როგორი ზაფხული გველოდება, როგორ ამინდებს უნდა ველოდოთ ზაფხულის თვეებში, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა და მასწავლებლებმა, აგარაკებსა და ექსკურსიებზე წასვლის წინ და რა რეკომენდაციები აქვს გარემოს ეროვნულ სააგენტოს - ამ თემაზე სვეტლანა ნიორაძეს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსს, გავესაუბრეთ.
მისი ინფორმაციით, ივნისში მოსალოდნელია ერთი გრადუსით მაღალი საშუალო ტემპერატურა, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე დასავლეთში. ზოგადად, ზაფხულშიც კლიმატურ ნორმაზე ერთი გრადუსით მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი ანუ ზაფხული ცხელი იქნება.
ივნისში, დასავლეთ საქართველოში, ცალკეულ დღეებში 32-37 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა, აღმოსავლეთ საქართველოში კი 31-36 გრადუსამდე. ივლისსა და აქგვისტოში უფრო მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. არ არის გამორიცხული, რომ ცალკეულ დღეებში 40 გრადუსამდეც მოიმატოს ტემპერატურამ, როგორც დასავლეთ , ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
"ივნისი არ უნდა იყოს ძალიან წვიმიანი, მაგრამ პირველ დეკადაში ჯერ-ჯერობით გამორიცხული არაფერია. აღმოსავლეთ საქართველო მაისი-ივნისი ნალექიანობით ხასიათდება. ხშირია სეტყვიანი დღეები, ამიტომ ივნისში გამორიცხული არაა, რომ ღამისა და საღამოს საათებში წვიმიანი ამინდები შენარჩუნდეს."- ამბობს სვეტლანა ნიორაძე.
ამინდის პროგნოზი, ამ პერიოდში, განსაკუთრებით აინტერესებთ მშობლებსა და მასწავლებლებს, რომ დაგეგმონ ექსკურსია. სვეტლანა ნიორაძე ამნობს: "ვერც თვის პროგნოზით და ვერც სეზონის პროგნოზით თქვენ ექსკურსიებს ვერ დაგეგმავთ. ექსკურსიის შესახებ უნდა მოგვმართოთ ჩვენ ერთი კვირით ადრე და ამის მერე ყოველ დღე უნდა დაზუსტდეს ეს პროგნოზი. სამი დღით ადრე, შედარებით ზუსტ პროგნოზს გავცემთ ექსკურსიაზე. ინტერნეტში კითხულობენ არაზუსტ პროგნოზს. ტრაგედია რომ მოხდა რამდენიმე დღის წინ, ამბობდნენ, რომ კარგი ამინდი ეწერა ყველგანო. ჩვენ კიდევ წვიმა გვქონდა ნავარაუდევი და მართლაც, საშინელი ამინდი იყო იმ დღეს, მეორე ნახევარში."
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ურჩევს, რომ აუცილებლად გაითვალისწინონ ამინდის პროგნოზი და ზაფხულის ცხელ დღეებს მთაში დასვენება არჩიონ.