საქართველოში ბოლო წლებია ექსკურსიების სეზონი ტრაგედიის გარშე არ სრულდება, არც წლევანდელი წელია გამონაკლისი, რომელიც საკმაოდ მტკივნეულად დაიწყო. თითქოს რეგულაციები გამკაცრდა, მაგრამ ფაქტია, ექსკურსიამ მაინც შეიწირა ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ბევრი მშობელი ექსკურსიების აკრძალვას მოითხოვს, ბევრი კი რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობს. დღეს ეს თემა განხილვის და დავის საგანია, თუმცა ცხადია, ექსკურსია სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მისი აკრძალვა კი პირველ რიგში, ბავშვებს დააზარალებს.
დავინტერესდით, როგორ მიმდინარეობს ექსკურსიის პროცესი ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებში და იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს,
ნინო პეტრიაშვილს დავუკავშირდით, რომელის 16 წლის შვილი ქალაქ ბოლონიაში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობს.
- ვცხოვრობ იტალიის ქალაქ ბოლონიაში, ჩემს 16 წლის შვილთან ერთად. ორი წელია რაც საქართველოდან წამოვედით და აქ დავმკვიდრდით.
- როგორც მშობელი, რა განსხვავებას ხედავთ ქართულ სკოლას და ევროპულ სკოლას შორის?
- რადიკალურად განსხვავდება როგორცსწავლების დონით, ისე ბავშვებთან დამოკიდებულებით. დავწყოთ იქედან, რომ ევროპაში ყველა დეტალი არის წინასწარ განსაზღვრული და ელექტრონული ფოსტის საშუალებით გვაცნობენ მშობლებს. ასევე ელექტრონული ჟურნალის საშუალებით ვაკვირდებით ჩვენი შვილების სწავლის დონეს. მშობლების ჩართულობას რაც შეეხება, აქ არ არსებობს მაღალ კლასებში მშობელთა კრება. ბავშვები მთლიანად დამოკიდებულები არიან სკოლის ადმინისტრაციაზე. ბულინგის შემთხვევაში სკოლიდან ირიცხებიან ის მოსწავლეები, ვინც რაიმე სახით ზეწოლას ახდენს თანატოლებზე. სკოლებში მიმდინარეობს ინდივიდუალური სწავლება. მასწავლებლებს აქვთ ინდივიდუალური მიდგომა თითოეული ბავშვის მიმართ მისი ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება სასკოლო ღონისძიებებს, ის მთლიანად მიმართულია ქველმოქმედებისკენ.
- ექსკურსიების სეზონი საკმაოდ მტკივნეულად დაიწყო საქართველოში. ბევრი მშობელი საუბრობს, რომ საერთოდ გაუქმდეს ეს ტრადიცია, ზოგი რეგულაციების გამკაცრებას მოითხოვს. ქვეყანაში სადაც თქვენ ცხოვრობთ, რა რეგულაციები არსებობს და როგორ მიმდინარეობს ექსკურსიის პროცესი?
- ექსკურსიას მთლიანად გეგმავს სკოლის ადმინისტრაცია. შემდეგ ფინანსებს და ხარჯვის სქემას გვაცნობენ მშობლებს. უსაფრთხოების ზომებს იღებს ქალაქის მერიის სამსახური. ექსკურსიაზე გამყოლად გამოყოფილი სამკაციანი კარაბინიერების ჯგუფი, რომლებსაც ევალებათ მასწავლებლებთან ერთად ექსკურსიაზე წასვლა, რათა ყველა შესაძლო საფრთხისგან დაცულები იყვნენ ბავშვები. თუკი რომელიმე ბავშვი იგვიანებს ექსკურსიაზე, წასვლის წინ დაუყოვნებლად უკავშირდებიან მშობელს და იგებენ ბავშვის მდგომარეობას. ექსკურსიის დროს არცერთი ბავშვი არ არის უყურადღებოდ. გზა და დანიშნულების ადგილი იგეგმება სკოლის ადმინისტრაციის მიერ, რომელშიც ჩართულია ზემოდ ხსენებული კარაბინიერების ჯგუფი. გზა რაც შეიძლება უსაფრთხო უნდა იყოს.
- ექსკურსიაზე მშობლები თუ მიჰყვებიან შვილებს?
- არა, მშობლები არ დაჰყვებიან ბავშვებს და არც უცხო პირის გაყოლაა დაშვებული.
- ექსკურსიაზე წასვლამდე, მოსწავლეები რამდენად არიან ინფორმირებული ადგილმდებარეობის შესახებ და ემორჩილებიან თუ არა მკაცრად წესებს?
- აქ ყველა ემორჩილება სკოლის წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი ტოვებს სკოლას. წასვლამდე ერთი თვით ადრე აცნობენ ბავშვებს სქემას, სად უნდა წავიდნენ, რა გზა გაიარონ, რა ტრანსპორტით მიდიან, ან რა ღირსშესანიშნაობები უნდა ნახონ.
წლის დასაწყისში ვიხდით დაზღვევის ფულს 100 ევროს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნება სკოლაში, სკოლა ვალდებულია ბავშვი გადაიყვანოს ჰოსპიტალში. არ აქ მნიშვნელობა მუცელი ტკივა, თუ ხელი მოიტეხა, ყველა ვარიანტში მიყავთ ჰოსპიტალში და ატყობინებენ მშობელს. აქ ბავშვის უფლებები არის აბსოლუტურად დაცული და მშობლებიც მშვიდად ვართ.
- ყველაფრის მიუხედავად, შესაძლოა იშვიათად, მაგრამ ექსკურსიებზე მანდაც ხდება მსგავსი შემთხვევები. თქვენ თუ გახსენდებათ კონკრეტული შემთხვევა?
- ალბათ ხდება. მაგრამ ჩვენ არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია, არც მსმენია ამის შესახებ. იმდენად მოწესრიგებულია ყველაფერი, სკოლის ადმინისტრაციასთანაც არასოდეს მქონია პრეტენზიები.
- როგორ ფიქრობთ, რა უნდა შეიცვალოს ამ მხრივ საქართველოში? როგორ უნდა მოწესრიგდეს ეს პრობლემა?
- მე ვფიქრობ უნდა შეიცვალოს სკოლის ადმინისტრაციის მიდგომები, სკოლასთან ერთად ბავშვის უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს მანდატურმაც. ისინი უნდა იყვნენ გადამზადებული, ერეოდენ ექსკურსიის დაგეგმვაში და მიყვებოდნენ ბავშვებს გასვლების დროს.