ლაგოდეხის ნაკრძალში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელსაც 16 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა, წამოჭრა საკითხი, უნდა ვატაროთ თუ არა სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე. დღეს კი კიდევ ერთი მოსწავლის სიცოცხლე აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ. 7 წლის ბიჭი ძეგლ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სიმაღლიდან გადმოვარდა და დაცემისას სხეულის დაზიანებები მიიღო.
რა უნდა ვიცოდეთ ექსურსიებზე და არის თუ არა მასზე უარის თქმა გამოსავალი, ამ თემაზე ჩვენს კითხვებს პასუხობს გეოგრაფი, მოგზაური, გიდი, ფეისბუქ ჯგუფ “მეგობრებთან ერთად აღმოაჩინე საქართველოს“ დამფუძნებელი თინათინ მოსიაშვილი.
- რასაკვირველია, ძალიან მძიმე შემთხვევაა, რაც მოხდა და პირველყოვლისა, ვუსაძიმრებ გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებს და მასწავლებებსლებს, რადგან ეს არის ურთულესი განსაცდელი და გამოცდილება მასწავლებლებისთვისაც. მე ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ეს პასუხისმგებლობა.
ასეთი შემთხვევების შემდეგ ხშირად საკითხი ასე დგება: უნდა ვატაროთ, თუ არა მოსწავლეები ექსკურსიებსა და ლაშქრობებზე. ჩემი აზრით, ეს ნამდვილად არასწორად დასმული კითხვაა. თვითმფრინავის კატასტროფებისა თუ ავტოშემთხვევების მიუხედავად, ჩვენ დავფრინავთ თვითმფრინავით, ვმგზავრობთ ტრანსპორტით.
განათლების სისტემაში არსებული პრობლემების მიუხედავად, გავაუქმოთ სკოლა? რასაკვირველია, არა!
- ექსკურსია, ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრით, ისეთივე ნაწილია საგანმანათლებლო პროცესისა, როგორც საგაკვეთილო პროცესი. შეიძლება ითქვას, ხანდახან უფრო მეტად მნიშვნელოვანიც, ვიდრე რომელიმე კონკრეტული თემა თუ გაკვეთილი. ექსკურსიის ფუნქციებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ შემეცნებისა და თვალსაწიერის გაფართოების პროცესია და ამ მხრივ ექსკურსია ძალიან ჰგავს საგაკვეთილო პროცესს, გაკვეთილს ღია ცის ქვეშ. ეს კი გაცილებით საინტერესოა, გაცილებთ სახალისო, თუმცა ამავე დროს საპასუხისმგებლოც.
მე რომ მკითხოთ, არათუ ჩვეულებრივ კულტურულ-შემეცნებით ექსკურსიაზე, მოსწავლე სკოლას ისე არ უნდა ამთავრებდეს, რამდენიმედღიან ლაშქრობაში რომ არ მოუწიოს წასვლა.
უნივერსიტეტებში ვმუშაობ, ტურიზმის მიმართულების სტუდენტებს ვუკითხავ და კარგად ვიცი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სამწუხაროდ, რა მოუმზადებელი ახალგაზრდები მოდიან.
ბუნებაში ორიენტაცია, კარვის გაშლა, საველე პირობებში კვება - ეს უნარები და საერთოდ მოლაშქრეობის კულტურა - ჩემი აზრით, ახალგაზრდებში სწორედ სკოლამ უნდა ჩამოაყალიბოს.
"მშობლებმა ატარონო", - წერდა წეღან ერთი მშობელი, მესმის, რომ უდიდეს ტრაგედია მოხდა, ხდება ასეთი შემთვევებიც, მაგრამ სკოლას დიდი როლი აქვს ამ საქმეში.
ამ შაბათ-კვირას სუდენტებთან ერთად ვიყავი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, ერთი ჯგუფი პანტიშარამდე და ნაწილი მიჯნისყურემდე
ჩავედით. მიჯნისყურეს (საქართველოს უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი წერტილია) ვინ ჩივის, ბევრი ჩემი სტუდენტი ისე მოდის, რომ მცხეთაში ან კახეთში არ არის ნამყოფი.
ექსკურსიებსა და სასკოლო ტურებს გაცილებით დიდი ფუნქცია და მნიშვნელობა აქვს, ვიდრე რაიმე ძეგლის მონახულება და მერე ქეიფი და დროსტარებაა. თუმცა კლასის ერთად ყოფნას, თამაშს, გართობას, დაახლოების და თუნდაც მწვადის შეწვასაც, კი, ბატონო, აქვს თავისი ხიბლი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მთავარი. სკოლამ, მასწავლებელმა, კლასის ხელმძღვანელმა წინასწარ კარგად უნდა გაიაზრონ, რატომ მიდიან ტურზე.
- ექსკურსიების დროს ვინ მიჰყვება ბავშვებს, ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა?
- დავიწყოთ იქედან, რომ ექსკურსია უნდა იყოს კარგად დაგეგმილი და გააზრებული, გავიაზროთ, სად და რა მიზნით მიგვყვას ბავშვები, ექსკურსია უნდა იყოს საგაკვეთილო პროცესის გაგრძელება. რასაკვირველია, ცალკე საკითხია ექსკურსიის მართვა, რომელიც, ცხადია, ურო რთულია, ვიდრე საგაკვეთილო პროცესის მართვა.
- მე ვიცი სკოლები, როცა მშობლები ჩვეულებრივ ექსკურსიებზე თითქმის არ დაჰყავთ, განსაკუთრებული რაიმე შემთხვევის გარდა. რასაკვირველია, კარგი იქნება, თუ ტურს უძღვება გამოცდილი გიდი. ზოგადად არსებობს ნორმატივი იმის, რამხელა ჯგუფს რამდენი გამყოლი უნდა ჰყავდეს. სალაშქრო მარშრუტზე თავსა და ბოლოში, დიდი ჯგუფის შემთხვევაში შუაშიც რამდენიმე გამოცდილი მეგზური უნდა იყოს. ეს აქსიომაა.
- მშობლები ხშირად ეხმარებიან მასწავლებელს, მაგრამ ხან, პირიქით, არის შემთხვევები, როცა შეიძლება ხელიც შეუშალონ ექსკურსიის მიზნის შესრულებაში. მასწავლებელმა დაგეგმვის ეტაპზე უნდა განსაზღვროს, რა და როგორ სჭირდება, თუმდაც რომელ კოლეგებთან ერთად ურჩევნია დასახული მიზნის მიღწევა.
- ზემოთ აღიშნული კონკრეტული შემთხვევის დროს დაისვა კითხვა, რამდენად რთული მარშუტი იყო მოსწავლეებისთვის ნინოსხევის ჩანჩქერი?
- მე რამდენჯერმე ვარ ნამყოფი ამ მარშრუტზე, დიდი ჯგუფებიც გვყოლია. ეს მარშრუტი არ მიეკუთვნება ძალიან რთული მარშუტების კატეგორიას. დაახლოებით 14 კილომეტრის გავლა გვიწევს ტყეში, მდინარის ხეობაში. წესით, უფროსკლასელებმა უპრობლემოდ უნდა შეძლონ მისი გავლა. თუმცა მაისი ამ მიმართულებისთვის ცოტა ადრეა, მთაში ჯერ კიდევ თოვლი დევს, წვიმების პერიოდია და წვიმებსა და ადიდებულ მდინარეს ხშირად ხის ხიდები მიაქვს. სირთულეა ისიც, რომ ტელეფონიც არ იჭერს. ამ მარშრუტზე ივლის-აგვისტოა საუკეთესო პერიოდი.
ახლა ყველა მასწავლებელმა იცის, რომ ექსკურსიის დააგეგმვისას გასათავლისწინებელია სეზონური და ასაკობრივი ფაქტორები.
კიდევ ერთი რჩევა, დაცულ ტერიტორიაზე შესვლისას აუცილებლად მიდით კონკრეტული დაცული ტერიტორიის ოფისში, აუცილებლად გაიარეთ რეგისტრაცია. იქ მომუშავე ადამიანები, ვიზიტორთა სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან თუ რეინჯერები, ჩვენზე კარგად იცნობენ თავიან მხარეს და ჰკითხეთ მათ რჩევა. ამავე დროს გაეცანით ცენტრში არსებულ მუზეუმს ან სტენდებს, სადაც ძალიან საინტერესო მასალაა გამოფენილი.
განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეგულაციებითაც არის განსაზღვრული, ტექდათვალიერებისა და დაზღვევის არსებობა, ასევე ისეთი ადამიანის ყოფნა მარშრუტზე, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი მაინც აქვს გავლილი.
ცხადია, არასოდეს 100% არავინ არის დაცულული უბედური შემთხვევებისგან, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ექსკურსიებზე წასვილისას, საფრთხის შემცველი რისკი დავიდეს მინიმუმადე.
- და მაინც რატომ არის ექსკურსიებზე სიარული მნიშვნელოვანი?
- დღეს ჩვენს ქვეყნას ძალიან სჭირდება ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ თავიან სამშობლოს, იციან მისი სატკივარი. აი, ხომ ბევრს ვსაუბრობთ დავით გარეჯზე და როგორც ფიქრობთ ხალხშიც და ხელისუფლებაშიც რამდენია, ვინც ზუსტად იცის, რა პრობლემა გვაქვს იქ, ან სად გადის საზღარი? არადა, ასეთი საკითხები თუნდაც მხოლოდ გაკვეთილებიდან არ და ვერ ისწავლება. იქ უნდა ჩახვიდე, იქ უნდა ნახო. რამდენიც უნდა ვესაუბრო მე სტუდენტს ან მოსწავლეს ხევზე, ხევსურეთზე, თუშეთზე, ხევსურეთზე, თავად თუ არ ნახავს, ვერ იგრძნობს. დილა რომ თენდება და მიჯნისყურეს მზის სხივი ეფინება, ან შატილის კოშკები ნათდება ან გახსნილი მყინვარი დაჰყურებს გერგეტს, ეს თავად უნდა ნახოს! თავად უნდა ნახოს, თორემ სხვაგვარად იქნება ჩემი ემოცია. ქვეყნის ისტორია და გეოგრაფია მხოლოდ წიგნებიდან, რუკებიდან და ფილმებიდან არ ისწავლება.
ექსკურსიები, ტურები, ლაშქრობები სწორედ ის რესურსებია, რასაც ქვეყნის ცოდნისა და სიყვარულისკენ მივყავართ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მოლაშქრეობისა და ექსკურსეებზე სიარულის კულტურაც სწორედ პირველივე კლასიდან უნდა დაინერგოს.
რუსკა კილასონია