სტატისტიკურად, დედების 90% შვილების მიმართ განიცდის დანაშაულის გრძნობას. ხშირად ჰგონიათ, რომ თავის მოვალეობებს ვერ ასრულებენ სრულყოფილად. ყველაზე სამწუხარო კი არის ის, რომ ისინი ამაზე არ საუბრობენ. ბლოგერმა და ორი შვილის დედამ, სელესტა ივონმა ქმარს დაუწერა გულწრფელი წერილი და დახმარებისთვის მიმართა.
"ძვირფასო ქმარო!
მე მჭირდება მეტი დახმარება
გასული ღამე მძიმე იყო შენთვის. გთხოვე, ბავშვისთვის მიგეხედა, რათა მე ადრე დავწოლილიყავი დასაძინებლად. მესმოდა, როგორ ტიროდა ბავშვი. მესმოდა და ვფიქრობდი, უნდა მოგხმარებოდი, თუ მომეხურა კარი და დამეძინა. მე ავირჩიე მეორე.
20 წუთის შემდეგ შემოხვედი ოთახში ბავშვით ხელში. ის ისევ ტიროდა. ჩააწვინე თვის საწოლში და მოაჩოჩე ჩემთან ახლოს. ამით მაგრძნობინე, რომ უკვე საკმარისად მიხედე ბავშვს.
იმ მომენტში ძალიან გავბრაზდი და მინდოდა მეყვირა შენთვის. მე ხომ მთელ დღეს ვატარებ ბავშვებთან, ვიღვიძებ შუაღამეს, ვიღვიძებ იმდენჯერ, რამდენეჯერაც საჭიროა, ვაჭმევ, ვუცვლი. ყველაზე ელემენტარული, რაც ჩემთვის შეგეძლო გაგეკეთებინა, ცოტა ხნით მოგეცა დაძინების უფლება, რომ ძალა მომეკრიბა და ისევ შევდგომოდი ჩემს მოვალეობებს. სულ რაღაც რამდენიმე საათზე იყო საუბარი. ძალიან ბევრი ვითხოვე?
ვხედავ ყოველდღიურად როგორ ვეფლობით ოჯახურ რუტინაში. ჩემი მოვალეობაა დავანაყრო ოჯახის წევრები, შევინარჩუნო სისუფთავე სახლში, ვიზრუნო ბავშვებზე, მაშინაც კი, როდესაც სამსახურში გავალ. თავს ვიდანაშაულებ, რადგან მე თვითონ შევიქმენი ილუზია იმისა, რომ ყველაფერს გავუმკლავდებოდი.
თუკი ჩვენი დედები ართმევდნენ თავს ამ მოვალეობებს, მე რატომ ვერ უნდა შევძლო?არ ვიცი. იქნებ დედაჩვენები 30 წელი უხმოდ იტანჯებოდნენ და ახლა, აღარ ახსოვთ, რამდენად რთული იყო ეს ყველაფერი. ვიცი, შენც ამჩნევ ამას. ალბათ, არ ვარგივარ ამ როლისთვის. ვფიქრობ, შენგან მეტი დახმარება მჭირდება. ამასაც რომ გთხოვ, ჩემი თავი წარუმატებელი მგონია.
მართალია, მეხმარები, არაჩვეულებრივი მამა ხარ. მაგრამ მე ხომ ადამიანი ვარ, მხოლოდ 5 საათი მძინავს, საშინლად ვიღლები. მე შენ მჭირდები...
დილით მჭირდება, რომ ყურადღება მიაქციო უფროს შვილს, რათა მე მივხედო პატარას. მიხედვა არ ნიშნავს მის ტელევიზორის ეკრანთან დატოვებას. მიხედვა ნიშნავს ღამის ქოთანზე დასმას, საუზმის მომზადებას და სკოლისთვის გამზადებას (ჩანთის ჩალაგებას).
ვიცი, რთულია ბავშვის ტირილის მოსმენა. მაგრამ თუ მე შემიძლია მივხედო მთელი დღის განმავლობაში, შენ ღამე 1-2 საათი რატომ არ უნდა შეგეძლოს ბავშვის მიხედვა? გთხოვ, მჭირდები ძალიან...
ზოგჯერ მჭირდება ცოტა ხნით გარეთ გასვლა, უბრალოდ სასეირნოდ ან მაღაზიაში გასავლელად, რომ ადამიანად ვიგრძნო თავი. როდესაც ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, მაინც მჭირდება შენი თანადგომა. მინდა, შენ თვითონ შემომთავაზო დასვენება, წამოწოლა, დაძინება. სამზარეულოში ჭურჭლის დარეცხვა.
ბოლოს და ბოლოს მინდა მადლიერება და კმაყოფილება გამოთქვა იმაზე, რასაც და როგორც ვაკეთებ. ეს დიდი სტიმული იქნება ჩემთვის. მინდა შეამჩნიო, რომ სახლში იდეალური სისუფთავე, წესრიგი და გემრიელი ვახშამია მაგიდაზე. მინდა დააფასო ის, რომ ბავშვს ვკვებავ ძუძუთი და არა ხელოვნური საკვებით. ალბათ ამჩნევ, რომ არასოდეს გთხოვ სახლში დარჩენას და დახმარებას მაშინ, როდესაც კორპორატიული საღამოები გაქვთ სამსახურში.
უბრალოდ გეუბნები, რომ ადამიანი ვარ, დროდადრო დასვენება მჭირდება, თორემ ვეღარ გავუძლებ. ეს კი დააზარალებს ბავშვებს, ჩვენს ოჯახს და შენც. ამიტომ ჩავხედოთ თვალებში სიმართლეს და თქვი, რომ მე შენ გჭირდები".
სოციალური ქსელის ათასობით მომხმარებელმა გააზიარა ეს წერილი თავიანთ გვერდზე. ისინი მადლობას ეუბნებოდნენ ავტორს, რომ გაახმოვანა მათი ფიქრები. როგორ ფიქრობთ, იქნებ ეს მართლაც არის თანამედროვე ოჯახების პრობლემა, რომელიც ყურადღებას იმსახურებს?