მსახიობ ლაურა რეხვიაშილს არაერთი როლი აქვს შესრულებული თეატრსა თუ კინოში, მას განსაკუთრებული სიყვარული და პოპულარობა ბაბულას როლმა მოუტანა კინოფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა". ახლა მსახიობი ქართული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალებში" ეგონას როლს ასახიერებს და აღსანიშნავია, რომ მისი გმირი დიდი პოპულარობით სარგებლობს მაყურებელში.
გუშინ მსახიბი იუბილარი იყო და უამრავი ადამიანისგან იღებდა მილოცვებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე, განსაკუთრებული ყურადღება კი ერთმა მილოცვამ მიიპყრო, რომელიც მსახიობის ვაჟს ეკუთვნოდა.
მათე ნაცვლიშვილმა დედას ახალგაზრდობის ფოტო გაასაჯაროვა და ამ ფორმით მიულოცა იუბილე.
როგორც, მსახიობი "თბილისელებთან" ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, შვილი რომ გაუჩნდა, იძულებული გახდა, ქალაქიდან გაქცეულიყო.
"მე მყავს ერთი მათე, რომელიც ძლივს გავაჩინე (იცინის), რადგან მიშა თუმანიშვილი იყო ეჭვიანი ადამიანი, რომელსაც არ აწყობდა მსახიობების დაქორწინება, სანამ თავის პროგრამას არ შეასრულებინებდა. მათე რომ გამიჩნდა, იძულებული გავხდი, ქალაქიდან გავქცეულიყავი. მაშინ ვაშლიჯვარში, კინოსტუდიის კორპუსში ვცხოვრობდით. ბავშვი ხელში მეჭირა და ძუძუს ვაჭმევდი, თან წელში მოხრილი დავდიოდი, რომ ფანჯრიდან შემოვარდნილ ტყვიას მე და ჩემი შვილი არ ვემსხვერპლეთ. ამიტომ ჩემი მშობლების სოფელში გავიქეცი. არ ვიცი, მაშინ ან ტყვიას ან შიმშილს როგორ გადაურჩნენ აქ მყოფები. იქ ჩვეულებრივი სოფლის ცხოვრებით ვცხოვრობდი და ძალიან კარგადაც ვიყავით".
მოამზადა რუსკა კილასონიამ