯახმა ატლანტა 2013 წელს დატოვა, მომდევნო ორი წელი მილუოკიში გაატარა, ერთი - დალასში, კიდევ ორი ოკლენდში და დეტროიტში... თიკა ალავიძე საცეკვაო სტუდიისთვის ჯერ ვეღარ იცლის, მას ოთხი შვილი ჰყავს: დავითი, საბა, მარიამი და ნუცა.
- მეც და ზაზაც ჩვენს თავზე აღარ ვფიქრობთ, მაქსიმალურად ვცდილობთ, თავისუფალი დრო ბავშვებს დავუთმოთ. სამწუხაროდ, უქმეებზე ქალაქგარეთ ვერ გავდივართ, რადგან ზაზას ყველა "უიქენდი" დატვირთული აქვს. როდესაც ის შინაა, ამაზე დიდი ბედნიერება არც ჩემთვის და არც ბავშვებისთვის არაფერია. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ აქტიური რეჟიმის მქონე სპორტსმენებს მამობისთვის და ოჯახის საქმეებში მონაწილეობისთვის დრო არასოდეს ჰქონდათ, მაგრამ ზაზამ ეს სტერეოტიპი დამიმსხვრია. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ასეთი არაჩვეულებრივი მამა იქნებოდა. მაქსიმალურად ყურადღებიანია. როდესაც თავისუფალია, მუდამ ოჯახთან და შვილებთან ატარებს დროს, ეთამაშება და ცდილობს, სიყვარული, სითბო არ მოაკლოს.
ემოციური ფოტო – ზაზა ფაჩულიას შეხვედრა მეოთხე შვილთან
რეჟიმი, პრინციპულობა, შრომისმოყვარეობა... მხოლოდ სპორტსმენებს კი არა, ზაზა ფაჩულიას შვილებსაც მოეთხოვებათ. უპირველეს ყოვლისა, მამა სთხოვს:
- მიუხედავდ იმისა, რომ ბავშვებმა ქართული ძალიან კარგად იციან, ბოლო დროს შევატყვეთ, რომ ერთმანეთში დაიწყეს ინგლისურად ურთიერთობა. ამიტომ ეს ყველაფერი დიდხანს რომ არ გაგრძელებულიყო, შემოვიღეთ წესი (შეგვიძლია ამას ტრადიციაც ვუწოდოთ) - როდესაც შინ შემოდიან, არ აქვთ უფლება ისაუბრონ ინგლისურად. სხვანაირად ქართულ ენას ვერ შევინარჩუნებთ. როდესაც საქართველოში ჩამოვლენ, გაუჭირდებათ. ძალიან უყვართ სამშობლო და როდესაც სადმე მოგზაურობას ვგეგმავთ, ყოველთვის საქართველოს ირჩევენ. განაგრძეთ კითხვა