მარი კოლხი ოთხი შვილის დედაა. ბოლო რვა თვის განმავლობაში დიდი განსაცდელი გამოიარა. მისი ოთხი წლის შვილს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ეს რვა თვე იყო მუხლჩაუხრელი ბრძოლის პერიოდი, ჭიდილი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. ბოლოს მაინც სიცოცხლემ გაიმარჯვა. დედა-შვილმა ერთად დაამარცხა ლეიკემია. ამ ფაქტს მარიმ ემოციური პოსტი მიუძღვა და საზოგადოებას ამცნო, რომ სურს ქველმოქმედებაში ჩაერთოს და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმაროს.
„ოთხი შვილის დედა გახლავართ. მყავს სამი ვაჟი და ერთი გოგონა. ორი წლის წინ ჩემი შუათანა ვაჟი, ოთხი წლის გიორგი მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიით დამიავადდა. მე სახლში დავტოვე უდედოდ სამი შვილი. ნაბოლარა ნანატრი გოგონა 1.2 თვის ფეხაუდგმელი და ენაამოუდგმელი, რომელსაც ვერ გაეგო დედა სად გაუჩინარდა, რატომ არ იკვებებოდა დედის რძით, რატომ იყო 80 წლის ბებოსთან.
მე დროებით დავბლოკე ყველაზე ფიქრი და იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ჩემს შვილთან გიორგისთან ერთად ვიცხოვრე რვა თვე, ოთხ კედელში გამომწყვდეულმა. კლინიკის ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებას „საერთო საცხოვრებელი " შევარქვი. ვცხოვრობდით დედები და შვილები. ერთმანეთის ტკივილი გვტკიოდა და სიხარული გვიხაროდა. ქიმიის აპარატთან დავმეგობრდით. სიკვდილს ყოველ დღე ვებრძოდით. სახეზე უიმედობა ასახულ ექიმებს იქით ვაიმედებდი: კარგად იქნება ყველაფერი-თქო. ღიმილი სახიდან არ გამქრობია. ზოგჯერ სიმწრით იღიმოდა ჩემი ბაგე, მაგრამ არ ვაძლევდი თავს უფლებას ნეგატიური ემოციები დამპატრონებოდნენ. იმედი არ დამიკარგავს.
რწმენას დიდი ძალა აქვს! არ დავეცი, გავძლიერდი, ტირილის ნაცვლად დავიწყე ხატვა. ცხოვრებაში არასოდეს ფუნჯი არ მჭერია ხელში, უბრალოდ მინატრია ბევრი წლის წინ „ნეტა ამ ბუნების ხატვა შემეძლის-თქო". თურმე სტრესის დროს ადამიანში რაღაც ამოუცნობი იღვიძებს, თურმე ბოლომდე არ ვიცნობთ საკუთარ თავს. ვატარებდი ექსპერიმენტებს, ცდებს, მთელი ღამეები ხატვაში, საავადმყოფოს დერეფანში ჩემს გამოგონილ მოლბერტთან მათენდებოდა. ხან ფურცელთა და კალამთა გროვასთან... ვაბედნიერებდი დილით გაღვიძებნისთანავე შვილს, რომელიც ელოდა ახალ ნახატს. ან ლექსს. იღიმოდა ბედნიერად „მხატვარ და პოეტ დედიკოს" მეძახდა. ის იყო ჩემი შემფასებელი თავისი ხალასი უზადო ღიმილით. ხარობდა, ხალისობდა. მე მას საავადმყოფო შევაყვარე. მინდოდა უფერულ, უცხო გარემოში არ გასჭირვებოდა და_ძმის გარეშე ცხოვრება. არ ჩავარდნილიყო დეპრესიაში, რაც ალბათ ხშირად ხდება საავადმყოფოში მოხვედრისას. ერთად ვთამაშობდით, ვიცინოდით, ვხატავდით, ვძერწავდით, ვსეირნობდით. იმედი არასოდეს დამიკარგავს... დიდება უფალს ჩემი შვილი იაშვილის კლინიკაში ხელმეორედ დაიბადა. მე ხელოვნებამ გადამარჩინა. წერამ და ხატვამ შემინარჩუნა სულიერი უდიდესი სიმშვიდე. ჩვენ ერთმანეთი გავაძლიერეთ! ერთად გადავლახეთ სირთულეები.
ჩვენ დავამარცხეთ ლეიკემია! საავადმყოფოდან დავბრუნდით შინ.
სხვანაირი თვალით დავუწყე ყურება ცხოვრებას, შევაფასე თუ გადავაფასე სხვადასვა მოვლენა. დაგადავწყვიტე თუ უფალი ინებებს და შემაძლებინებს გავხდე ქველმოქმედი. მე არანაირი ამბიცია არ გამაჩნია. არც ვინმეზე უარესი, არც უკეთესი ვარ... არვის ვეჯიბრები, არც ვბაძავ. მე ვარ უბრალოდ ადამიანი, ძალიან მიყვარს სიცოცხლე და ადამიანები. სიყვარულით ვიკვებები.
უფლის ნებაა ყველაფერი. მე მინდა მაგალითი მივცე ადამიანებს, რომ იბრძოლონ ბოლომდე!
არ დანებდნენ!
ადამიანებო, ერთად ვაკეთოთ სიკეთე. არ გავცივდეთ. თუნდაც ერთი ადამიანის გამოჯანმრთელებაში ჩვენი წვლილის შეტანა დიდი ბედნიერებაა.
მობრძანდით 30 მაისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში 6 საათზე. ჩემს საქველმოქმედო შემოქმედებით საღამოზე გამოფენა-გაყიდვაზე. მონაწილეობა მიიღეთ, რისი საშუალებაც გაქვს, თუნდ ერთი ლეიკემიით დაავადებული ბავშვის გამოჯანმრთელებაში.
უფალმა დაგლოცოთ! მიყვარხართ!"
პირველ საქმველმოქმედო საღამოს მარი 30 მაისს გამართავს, სადაც მარის ნამუშევრები გაიყიდება. შემოსული თანხა კი მოხმარდება 10 წლის მარიამ ბისიეშვილის. მარიამს ესაჭიროება ძვლის ტვინის ტრანპლანტაცია და საჭიროებს ფინანსურ დახმარებას.
მერი ბლიაძე