"5 შვილით აქ ჩამოსვლით, მინდოდა, სხვებისთვის მაგალითი მიმეცა" - ოჯახი, რომელმაც თბილისში ცხოვრებას რაჭის მთები არჩია
 "5 შვილით აქ ჩამოსვლით, მინდოდა, სხვებისთვის მაგალითი მიმეცა" - ოჯახი, რომელმაც თბილისში ცხოვრებას რაჭის მთები არჩია
თეიმურაზ რეხვიაშვილი პროფესიით კულტურათმცოდნეა. ის მეუღლესთან და ხუთ შვილთან ერთად თბილისიდან რაჭაში გადავიდა საცხოვრებლად და მთავარ მიზნად ამ მხარეში ტურიზმის განვითარება, ასევე სხვებისთვის რეგიონებში დაბრუნების მაგალითის მიცემა დაისახა. ის საკუთარ გადაწყვეტილებასა და მრავალშვილიან მამობაზე გვიყვება:

- 5 შვილით, გადახვედით მაღალმთიან რეგიონში. რატომ გადაწყვიტეთ, რომ გეცხოვრათ თბილისიდან მოშორებით?

- მთელი ოჯახით ჩემს კუთხეს დავუბრუნდი. პირველ რიგში, კულტურული შეხედულება და ღირებულება იყო ჩემთვის. თავიდანვე ყურადღებას ვაქცევდი აქაურობას, თავადაც რაჭველი ვარ და კვლევსაც ვაწარმოებდი ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის თემაზე. ჩემი
დაბრუნებით პირველ რიგში ამ კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა მინდოდა. გარდა ამისა, იცით, ალბათ, რომ რაჭა ყველაზე მიგრაციული რეგიონია. ეს კუთხე თითქმის დაიცალა და ამიტომ ბავშვების გადმოყვანა აუცილებლად ჩავთვალე, რათა სხვებისთვისაც მაგალითი მეჩვენებინა.

- რამდენი ხანია, რაც რაჭაში დასახლდით?

- ჩემი პირველი დასაბუთებული აქეთ ყოფნა 2015 წელს პროექტით დავაფიქსირე. კვლევითი პროექტი მქონდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან, მაშინ წამოვედი და იმის მერე უკვე სისტემატურად აქეთ ვარ. ბავშვები პირველ კლასში აქ მივიყანე. ზაფხულობით სულ ჩამოვდიოდით ხოლმე. პერიოდულად ვაჩვევდი აქ ყოფნას.

- როგორ შეეგუენ ბავშვები ახალ გარემოს?

- კარგი იქნებოდა, უკეთესი პირობები დაგვხვედროდა ბავშვებისთვის, მაგრამ, ზოგადად, დატვირთული ცენტრებიდან მოშორებით, ესეთი ადგილები
ძალიან კარგია რეკრეაციისა და რეაბილიტაციისთვის. ბავშვები აქ უნდა იზრდებოდნენ იმიტომ, რომ ძალიან კარგი გარემოა.

- დრო რომ გავიდა, რამდენად სწორად თვლით თქვენს გადაწყვეტილებას?

- საკმაოდ სწორად მიმაჩნია. კლიმატია ძალიან კარგი, რესურსიცაა, უბრალოდ გამოუყენებელია. კლიმატი რასაც იძლევა, ადამიანის ხელი არ ეტყობა და გამოუყენებელია. პერსპექტივა ძალიან დიდი აქვს რაჭას და კარგი იქნება, ბევრი ადამიანი დაბრუნდეს აქ. ყველას ეყოფა აქაური ბუნებრივი რესურსი.

- როგორია მრავალშვილიანი მამობა?

- ალბათ, გაუჩერებელი მოქმედება.

- თქვენ ხართ დისციპლინის მოყვარული მამა თუ უფრო თავისუფლებას ანიჭებთ ბავშვებს?

- თავისუფლებას ხომ რაღაც რეჟიმი აქვს. უპირატესობას ვანიჭებ, რა თქმა უნდა, თავისუფლებას, მაგრამ წესრიგის ფარგლებში. ჩემი თავისუფლება შეიძლება იმხელაზე შემოვსაზღვრო, რომ სხვისი თავისუფლება შევზღუდო. ამიტომ, ბავშვები თავისუფლები არიან, თუმცა არსებობს რაღაც ზღვარი.

- რამდენად მკაცრი ხართ სწავლასთან მიმართებით?

- ჩემი შვილები სულ სწავლობენ და ძალიან მიხარია. აქეთ რომ გადმოვედით, უფრო მეტად მიაქციეს სწავლას ყურადღება. თბილისში თავად მიწევდა შეხსენება, რომ ემეცადინათ. დროსაც ვერ ვპოულობდი საიმისოდ, რომ ყურადღება მიმექცია. აქ  პედაგოგებიც ძალიან კარგები დაგვხვდენენ, განათლების მიმართაც ინტერესი გაუჩნდათ. ბევრი სხვა საკომუნიკაციო საშუალებები რომ არ აქვთ გარშემო, ძირითად დროს სწავლას უთმობენ. რა თქმა უნდა, თავისუფლებასაც ისწავლიან და მიზანსწრაფულობასაც.

- რა არის ყველაზე რთული მამობაში, რა დაბრკოლებებს აწყდებით, ძირითადად?

- მრავალშვილინობა ცალკე პასუხისმგებლობაა. მე ვფიქრობ, უნდა შეესაბამებოდეს მამისა და შვილების მიზნები. თვითონაც, როგორც პიროვნება, როგორც მამა, საზოგადოებაში წარმოდგენილი უნდა იყოს ისე, რომ შვილმაც ესეთივე მაგლითი აიღოს. დავუშვათ, სიმართლის კეთების მაგალითი. მე ესე მიმაჩნია, ესე ვცხოვრობ და შვილებსაც იმავეს ვეუბნებნები. არის რაღაც შეცდომები, რომლებიც მშობელმა დაუშვა და ის ცდილობს, რომ, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, შვილმაც იგივე შეცდომა არ დაუშვას, მაგრამ სიტყვით დაძალება არ ამართლებს. ვერ აღიქვამს ის ამას, ერთს ეუბნებით და სხვა რეალობაში ცხოვრობს. ამიტომ, მაგალითის მიცემაა მნიშვნელოვანი და ყველა მშობელი იმისკენ უნდა ისწრაფვოდეს, რომ კარგი მაგალითი მისცეს თავის შვილს.

- როგორ უმკლავდებით თქვენ და თქვენი მეუღლე 5 შვილის მარტო აღზრდას?

- ჩემმა მეუღლემ, აქ რომ გადმოვსულიყავით, საკმაოდ მნიშვნელოვანი და თამამი გადაწყვეტილებები მიიღო. რა თქმა უნდა, თავის ოჯახის გვერდითაა, ის გვეხმარება და ეგაა მთავარი ბურჯი. ჩემი მთავარი ინტერესი ისაა, რომ იყოს ხელშეწყობა, რათა ოჯახები, ბავშვები აქ დაბრუნდნენ. მართლაც ძალინ კარგი გარემოა და ბევრს ესიამოვნება აქ ყოფნა. ტურიზმის მიმართულებითაც, ძალიან პერსპექტიული მხარეა და თუ საოჯახო ტურიზმი განვითარდება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის პირობებში, დამიჯერეთ, რომ ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდება.

თამარ იაკობაშვილი




3831
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```