საბავშვო ბაღების ღონისძიებები ხშირად გამოირჩევა ხოლმე ორიგინალურობით. ამჯერად თბილისის 75-ე საჯარო ბაგა-ბაღზე გიამბობთ, რომელმაც 5-6 წლიანი ბავშვების ორი ჯგუფის გამოსაშვები ღონისძიებები ჟურნალ "საბავშვო კარუსელის" მიხედვით დაგეგმა და განახორციელა კიდეც. თუმცა აქამდეც სისტემატურად იყენებს ჟურნალს, როგორც სასწავლო რესურსს. "საბავშვო კარუსელი" ყველაზე მაღალტირაჟიანი გამოცემაა და უკვე 15 წელზე მეტია არსებობს. რით ეხმარება ეს ჟურნალი ბავშვებსა და მათ მათ აღმზრდელებს, რა თამაშები და აქტივობები მოსწონთ პატარებს, როგორია მშობლების დამოკიდებულება - ამის შესახებ გვესაუბრებიან, ბაგა-ბაღის დირექტორი თამარ ჩხარტიშვილი და აღმზრდელ-პედაგოგი დალი კაპანაძე.
თამარ ჩხარტიშვილი:
- პირველად ჟურნალ "საბავშვო კარუსელის" რუბრიკებით 12 წლის წინ ვისარგებლე, როცა პრაქტიკოსი პედაგოგი ვიყავი. მაშინ რუბრიკები გადავანაწილე ჯგუფური მუშაობის დროს და კარგი შედეგი მივიღე. ჟურნალი ბავშვებთან მუშაობის ძალიან კარგ საშუალებას იძლევა, რადგან გათვალისწინებულია ყველანაირი ასაკობრივი ჯგუფი. ეს არის ჟურნალი ოჯახისთვის, სადაც მშობლებს შეუძლიათ ბავშვებთან კომუნიკაცია საგანმანათლებლო კუთხით დაამყარონ, მათთან ერთად იმუშაონ და ითამაშონ. ამჯერად, როდესაც ჯგუფებში შევდიოდი, ვხედავდი, რომ ისინი ხშირად იყენებდნენ "საბავშვო კარუსელის" სხვადასხვა რუბრიკას. მერე ვიფიქრეთ აღმზრდელებთან, მეთოდისტთან ერთად და გადავწყვიტეთ, ჟურნალის მიხედვით ვიქტორინა ჩაგვეტარებინა, სადაც ბავშვები მთელი წლის მანძილზე მიღებულ ცოდნას გამოავლენდნენ. გარდა ამისა, გვქონდა სახალისო შეჯიბრი, რომელსაც როგორც მხატვრული, ასევე შემეცნებითი დატვირთვაც ჰქონდა.
- ჟურნალის მასალებით ყველა ჯგუფისთვის სარგებლობთ? ბავშვებს რა მოსწონთ ყველაზე მეტად?
დალი კაპანაძე: ბაგის ასაკის, 2-3 წლიდან ვიწყებთ "საბავშვო კარუსელის" აქტივობების გამოყენებას. აქ მასალა შედარებით მარტივია, თუმცა ისიც ავითარებს ბავშვის უნარებს. წინ მივდივართ ასაკის შესაბამისად და პატარები ითვისებენ ბევრ რამეს. მოგვწონს შემეცნებითი კითხვები, თუნდაც თამაში "რომელია ზედმეტი?", ხატვა, გასაფერადებლები, გეომეტრიული ფორმები. მაგალითად, ფერების განხილვას 4 ფერით ვიწყებთ, მერე ნელ-ნელა ემატება და ა.შ. ეტაპობრივად რთულდება დავალებები და ჩვენც, წლების შესაბამისად, ვაგრძელებთ სწავლას. ძალიან კმაყოფილები ვართ. 5-6 წლიანებს რაც მოეთხოვებათ, ზედმიწევნით კარგად იციან და სკოლისთვის შესანიშნავად მომზადებულები არიან. ბავშვებს ძალიან უყვართ და მოსწონთ ამოცანები, ანდაზები, ზღაპრები, ლექსები. ბოლო დროს, "საბავშვო კარუსელს" დაემატა ხელსაქმის დანართი, სადაც მითითებულია, სად შეგვიძლია შევიძინოთ საჭირო მასალები. ისე მომწონს გამზადებული ხელსაქმე, რომ მეც სიამოვნებით ვაკეთებ.
- ცოდნის მიღების კუთხით, როგორია მშობლების ჩართულობა?
- მეტ-ნაკლებად ჩართულები არიან. ზოგს მართლა აინტერესებს თავისი ბავშვის განვითარების ეტაპები, ზოგი დინებას მიჰყვება და არ აქტიურობს. ერთ მშობელს მუდმივად მოჰქონდა ჟურნალები - სამაგიდო თამაშებს და ლაბირინთებს აქცევდა ყურადღებას. მეორე მშობელი წუხდა: ჩემმა შვილმა ზეპირად ერთი ლექსიც კი არ იცისო. ავუხსენი, რომ ეს პრობლემად არ უნდა ჩათვალოს, რადგან ბავშვი ლოგიკურად აზროვნებს, კარგად ჩამოყალიბებული უნარები აქვს. მხოლოდ ლექსის ცოდნა ხომ არ არის მთავარი? პირადად, უფრო მეტ ყურადღებას ბავშვის თხრობას ვაქცევ, ვაკვირდები, ერთმანეთთან დიალოგს როგორ წარმართავენ, ფანტაზიით რას შეთხზავენ. როცა რაღაც თემას ვაძლევ, იმის ირგვლივ ჯერ საუბრობენ, მეორე დღეს კი უკვე როლებს ირგებენ და თამაშობენ.
- რაიმე სურვილი ან იდეა ხომ არ მოგიწოდებიათ რედაქციისთვის?
თამარი: ვფიქრობ, კარგი იქნება ჟურნალს დაემატოს რუბრიკა - ფსიქოლოგის რჩევები მშობელს, სადაც პრაქტიკული სიტუაციების განხილვა მოხდება. ანდა, ხშირად დასმულ შეკითხვებს გასცეს პასუხები ფსიქოლოგმა. ამ რუბრიკაში, ალბათ, ბევრი მშობელი საკუთარ თავსაც ამოიცნობს.
"საბავშვო კარუსელი" წლებია არსებობს და მან არათუ ფუნქცია დაკარგა, პირიქით, უფრო მეტ მკითხველს იზიდავს. კარგია, რომ ჟურნალში გვერდების რაოდენობა და ტირაჟიც გაიზარდა. მე შევსწრებივარ, როცა ბაღში ბავშვები ჟურნალებით ხელში მოდიან და უნდათ, ამა თუ იმ დავალებისა, ან სავარჯიშოს შესრულება. ჯგუფური მუშაობა ბავშვის სხვადასხვა უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მაგალითად, ერთ გასაფერადებელზე ჯგუფური მუშაობა გულისხმობს იმას, რომ ერთ ნახატს რამდენიმე ბავშვი აფერადებს. ეს ავითარებს ისეთ უნარს, როგორიცაა დათმობა.
- თქვენი წლევანდელი გამოსაშვები საღამოც "საბავშვო კარუსელის" მიხედვით დაიგეგმა. კმაყოფილი ხართ ღონისძიებებით? როგორი იყო ბავშვების ემოციები?
- დალი: კი, ყველანაირი სახის აქტივობა გვქონდა: ვიქტორინა, შეჯიბრი, ცეკვები და სიმღერები. ბევრი მასალა ჟურნალიდან გამოვიყენეთ. ჩვენ გვინდა ბავშვებს ვასწავლოთ ის, რაც შემდეგ ცხოვრებაში გამოადგებათ. ადრე გარკვეული სტანდარტები არსებობდა, ვთქვათ, ოთხშაბათ დღეს კონკრეტული საკითხი უნდა გაგვევლო (მაგალითად, რიცხვ 3-ზე მუშაობა) და ა.შ. ახლა, ასე არაა. შეიძლება რაღაც დაგეგმილი გვქონდეს, მაგრამ ის თემა იმ დღეს არ განვიხილოთ, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე.
დღევანდელი ბავშვები უფრო ლაღები და თავისუფლები არიან. ისინი სულ საუბრობენ - ჯგუფში მუშაობის დროს, ეზოში თამაშის დროს, ხატვისას... მოკლედ, არასოდეს ჩუმდებიან. ზეიმზე ძალიან გაიხარეს. ერთმა მშობელმა შვილის წუხილი გაგვიზიარა - ჩვენმა ჯგუფმა რომ არ გაიმარჯვოს, რა ვქნაო? თურმე, მთელი ღამე ნერვიულობდა. ავუხსენი, რომ მთავარია დროში ჩაეტიოს, თორემ ვინ პირველი მოასწრებს და ვინ მეორე, ეგ არაფერს ნიშნავს-მეთქი. ისე გაუხარდა, გაბადრული იყო. ჩვენთან ყველას აქვს საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება. სტრესული სიტუაცია არ ყოფილა. ბავშვები ცოტა კი დაიღალნენ, თუმცა ეს ემოციებმა გამოიწვია.
თამარი: ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა აღსაზრდელმა გაიმარჯვა, დამარცხებული არავინაა. 5-6 წლიანთა ორი ასაკობრივი ჯგუფი გვყავდა. მათთან მუშაობდნენ აღმზრდელ-პედაგოგები, ქალბატონები დალი კაპანაძე და ანა კაპანაძე. ორივემ დიდი წვლილი შეიტანა ღონისძიებების მომზადებასა და ლამაზად ჩატარებაში. ახლა ისეთი ტენდენციაა, რომ ბაღებში ზეიმების განხორციელებას ახალი მიდგომები სჭირდება. ჩვენ ამაში, სწორედ ჟურნალი "საბავშვო კარუსელი" დაგვეხმარა.
ნანული ზოტიკიშვილი