დედის გული მარადიული სიყვარულის დაუძლეველი წყაროა. ამ სიყვარულს ვერაფერს აკლებს ზოგჯერ შვილების უმადურობაც კი. რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან არსებული წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით შენგელია დედის ფენომენის ირგვლივ წამოჭრილ ბევრ საინტერესო კითხვას სცემს პასუხს.
- შინიდან გასული შვილი დედამ აუცილებლად უნდა დალოცოს. დედის ლოცვა-კურთხევა იფარავს მას ხიფათისგან, ეხმარება წარმატებით ისწავლოს, იმსახუროს, ყველგან თესოს სიკეთე, სიყვარული და თუნდაც შინ დაბრუნდეს მშვიდობით. როგორც უფალი და წმინდანები ლოცავენ ადამიანს, ასევე უფალმა დაუწერელი კანონით დააჯილდოვა მშობელი უფლებით, დალოცოს თავისი შვილი.
გოდერძი ჩოხელი დედაზე - წაუკითხეთ შვილებს
- დედამ შვილი ზედმეტად არ უნდა აქოს, არც გაკიცხოს და დაამციროს, სიმკაცრეც უნდა გამოიჩინოს შვილების აღზრდისას, რათა შვილმა შეინარჩუნოს მოკრძალება და პატივისცემა მშობლის მიმართ. შეიძლება მეტისმეტმა სიმკაცრემ ადამიანს თავისუფალი ნება ჩაუკლას, რისი შედეგიცაა პიროვნული უსუსურება, არასრულფასოვნების შეგრძნება. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შვილის ცემა, გალანძღვა (მით უმეტეს სხვების თანდასწრებით). ამან შეიძლება ბავშვის ფსიქიკა დაამახინჯოს. შვილმა დაკარგოს დედის მიმართ ნდობა, გაუცხოვდეს.
- იმ შემთხვევაშიც კი, თუ მშობელი გზასაცდენილია, არასწორად აღზარდა ანდა საერთოდ არ აღზარდა შვილი, ვერ მოიცალა მისთვის, ან კიდევ უარესი, საერთოდაც არ იცნობს მას, რაოდენ გულსატკენიც არ უნდა იყოს ეს შვილისთვის, მას არა აქვს მშობლის გაკიცხვის უფლება, მშობლის განსჯა მეტისმეტად უღირსი საქციელია. შეიძლება მშობელი არ იყოს ღვთის წყალობის ღირსი, მაგრამ სჯობს შვილმა სთხოვოს უფალს, მიუტევოს მშობელს მის მიმართ გამოჩენილი გულგრილობა და მონანიების გზაზე დააყენოს იგი. დედის გაკიცხვა შვილის სულს დაამძიმებს. ლოცვით კი დიდ მადლს მოიხვეჭს უფლის თვალში.
საცოდავი დედაჩემი - თითებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული... - რევაზ ინანიშვილი დედაზე
მჯერა, რაც არ უნდა გზასაცდენილი იყოს დედა, მასში ღვივის სურვილი და ოცნება, რომ თუ თვითონ უნებისყოფობის გამო ჭაობში ჩაეფლო და ვერ გამოადგა საზოგადოებას, ოჯახს, შვილი მაინც იყოს ღირსეული და საამაყო ადამიანი.
- სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად ოჯახური კონფლიქტი იქამდეც კი მიდის, რომ დედა წყევლის საკუთარ შვილს. ამით თითქოს გზას უხშობს მის მომავალს. წყევლის შემზარავმა სიტყვებმა შეიძლება ცხოვრებაში მართლაც წააქციოს შვილი. პირველ რიგში, შვილმა არ უნდა მისცეს საბაბი მშობელს ასეთი განრისხებისა და წყევლისა. ხოლო თუკი ეს მოხდა, დაუყოვნებლივ მუხლი უნდა მოუყაროს მშობელს და სთხოვოს პატიება. ამის შემდეგ მშობელი მას აუცილებლად დალოცავს. დედებმაც თავი უნდა შეიკავონ შვილის დაწყევლისგან და თუკი ეს ცოდვა ჩაუდენიათ, აუცილებლად მოინანიონ ღვთის წინაშე.
"ქმარს ცოლი საკუთარ დედაზე მეტად უნდა უყვარდეს" - არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ოჯახზე
- ბავშვის ფსიქიკაზე დიდ ზეგავლენას ახდენს ქუჩა, თანატოლთა გარემო, ინტერნეტი, ტელევიზია... ისინი თანდათანობით იძენენ მავნე ჩვევებს, რაც აისახება მათ საქციელში, დედასთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში. არის შემთხვევები, როდესაც შვილი დედას აბუჩად იგდებს და გულს სტკენს. თუ ბავშვი დროულად არ გამოერკვა, თანდათან დემონური ძალის ტყვე გახდება და დაკარგავს დედის დალოცვას, მადლს. ჩნდება უფსკრული დედა-შვილს შორის. მათ ურთიერთობას, ანგელოზის ნაცვლად, თითქოსდა დემონი განაგებს. მშობლისადმი უპატივცემულობა მცნების დარღვევაა, რაც ბოროტი ძალის გავლენას უხსნის გზას ჩვენს არსებაში.
- დედაშვილობას ვერც დრო, ვერც მანძილი ვერ მოერევა. სულ დედა გვინდა, სულ დედას ვეძებთ. მაგრამ წუთისოფლის გარდაუვალი კანონების თანახმად, ყოველთვის დედასთან ყოფნა ფიზიკურად შეუძლებელია. ალბათ ეს არის ჩვენი ადამიანური ტკივილის სათავეც.
- დედის მონატრება ისეთივე ბუნებრივი მოთხოვნილებაა, როგორიც წყლის, ჰაერისა. რაც უფრო მეტად ვიწვნევთ წუთისოფლისგან იმედგაცრუების სიმწარეს, მით მეტად ვგრძნობთ, თუ რა ტკბილია დედა, როგორი განუზომელია მისი ღვაწლი, სიყვარული. დედა ჩვენი სულის განუყოფელი, არსისეული ნაწილია. დედის საფლავზეც რომ მიდის ადამიანი, ისეთი შეგრძნება აქვს, რომ მიდის არა ცივ ქვასთან, არამედ მშობელ დედასთან, რომლის ხსოვნაც ათბობს და ანთებს ადამიანის არსებას. რამხელა ნეტარებაა, რომ მაღლა ღმერთია და დაბლა - მშობელი დედა.
"არასოდეს მიმილოცია ისე, როგორც იმსახურებდა..." - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი გარდაცვლილ დედაზე