2019 წლის მარტიდან საქართველოს ბაზარზე "ქართული რძის" ნიშნიანი პროდუქტები გამოჩნდა, ნიშანი მომხმარებელს სწორი არჩევანის გაკეთებაში ეხმარება და არწმუნებს მათ, რომ პროდუქტი არ შეიცავს რძის ფხვნილს, მცენარეულ ცხიმს და ტრანსცხიმებს.
ამჟამად "ქართული რძის" ნიშანს იყენებს ყველის მწარმოებელი შვიდი საწარმო: "წინწყარო+", "მილკენი", "ყველის ქოხი", "ცივის ყველი", "ცეზარი" "ი.მ. ცოლაკ გრიგორიან", "ი.მ. კარენ სიმონიან" და "შუამთა". უახლოეს დღეებში მათ დაემატება კიდევ 3 საწარმო, რომლებიც ნიშნის მისაღებად საჭირო მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებენ.
მაღაზიათა ქსელი "სპარი" ქართული რძის ნიშნის პარტნიორი კომპანიაა. 25 მაისიდან 10-11 ივნისამდე თბილისში "სპარის" ხუთ ფილიალში ეტაპობრივად მიმდინარეობს "ქართული რძის" ნიშნიანი პროდუქციის აქცია-დეგუსტაციები და მომხმარებლებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ნედლი რძით დამზადებული ყველის რამდენიმე სახეობა: სულგუნი, სულგუნი შებოლილი, სულგუნის სხვადასხვა ინგრედიენტით, ლორის ყველი და ქართული (ე.წ. "ქარხნული") ყველი.
"ქართული რძის" ნიშნის გამოყენების უფლება აქვს ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ და HACCP სერტიფიცირებულ საწარმოს, რომელიც რძის პროდუქტების წარმოებისთვის იყენებს ნედლ რძეს, ახდენს მის პასტერიზაციას და უვნებელ საწარმოო პირობებში ამზადებს ყველსა და რძის სხვა პროდუქტებს. თუკი საწარმო დოკუმენტურად, ვიზუალური შემოწმებით და პროდუქტის ლაბორატორიული ანალიზით ვერ დაადასტურებს, რომ წარმოებაში ნედლ რძეს იყენებს, "საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი" არ მისცემს ნიშნის გამოყენების ნებართვას.
დამოუკიდებელი ორგანიზაცია "საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი" რეგულარულად ატარებს რძის საწარმოების აუდიტს, ხოლო მონაცემები ახლდება ვებგვერდზე - www.georgianmilk.ge, სადაც მომხმარებელს შეუძლია გადაამოწმოს მის მიერ შერჩეული პროდუქტი და მიიღოს სრული ინფორმაცია საწარმოსა და პროდუქტების შესახებ.
"ქართული რძის" ნიშანი რეგისტრირებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - საქპატენტში. "საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის" ნებართვის გარეშე ნიშნის გამოყენება იკრძალება კანონით.
ნიშანი მხარდაჭერილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.
R