ეს მშვენიერი ბაღი ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელშია. დუღაშვილებმა პაპის ძველი მარანი გააცოცხლეს, ტურისტულ კერად აქციეს და უამრავ ადამიანს მასპინძლობენ. ცოლ-ქმარი ოთხი შვილით სრულად არის ჩართული ამ ყველაფერში, ყველას თავ-თავისი საქმე აქვს განაწილებული და ერთმანეთს გვერდში უდგანან. ყვავილებით გადაპენტილ ეზოზე ოჯახის დიასახლისი, ყოფილი მასწავლებელი ეთერ მაჭავარიანი ზრუნავს.
- დავიწყებ ჩემთვის ყველაზე ყველაზე საამაყო ამბით: პირველ რიგში, გახლავართ ოთხი შვილის დედა. პროფესიით ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, 42-წლიანი სამუშაო გამოცდილებით... თუმცა, შარშან, როდესაც ჩემს ოჯახს დასჭირდა, სამსახურიდან წამოვედი და ჩვენს საერთო საქმიანობაში აქტიურად ჩავერთე.
- ყვავილების სიყვარული ბავშვობის ასაკიდან დედამ ჩაგვინერგა. სპეციალობით ბიოლოგს, საუკეთესო ეზო და ყვავილნარი ჰქონდა. დედასთან ერთად მეც ვცდილობდი მონაწილეობა მიმეღო ეზოს გალამაზებაში.
მას შემდეგ, რაც ჩემმა შვილებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენი სახლი კახეთში ტურისტულ ობიექტად ექციათ, მე, რა თქმა უნდა, ყველანაირად გვერდში დავუდექი მათ. საკუთარ თავზე ავიღე კულინარიული საქმიანობა და ასევე, ბაღის მოწყობა- გალამაზება. დავიწყე ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა ვებ-გვერდზე, ვიწერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საუცხოო ყვავილებს - ნერგებსა და თესლს. ყვავილებს შვილებივით ვუვლი და ეს ყველაფერი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. განსაკუთრებით მახარებს ის მომენტი, როცა ჩვენი სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ ჩვენი ღვინის ეზოს მონახულებისას.
- ვფიქრობ, ყველა საქმეში მთავარი მაინც სიყვარულია! ერთხელ, ჩემმა სტუმარმა, პატივისცემის ნიშნად ყვავილების ულამაზესი თაიგული მაჩუქა. შვილებს ხუმრობით ვუთხარი, რომ მე ამ თაიგულიდან ყველას გავახარებდი. მათ გაეცინათ - როგორ შეიძლებოდა მოწყვეტილი უცხოური ჯიშის ყვავილის დაფესვიანება?! - რამდენიმე დღის წინ ვაჩვენე ჩემს შვილებს, თუ როგორ ყვავიან მოწყვეტილი თაიგულიდან - უკვე გახარებული და მიწაში მცხოვრები ყვავილები... ეს მართლაც უდიდესი სიამოვნებაა ჩემთვის. ვაპირებ, ფოტო გადავუღო და გავუგზავნო იმ ტურისტს, რომელმაც ეს ყვავილები მომართვა... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები