ალბათ შეხვდებოდით სოციალურ ქსელში ფოტოებს, სადაც ბავშვებს დახატული აქვთ გულები მაჯაზე ან ხელისგულზე. ყველაფერი დაიწყო ამერიკელი ბლოგერის ლიზ პეტრონის პოსტით, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.
ადამიანები შეძრა იმ ისტორიამ, რასაც ახლა გიამბობთ: ერთხელ ლიზის ბავშვი უნდა ასულიყო სკოლის ავტობუსში, მაგრამ დედასთან განშორება არ უნდოდა და ტირილი დაიწყო. დედა ამშვიდებდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მეორე დღეს მან გადაწყვიტა საჩუქარი გაეკეთებინა შვილისთვის, ავტობუსში ასვლის წინ ხელზე აკოცა, მერე კი იმ ადგილას პატარა გული დაახატა და უთხრა, თუ მოენატრებოდა დედა, დაეხედა დედის დახატული გულისთვის და გაახსენდებოდა დედის სიტყვები, რომ ის ძალიან უყვარდა. მეორე დღეს პატარა ბიჭი ავიდა ავტობუსში და აღარ უტირია. ხელზე დახატული გული მას თავდაჯერებას მატებდა და ამშვიდებდა.
სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა ეს ამბავი. მომხმარებლები წერდნენ საკუთარ შემთხვევებსა და გამოცდილებებზე, თუ როგორ ამყარებდნენ თავის შვილებთან ემოციურ კონტაქტს. მაგალითად, ერთი დედა წერდა, რომ მოიგონა გულის ღილაკები, რომელიც დაიხატა თვითონ და შვილსაც დაახატა. როდესაც ბავშვი მარტო იგრძნობდა თავს, დააჭერდა ამ გულს და წარმოიდგენდა, დედა როგორ ეხუტებოდა მას. ეს პრაქტიკა ძალიან დაეხმარა პატარას რთული პერიოდის გადალახვაში.
ახლა შემოგთავაზებთ კიდევ რამდენიმე მეთოდს, რითაც შევძლებთ პატარას დახმარებას რთულ პერიოდში. არ ღირს ხშირად იმის გამეორება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ტვინი იმ მომენტში ვერ იღებს ამ ინფორმაციას. ამ დროს ირთვება ჩვენი ცნობიერის ემოციური ნაწილი. ასეთ დროს სჯობს ბავშვს ვთხოვოთ რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქოს. ეს გადატვირთავს ნერვულ სისტემას, ნუ დაივიწყებთ, რომ შფოთვა დიდ ადამიანზეც დამთრგუნველად მოქმედებს. უთხარით ბავშვს, რომ იცით, თუ რას გრძნობს ის, დაპირდით, რომ ყოველთვის იქნებით მის გვერდით მაშინ, როდესაც ამის საჭიროება ექნება მას. დღის ბოლოს დაუთმეთ დრო ბავშვს, 15-20 წუთი, რათა აღწეროს დღის მანძილზე დაგროვილი თავისი გრძნობები და ემოციები. ეს იქნება სიტყვით გადმოცემული თუ ნახატით. ეს პრაქტიკა დაეხმარება ბავშვს დაფარული ემოციებისგან გათავისუფლებაში. საუბრის ბოლოს მოიგონეთ მეთოდი, თუ როგორ გათავისუფლდეს ბავშვი სხვადასხვა შიშისგან (მაგალითად, ნახატის მეშვეობით ). დროთა განმავლობაში ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი პატარა... თუ უბრალო მეთოდები ვერ გეხმარებათ, ნუ შეგეშინდებათ სპეციალისტთან მიმართვის. ის დაგეხმარებათ სიღრმისეული მიზეზების აღმოჩენაში და შეძლებს თქვენი და თქვენი პატარის დახმარებას. მთავარია გახსოვდეთ, რომ ცხოვრება მშვენიერია და ყველაფერი დროთა განმავლობაში დალაგდება თავის ადგილზე. იგივე ასწავლეთ თქვენს შვილებსაც.