მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში სასკოლო ექსკურსიებზე ბევრი გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა, დაშავდნენ ბავშვები, ლაგოდეხში კი 16 წლის მოზარდი დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრომ რეგულაციები დააწესა ექსკურსიებთან დაკავშირებით, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ყოფილი ტელეწამყვანი და მთარგმნელი თეა გვასალია ამ საკითხს მეტად საგულისხმო პოსტით ეხმიანება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"განათლების სამინისტროში თუ წაიკითხავთ, კარგი იქნება. შარშან გომბორის გზაზე დაიღუპა ბავშვი, წელს ლაგოდეხის ნაკრძალში. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, გულის კანკალით რომ არ გავუშვათ ბავშვები ექსკურსიაზე, (მე ვდებ ყველა საქმეს და მივყვები, მაგრამ ყველას ხომ არ აქვს ამის დრო, ან რატომ უნდა დაყვებოდეს მშობელი ბავშვს ექსკურსიაზე!), არ ჯობია ერთხელ და სამუდამოდ დაარეგულიროთ ეს ოხერი ექსკურსიები?! პირველ რიგში ტრანსპორტია მისახედი. მხოლოდ მკაცრი ტექნიკური კონტროლის გავლის შემდეგ უნდა მიეცეს სატრანსპორტო საშუალებას ბავშვების გადაყვანის ლიცენზია და აეკრძალოს 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა. მახსოვს ერთ ექსკურსიაზე, მანქანით მივყვებოდით მე და ერთი მშობელი ტყუპების კლასის „მარშუტკას“ და 120-ით რომ ვერ დავეწიეთ, გადარეულებმა დავურეკეთ დამრიგებელს, შეეხსენებინა მძღოლისთვის, რომ ბავშვები ესხდა მანქანაში. და რაც მთავარია, მარშრუტებია დასადგენი. დასხედით და შეიმუშავეთ უსაფრთხო მარშრუტები, რომლიდან გადახვევაც სკოლებს აეკრძალებათ. რა უნდათ ბავშვებს მდინარეში, ტბებში და წყალსაცავებში! არც საცალფეხო ბილიკებით მთებზე აფორთხება და იალბუზზე ფეხის დადგმაა საჭირო! რამდენი შემეცნებითი, მაგრამ სრულიად უსაფრთხო და უწყინარი მარშრუტის შემუშავება შეიძლება იმგვარად, რომ ბავშვმაც ბევრი საინტერესო ნახოს და მშობელიც მშვიდად იყოს. თუ უჩემოდაც მიხვდით და მუშაობთ ამ თემაზე, ხომ კარგი, თუ არადა, არც ახლაა გვიანი დაწყება!"
თეკლა ჟვანია