27 წლის სიცოცხლით სავსე, ენერგიული ახალგაზრდა ქალი რევმატოლოგთან კონსულტაციაზე ხელის ტკივილების ჩივილით მივიდა, საბოლოოდ ხერხემალზე მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინეს.
როგორც, რამდენიმე თვის წინ ჩვენთან საუბარში მამა პანტელეიმონი ამბობდა, ბარბარეს ძვირადღირებული წამლები და თურქეთში სამკურნალოდ წასვლა სჭირდებოდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, ამას ვერ ახერხებდნენ. დიდი ძალისხმევისა და საზოგადოების მხარდაჭერის მიუხედავად, ბარბარე მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა. იგი 29 წლის ასაკში რამდენი თვის წინ გარდაიცვალა.
ძალიან ბევრ ადამიანს შესტკივა გული ოჯახზე, სადაც 3 პატარა უდედოდ დარჩა..
როგორც mshoblebi.ge - სთან საუბარში მამა პანტელეიმონი ანიშნავს, ბავშვების მოვლაში დედა ეხმარება.
- ბავშვებს, ძირითადად, მე ვუვლი და დედაც მეხმარება. ფინანსურად ისევ ისეთი მდგომარეობა გვაქვს. ახალციხეში ვცხოვრობთ ნაქირავებ სახლში. ბარბარე რომ ავად გვყავდა, ძალიან ძვირადღირებული წამლები გვჭირდებოდა. ახლაც გვიჭირს, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ვახერხებთ თავის გართმევას, ვუმკლავდებით ცხოვრებას.
- რა ასაკის არიან შვილები?
- ბავშვები 2, 4 და 6 წლის არიან.
- ობლები პატარები არიან, დედას არ კითხულობენ?
- ბავშვებმა რა უნდა თქვან, ყველაფერი იციან, მაგრამ ტრაგედიად არ მიაჩნიათ, ვუხსნი, რომ დედა ზეცაშია. ბარბარეს საფლავზეც ხშირად დავდივართ.
რუსკა კილაოსნია