„მე ვარ ხათუნა კაპანაძე ზესტაფონიდან. მყავს 12 წლის პრინცესა - ქეთი გაჩეჩილაძე. ქეთი ნაადრევად დაიბადა და ექიმებმა მითხრეს, რომ შესაძლოა ვერ გადარჩენილიყო. ამის მოსმენის შემდეგ ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი იყო ის, რომ მას რაც შეიძლება დიდხანს ესუნთქა. ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ და გადავრჩით. მოგვიანებით მას დაუსვეს ცერებრული დამბლის დიაგნოზი და დღესდღეობით ეტლის მომხმარებელია.
თუმცა ჩემთვის მთავარი სიხარული ის იყო, რომ ის გადარჩა. ამის შემდეგაც ყველაფერს ვაკეთებდით მის დასახმარებლად, გავიარეთ არაერთი სარეაბილიტაციო კურსი თბილისში. ექვსი წლის ასაკში დაემატა ეპილეფსიის დიაგნოზი, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.
ქეთი ახლა მეოთხე კლასის მოსწავლეა და აქტიურად დავდივართ დღის ცენტრში „ორიონი“. ორიონამდე ჩვენი ცხოვრება არაფერი იყო თუარა სახლში ჯდომა და მედიკამენტების მიღება. ახალი კი, მათი დახმარებით, გავხდით საზოგადოების ძალიან აქტიური წევრები.
მიუხედავად პროგრესისა, მაინც არაერთ პრობლემას ვაწყდებით ყოველდღიურად. იყო შემთხვევა, როდესაც ქეთის კლასის მშობლებმა გააპროტესტეს ქეთის სკოლაში სიარული და თავიანთ შვილებს აუკრძალეს მის გვერდით ჯდომა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის გამო სკოლაში სიარული არ შეგვიწყვიტავს, თუმცა ერთმა მშობელმა ბავშვი სხვა კლასში გადაიყვანა.
ასევე ახლახანს ქეთის მოპარეს ეტლი, რომელსაც სადარბაზოს შესასვლელში ვტოვებდით ხოლმე, რადგან მიჭირდა მისი ხელით ატანა. მალევე გვაჩუქეს ახალი ეტლი, მაგრამ სამწუხაროდ, არ არის ქეთიზე მორგებული.
და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ხან ვიმარჯვებთ, ხანაც მარცხი გვაქვს, მაგრამ ჩემს თავს მაინც ძალიან იღბლიან დედად ვთვლი, რადგან ღმერთმა ქეთი გადამირჩინა, მისი თითოეული ამოსუნთქვა ყველაზე ტკბილი წამია ჩემთვის“.
ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი