ვინ იყო სინამდვილეში ცნობილი გინეკოლოგი ჩაჩავა და რას სთხოვდა ქართველ ქალბატონებს - მშობლები

ვინ იყო სინამდვილეში ცნობილი გინეკოლოგი ჩაჩავა და რას სთხოვდა ქართველ ქალბატონებს

2019-05-29 08:33:34+04:00

თბილისში არსებობს უძველესი სამედიცინო დაწესებულება, სადაც, შექმნის დღიდან, 500 000-მდე ახალშობილი დაიბადა. ჯერ კიდევ 1873 წელს გაიხსნა მცირე სამშობიარო სახლი, რომლის ბაზაზეც შემდეგ დაიწყო ახალი სამშობიარო სახლის მშენებლობა. მოგვიანებით მას მიენიჭა აკადემიკოს, კონსტანტინე ჩაჩავას სახელი და ეწოდა "აკადემიკოს ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი". ხალხმა ეს სახელი შეამოკლა და "ჩაჩავას კლინიკა" დაარქვა. კონსტანტინე ჩაჩავა არის ერთ-ერთი, ვინც შეცვალა მედიცინის სამყარო. მას წელს, 21 მაისს 100 წელი შეუსრულდებოდა. პროფესორის მოღვაწეობასა და ცხოვრებაზე მისმა მოსწავლემ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა და ჩაჩავას კლინიკის ექიმმა, დოდო სიგუამ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო გადაცემაში "სახლისკენ" ისაუბრა.

- ბატონ კოტეს აქვს ძალიან დიდი დამსახურება. მისი შრომები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ აღიარება მოიპოვა არა მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირში, არამედ მთელ მშოფლიოში. ბატონი კოტე მეანობაში იყო ახალი მიმართულების ფუძემდებელი, რომელიც ეხებოდა ნაყოფის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებას. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც მთელი მსოფლიო ნაყოფიდან მდგომარეობას იღებდა ყურით მიდებული სტეტოსკოპით და ბატონმა კოტემ მოსწავლეებთან ერთად, პირველად შეიმუშავა ნაყოფის პირდაპირი ელექტრო ენცეფალოგრამა. ის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი პერინატოლოგი და იმდენად იყო აღიარებული მისი მეცნიერული შრომები, რომ ჩვენს ინსტიტუტს 1981 წელს შეარქვეს მისი სახელი. როდესაც ჩვენ ვემზადებოდით ბატონი კოტეს 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ის გარდაიცვალა.

- ბატონი კოტე გარდა იმისა, რომ კვალიფიკაციას იმაღლებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ის უცხოეთში აგზავნიდა ახალგაზრდა კადრებს, რაც სრულიად წარმოუდგენელი იყო მაშინ. როგორ ხდებოდა ეს?

-ბატონ კოტეს ძალიან უყვარდა ახალგაზრდები. მეოცე საუკუნის დასასრულს, ვინც კი რაღაცას წარმოადგენდა მეანო- გინეკოლოგიაში, ყველანი იყვნენ მისი მოსწავლეები. ბატონმა კოტემ დაამყარა კავშირი სხვადასხვა ქვეყანასთან. მაშინ ეს ძალიან ძნელი იყო, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი იყო მისი ეს წამოწყებული სამეცნიერო შრომები, რომ ჩვენს ინსტიტუტთან ურთიერთობა უნდოდა სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს. აქ იყო: უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, გერმანია, იაპონია. შემდეგ უკვე ეს კავშირები გააგრძელა მისმა მოსწავლემ, პალიკო კინტრაიამ. საინტერესო კონფერენციებს აწყობდნენ. ისინი ჩვენთან ჩამოდიოდნენ, ჩვენი ექიმები იქ მიდიოდნენ და ძალიან საინტერესო ცხოვრება გავიარეთ, ბატონი კოტეს ხელმძღვანელობით. ინსტიტუტში ძალიან ხშირად მოდიოდნენ სტუმრები. ერთ-ერთი პირველი პერინატოლოგი, გიუსტ რუტი, იყო ჩამოსული, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისის პერინატალური მედიცინის და მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტი მექაა, სადაც მსოფლიოს ყველა პერინატოლოგი უნდა ჩამოვიდეს და ისწავლოს. ის, რაც ბატონმა კოტემ და მისმა მოწაფეებმა სამოციან წლებში დაიწყო, მთელ მსოფლიოშია დანერგილი.

- დაახლოებით 18 წლის წინ და უფრო ადრე ბავშვის გაჩენისას მთელი ყურადღება გადატანილიყო იყო ბავშვზე. კონსტანტინე ჩაჩავა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დედას და ნაყოფს ზუსტად ერთნაირ ყურადღებას აქცევდა და ერთნაირდ იბრძოდა მათ გადასარჩენად.

- ამ ადამიანს ასეთი უნარი ჰქონდა. მას შეეძლო, განესაზღვრა რა და როგორ იქნებოდა მომავალში. არსებობს მსოფლიო ორგანიზაცია "ნაყოფი, როგორც პაციენტი" . ამ ასოციაციის პროფესორები ჩამოდიან, რომ აღვნიშნოთ მისი იუბილე და პატივი მივაგოთ მის ხსოვნს, რადგან ის სხვადასხვა ქვეყნის აკადემიკოსი იყო. ეს ძალიან დიდი საქმე და დამსახურება იყო, იმ დროისათვის.

-გენიოსები ყოველთვის არიან რთულად საურთიერთო ადამიანები. როგორი შემთხვევა იყო კონსტანტინე ჩაჩავა?

- საოცარი ადამიანი იყო. ეგეთი მეორე აღარ არსებობს. ეს იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო, დაემყარებინა ურთიერთობა თავის ტოლთან, მეცნიერთან და უმცროს მედდასთან ერთნაირად. ისე დაელაპარაკებოდა, ისე მოკითხავდა, ისე თბილად გამოკითხავდა ოჯახურ ამბებს. კარისკაცსაც დაუჯდებოდა, დაელაპარაკებოდა, მოიკითხავდა. სხვაინაირი ადამიანი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მისი ახალგაზრდებისადმი დამოკიდებულება. ძალიან უყვარდა ახალგაზრდები. თავად ჰქონდა უნარი, ამოერჩია, ვინ გახდებოდა ძლიერი მეანი, ვინ - გინეკოლოგი, ვინ - მეცნიერი. მან გამოიცნო ბატონი პალიკო კინტრაიას შესაძლებლობები და გვერდში დაიყენა. ზუსტად მან გააგრძელდა ბატონი კოტეს წამოწყებული საქმეები. ბატონი კოტე შესახედავად იყო ძალიან სიმპატიური, სპორტული აღნაგობის, ყოველთვის იყო ელეგანტური. სიცოცხლის ბოლო წლებშიც კი ძალიან კარგად გამოიყურბოდა. მან იცოდა, რომ მძიმედ იყო ავად და თავისი ინტელიგენტური ბუნებიდან გამომდინარე, ამას არავის აგრძნობინებდა. ჩვენ ხელს გვიწყობდა ყველანაირად. დევიზი ჰქონდა, ჯერ ვიყავით ჩვენ კარგი ექიმები და მერე უნდა დაგვეწყო მეცნიერული კვლევები. მან ქართველ ქალებს დაუტოვა ანერძი "ნუ დაკარგავ ახალ სიცოცხლეს". ეს ანდერძი ყველა დროს უხდება . "ერის გამრავლება ყოველთვის ყოფილა და არის ერისკაცთა საზრუნავი და რაკი ქართულ ენაში ერისკაცობა ერისქალობასაც ნიშნავს, ისევ ჩვენს ქალებს მინდა შევევედრო, ნუ დაკარგავთ დედობის სიხარულს. "

altგარდაცვლილ ორსულს იქვე, ეზოში გაუჭრა მუცელი - ქართველი გინეკოლოგის საოცარი გამბედაობის ამბავი