ქართველმა სამხედროებმა რუსთავში ცეცხლმოკიდებული ბინიდან ბავშვები გამოიყვანეს. როგორც ირკვევა, 42- ე ბატალიონის ჯარისკაცები 26 მაისს რუსთავში გასამართ ღონისძიებაზე მიდიოდნენ და გზიდან შეამჩნიეს დაკვამლიანება. შემთხვევის ადგილზე მისულ დავით კვიწინაძეს, ალექსანდე ჯანიაშვილს და გიორგი მუსელიანს ბინაში ძლიერი ხანძარი დახვდათ.
როგორც mshoblebi.ge- სთან საუბარში გიორგი მუსელიანი აღნიშნავს, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე დახვდათ და ძლიერი დაკვამლიანების გამო სუნთქვა იყო შეუძლებელი.
"დაახლოებით დილის 7 საათი იქნებოდა. მანქანით გადავაადგილდებოდით, რა დროსაც შევნიშნეთ გზიდან ხანძარი. 5 ბავშვი იყო და ვინ რომელი ბინიდან გამოვიყვანეთ მართლა არ მახსოვს. ცეცხლი მხოლოდ ერთ ოთახში, იყო მაგრამ დაკვამლიანება მოედო სხვა ბინებსაც და იქედანაც გამოვიყვანეთ ბავშვები. მალე საპატრულო და სახანძრო ჯგუფებიც მოვიდნენ“.
აღსანიშნავია, რომ ხანძრის დროს მაღალი დაკვამლიანების გამო სამხედროებმა მძიმე ინტოქსიკაცია მიიღეს და სავადმყოფოებში იწვნენ. ახლა მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და სამივე მათგანი გაწერილია სამედიცინო დაწესებულებებიდან.
რუსკა კილასონია