სკოლის დამთავრების აღსანიშნავი ბანკეტი საქართველოში ურყევი ტრადიციაა. მიუხდდავად იმისა, რომ ოჯახების მატერიალური მდგომარეობა არ უმჯობესდება, მშობლები მაინც ხელგაშლილად აფინანსებენ შვილების ამ ერთ დაუვიწყარ დღეს. საბანკეტო ხარჯები საშუალოდ 500-1000 ლარს შეადგენს, თუმცა ზედა ზღვრის დადგენა საკმაოდ რთულია. ასეთ გრანდიოზულ წვეულებებს ბევრი უგემოვნოდ და დრომოჭმულად თვლის. დავინტერესდით, როგორ არის ამ მხრივ საქმე ჩვენზე მდიდარ, პროგრესულ და განვითარებულ ქვეყნებში. როგორ აღნიშნავენ სკოლის დამთავრებას იქაური ახალგაზრდები.
ხშირ შემთხვევაში მეჯლისისთვის მზადება სასწავლო წლის დასაწყისში იწყება. ამ დროს დამამთავრებელი კლასი მეჯლისის მოსაწყობად სპეციალურ კომიტეტს ირჩევს, რომელიც მეჯლისის ორგანიზებას იწყებს. ისინი არჩევენ მეჯლისის თემას, ქირაობენ დიჯეის და ამზადებენ დეკორაციებს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკელი მოსწავლეების მშობლები სკოლის დამთავრების აღსანიშნავად მნიშვნელოვან თანხას ხარჯავენ. ისინი ქირაობენ ლიმუზინს ან ძვირფას ავტმობილებს, ყიდულობენ ძვირადღირებულ კოსტიუმებსა და საღამოს კაბებს. მათ სურთ ყველასგან განსხვავებულად და საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ გამოსაშვებზე. ალკოჰოლური სასმელების ყიდვა და მოხმარება მეჯლისზე აკრძალულია.
ღონისძიების ბოლოს, სკოლის დირექტორი მეჯლისის მეფესა და დედოფალს ასახელებს, რაზეც თითოეული მოსწავლე ოცნებობს.
პოლონელები ბანკეტს სკოლის დამთავრებდამე 100 დღით ადრე იანვარში მართვენ. როგორც წესი მოსწავლეები ძვირადღირებულ და მდიდრულ დარბაზს ქირაობენ და საუკეთესო ტანსაცმლით მიდიან. აღსანიშნავია, რომ ტრადიციის მიხედვით გოგონები კაბის ქვეშ წითელი მაქმანის ლენტს იკეთებენ. ალკოჰოლის მოხმარება ბანკეტზე შეზღუდულია და დასაშვები მხოლოდ ერთი ბოკალი ღვინის დალევაა. წვეულებას როგორც წესი სამეჯლისო ცეკვა პოლონეზი ხსნის, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში სამეფო კარის მეჯლისებს ხსნიდა. საღამოს ბოლოს კი სახელდება წვეულების მეფე და დედოფალი.
ნორვეგიელი მოსწავლეები სკოლის დამთავრებამდე ერთი კვირით ადრე სხვადასხვა ფერის კომბინიზონებს იცვამენ. მაგალითისათვის, წითელ კობინიზონს იცვამს ის, ვინც გადაწყვიტა ეკონომიკის მიმართულებას გაჰყვეს, ლურჯს ის, ვისაც მეცნიერად გახდომა სურს, შავი ტექნიკოსების ფერია, თეთრ კომბინიზონს კი სპორტსმენები იცვამენ.
გამოსაშვებ საღამოზე კი ნორვეგიელები ნაციონალური სამოსით მიდიან. გოგონები დედის ან ბებიის ხელით შეკერილი კაბით იწონებენ თავს. საზეიმო საღამოს შემდეგ კი, ახალგაზრდები სპორტულ ფორმაში გამოწყობილები მიდიან დროის გასატარებლად.
ავსტრალიაში გამოსაშვებ საღამოს მეტად მოკრძალებულად აღნიშნავენ. მოსწავლეები მანქანებს ერთობლივად ქირაობენ, რათა უფრო ნაკლები დანახარჯი ჰქონდეთ. ამასთანავე, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსწავლეები უცნაურ ტრანსპორტს ქირაობენ ბანკეტზე მისასვლელად, მაგალითად პოლიციისა თუ სახანძრო მანქანას ან თუნდაც ურემს. აღსანიშნავია, რომ ავსტრალიაში გამოსაშვებ საღამოზე ზომიერად დალევა დასაშვებია.