149-ე საჯარო სკოლის ინგლისურის პედაგოგის მაია ქსოვრელის და მისი დიდი გამოცდილების შესახებ ჩვენს მკითხველს უკვე აქვს წარმოდგენა. მისი ინტერვიუ საკმაოდ ბევრმა ადამიანმა წაიკითხა. მაშინ ის საუბრობდა თავის გამოცდილებაზე და პირველ სერიოზულ დადგმაზე, რომელიც ბავშვებთან ერთად განახორციელა. დადგმამ დიდი მოწონება დაიმსახურა და მოსწავლეების საყვარელ მასწავლებელს დიდი სტიმულიც მისცა შემდგომი აქტივობებისთვის.
ქალბატონი მაიას კლასი, თამამად შეიძლება ითქვას, ნამდვილ დასად იქცა და ამჯერად ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი სპექტაკლი "ეზოში ავი ძაღლია" შესთავაზეს მაყურებელს, თავიანთი ვერსიით, რასაკვირველია. სპექტაკლი ჯერ სკოლის კედლებში დაიდგა, მერე კი მოხუცთა თავშესაფარში - რა თქმა უნდა, ამასაც თავისი, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა და მაყურებლებს შორის თავშესაფრის ბინადრებიც იყვნენ.
სოციალურ ქსელში დიდი ოვაციები დაიმსახურეს ბავშვებმა და მათმა მასწავლებელმა, რადგან სპექტაკლი ნამდვილად შედგა - საინტერესო დადგმით, ძალიან ნიჭიერი ბავშვებით, კარგი იუმორით, ლამაზი დეკორაციებით და იმ ემოციით, რაც ბავშვებმა დაუტოვეს მაყურებლებს.
ამ ვიდეოში რამდენიმე სცენაა ასახული სპექტაკლიდან, რომელიც ნამდვილად შეგიქმნით წარმოდგენას ნიჭიერ ბავშვებზე.