საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საკვირაო ქადაგება გამოქვეყნდა. ილია მეორემ მრევლს კიდევ ერთხელ მიულოცა აღდგომის ბრწყონვალე დღესასწაული და ქადაგებაში ოჯახისა და ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!
17 მაისს ჩვენ დავლოცეთ ოჯახები. ზოგიერთმა ადამიანმა მიიჩნია, თითქოს ვიღაცების წინააღმდეგ იყო ეს მოქმედება. არავითარი წინააღმდეგობა არა გვაქვს ჩვენ. ჩვენ გვაქვს დარდი საქართველოზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საქართველოს ოჯახებზე, საქართველოს მომავალზე.
მე მახსოვს ერთი ოჯახი, მღვდლის ოჯახი, რეპრესიების დროს ამ მღვდელს მიუსაჯეს ციხე ციმბირში გაგზავნით და მისმა მეუღლემ გამოიჩინა ისეთი დიდი სულგრძელება და ისეთი დიდი სიყვარული, რომ ამ გადასახლებულ მეუღლეს გაჰყვა იმ მატარებლით, რომლითაც მიჰყავდათ იგი. როცა ჩერდებოდა მატარებელი, ეს მეუღლე გადმოდიოდა მატარებლიდან და მუშაობდა ხალხში, რამდენიმე მანეთს იშოვიდა და მიჰქონდა საჭმელი თავისი მეუღლისათვის. შემდეგ ეს მოძღვარი მეუღლესთან ერთად დაბრუნდა გადასახლებიდან; მათ ეყოლათ შვილი და იგი გახდა დიაკონი, მამა კი კვლავ მღვდლობდა. ეს იყო ბედნიერი ოჯახი. ჩვენ ყველანი ოჯახიდან გამოსული ადამიანები ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ოჯახი მტკიცე იყოს საქართველოში.
ოჯახის სიმტკიცე არის ერის სიმტკიცე და ქვეყნის სიმტკიცე, ამიტომ მე იმ დღეს გითხარით თქვენ, რომ დაალოცვინეთ თავი, თქვენი თავი მშობლებს.
მე მახსენდება ჩემი სტუდენტობა. სტიპენდიას ვაგროვებდი და რომ მოვდიოდი არდადეგების დროს, მომქონდა საჩუქრები დედისათვის და მამისათვის. იმ პატარა საჩუქრებით ვახარებდი ჩემს მშობლებს და ჩემი მშობლები მლოცავდნენ. მე მაქვს პატარა პანაღია, ეს პანაღია ჩემი მშობლების საჩუქარია, ჩემი მშობლების დალოცვაა ჩემზე და მას ხშირად ვატარებ.
კიდევ ერთხელ გახსენებთ, განსაკუთრებით იმათ, ვისაც გყავთ მშობლები: გამოიყენეთ ეს ბედნიერი დრო და დაალოცვინეთ თქვენი თავი მათ. ეს მოგცემთ დიდ სიხარულს, დიდ ბედნიერებას. იხილეთ სრულად