ცოტა ხნის წინ mshoblebi.ge-ს რედაქციას მოქალაქემ მიმართა, რომელსაც უმძიმესი პაციენტისთვის შესაბამისი ჯგუფის სისხლი დასჭირდა. კლინიკას სათანადო მარაგი არ ჰქონდა. იგი არ აღმოაჩნდა არც სისხლის ნაციონალურ ბანკს. დავინტერესდით, რა გზას შეუძლიათ მიმართონ მოქალაქეებმა მსგავსი პრობლემის დროს.
სისხლის ნაციონალური ბანკის ინფორმაციით, მათთან მესამე უარყოფითი სისხლის გარდა, ამ ეტაპზე სხვა ტიპის სისხლი არ არის. მოქალაქეები, რომლებსაც გადაუდებლად ესაჭიროებათ სისხლის გადასხმა მათგან, ამ ეტაპზე, ვერ ისარგებლებენ მესამე უარყოფითი სისხლის გარდა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა იგრძნონ პასუხისმგებლობა და ჩააბარონ სისხლი, რათა დაეხმარონ სხვებს სიცოცხლის გადარჩენაში. თუ ისინი არ ჩაგვაბარებენ სისხლს, ჩვენ ვერაფერს გავხდებით", - ამბობენ საქართველოს სისხლის ნაციონალურ ბანკში.
სისხლის სტაბილური მარაგი არ არსებობს. შესაძლებელია, დილით ჩააბარონ მოქალაქეებმა და რამდენიმე საათში გავიდეს. ამიტომ, მოქალაქეებიის მხრიდან უანგარო დონაციის საჭიროებაზე ბევრი სისხლის ბანკი საუბრობს. მათ შორისაა ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი: "საქართველოში უანგარო დონაციის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. აუცილებლად უნდა მოიმატოს ამ მაჩვენებელმა, უსაფრთხო სისხლის გამო მაინც."
საქართველოში რამდენიმე დაწესებულებაა, რომელსაც სისხლის მარაგი გააჩნია.
იმ კლინიკებს, რომლებთანაც მათ ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული, სისხლი უფასოდ გადაეცემათ. ხოლო, ხელშეკრულების გარეშე, თავად კლინიკას მოუწევს თანხის გადახდა.
საქართველოში სისხლის რამდენიმე ბანკი არსებობს, თუმცა იმის გარანტია, რომ აუცილებლად ექნებათ საჭირო დროს საჭირო ჯგუფის სისხლი, არ არსებობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ კლინიკას შესაბამისი სისხლის მარაგი არ აქვს, მას სხვა კლინიკებისგან შეუძლია მოითხოვოს, თუ იქაც არ არის, სისხლის ბანკის გარდა სხვა ალტერნატივა, კერძო დონორის გარდა, არ არსებობს.