ორი წლის წინ, პატარა ანასტასია ზაალიშვილის დასახმარებლად უამრავი ადამიანი გაერთიანდა. გოგონას მეოთხე სტადიის ავთვისებიანი, სწრაფმზარდი სიმსივნე დაუდგინდა და სამწუხაროდ, 2 წლის და 8 თვის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბავშვის თურქეთში ტრანსპორტირებისა და მკურნალობის ხარჯები ჯანდაცვის სამინისტრომ და "სოლოდარობის ფონდმა“ დაფარა. პატარის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ასევე თანხა შეაგროვა "დედების ფონდმა“.
ანასტასიას გარდაცვალების შემდეგ, "დედების ფონდსა“ და გარდაცვლილი გოგონას დედას შორის უთანხმოებამ იჩინა თავი და დავამ სასამართლო დარბაზში გადაინაცვლა. მათ შორის დღეს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი იმართება.
ფონდის დამფუძნელის ვიკა ჩიმჩიურის თქმით, სასამართლოს პირველი ინსტანცია მოიგო, თუმცა გადაწყვეტილება ქალბატონმა ქეთი ქემოკლიძემ გაასაჩივრა და დავა ამ დრომდე მიმდინარეობს. საქმე ეხება თანხას, რომელიც ანასტასია ზაალიშვილის სამკურნალოდ გადაურიცხა ფონდმა გოგონას მშობელს. ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, ფონდმა ოჯახს სთხოვა, აღნიშნიშნული ფული დაებრუნებინა, რათა სხვა ბენიფიციარისთვის გაეწიათ დახმარება.
- ბავშვის გადვურიცხეთ 150 000 ლარი, გადარიცხვიდან ორ დღეში, სამწუხაროდ, ანასტასია თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა და ჩვენი მიწოდებული ფული ცხადია მის სამკურნალოდ ვერ გამოიყენეს. რაც ბავშვს დასჭირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ და "სოლიდარობის ფონდმა“ დაფარა. ბავშვს არ უკეთებდნენ ოპერაციას, სანამ ჯანდაცვის სამინისტრო არ დარიცხავდა ფულს. როცა ანასტასია გარდაიცვალა, მის პალატაში სხვა ადადმყოფი ბავშვი იწვა და დედას ვთხოვეთ, რომ იმ ბავშვისთვის მიეცა ეს ფული. ჩვენს ამ შეთავაზებას მოჰყვა ქეთი ქემოკლიძის წყევლა-კრულვა, მე მაგ ბავშვს არ დავეხმარებიო. საბოლოოდ ჩვენი ფონდის მიერ გადარიცხული თანხა მოითხოვა ხალხმა სრულიად სამართლიანად, რადგან შეგროვილი ფული ვერ მოხმარდა პატარას, უნდა დავხმარებოდით სხვას. 150 000 ლარი ორ დღეში შეგროვდა და ხალხის პოზიცია იყო ასეთი, სიმწრით შევაგროვილი თანხა სხვა ბენეფიციარისთვის მიგვეცა სამკურნალოდ. მოკლედ, ეს ფული ქეთი ქემოკლიძემ არ დაგვიბრუნა. ორი წელია სასამართლო დავა მიმდინარეობს. პირველი ინსტანცია საქალაქო სასამართლოში მოგებული გვაქვს. ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს იმ მოტივით, რომ ფული არ მაქვსო და ამ ფულს ვერ მიიღებთო. 5000 ლარს მოგცემთო და გაჩუმდითო. ახლა მთავარია, სასამართლომ დააკისროს თანხის სრულად დაბრუნება და სწორი და სამართლიანი განაჩენი დადგეს. მერე როგორ მოიძიებს ქალბატონი ამ თანხას, ეგ არ არის ჩვენი პრობლემა. აქ ყველაზე მეტად საყურადღებოა ის, რომ სახელი შეგვილახა, ხმებს ავრცელებდა, თითქოს ეს ფული არ გადაგვირიცხია და მე ჩემი ფონდის გადმომრიცხველებთან უნდა ვიყო მართალი და უნდა აღვადგინო სამართლიანობა. ჩვენ ბავშვის წინაშეც მართალი ვართ, მისი დედის წინაშეც და იმ ხალხის წინაშეც, ვინც ფული გადმორიცხა დასახმარებლად, - აცხადებს ვიკა ჩიმჩიური.
პოსტი, რომელშიც ჩანს, თუ რა თანხები გადაურიცხა დედების ფონდმა ზაალიშვილების ოჯახს
განსხვავებული პოზიცია აქვს გარდაცვლილი გოგონას დედას, ქეთი ქემოკლიძეს:
- ჩვენს სასამართლო დავაზე სასამართლო განაჩენს გამოიტანს პირველ ივლისს. ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ,როცა ჩემი ანგელოზი ანასტასია გაციებულიც არ იყო. მე-3 წელი გახდება, რაც ჩემი შვილი გარდაიცვალა. იანვარში დაიღუპა პატარა და ეს პროცესი იმ წლის მარტის თვიდან დაიწყო დაახლოებით.
- ფონდის პოზიციაა, რომ ბავშვი გარდაიცვალა და ვთხოვეთ სხვა ბავშვი დაგვეფინანსებინა ამ ფულით, რაზეც უარი მივიღეთო...
- ეს არის ძალიან დიდი ტყუილი... სიმართლე ასე იყო, ძალიან მიმძიმს ამ ყველაფერზე საუბარი, თუმცა არ დავუშვებ, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ანასტასია, ასეთ მითქმა-მოთქმაში და უსაფუძვლო ლანძღვაში გაეხვეს, სწორედ ამიტომ ვატან თავს ძალას და მოვყვები. ფონდის დირექტორები ვიკა და თამარი მართლაც იმედად მესახებოდნენ, მე გამწარებულ დედას მეგონა, მათაც საკუთარივით სტკიოდათ და რას ვიფიქრებდი, ასეთი რამ თუ მოხდებოდა... როდესაც ანასტასია 2 დღის დაკრძალულიც კი არ იყო, ჩემთან მოვიდნენ სახლში და მოკლედ რომ ვთქვათ, 5000 ლარი მთხოვეს ქეშად მიმეცა მათთვის. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. რაზეა საუბარი. ჩემი ანასტასიას სახელით, ვუთხარი, ისედაც ამის გაკეთებას ვაპირებ თქვენთან ერთად-თქო, მინდოდა მეც ამ ფონდის წევრი გავმხდარიყავი და როგორც ჩემს შვილს დაუდგნენ გვერდით სრულიად უცხო დედები, მეც იგივე გამეკეთებინა. რაზეც უკმაკოფილება გამოხატეს, სწორად ვერ გავიგე თურმე მათი ნათქვამი. ეს მათი გაწეული სამსახურის საფასური იყო, როგორც თვითონ თქვეს თურმე. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ის, რაც დაიწყო.
- რა თანხას ითხოვს ფონდი სასამართლოს გზით და და რა უნდა ქნათ, თუ სასამართლო ამ თანხის გადახდას დაგაკისრებთ?
- ერთ-ერთი დედების ფონდის წევრმა, რომლის სახელს და გვარს მისი ინტერესებიდან გამომდინარე არ დავასახელებ... ვციტირებ, ასე მითხრა: ქეთი, მეც მინდოდა მათთან ერთად წასვლა და რამდენჯერმე მომტეხეს, მათი სიტყვები იყო: "ეს ბიზნესია, უნდა იქურდო, იპარო თურმე, მე კი არ მინდა ამხელა ცოდვის აღება და გამოვდივარ ჯგუფიდან, მე ჩემს შვილებს ავადმყოფი ბავშვების ფულს ვერ მოვახმარო" (დასაბუთებაც შემიძლია, თუ საჭირო გახდება ამ მიმოწერის). მათგან დაარიცხულია თანხა და დავა მიმდინარეობს 111 000 ლარზე. თანხებს რაც უკავშირდება, სასამართლოს საქმეში დევს და ყველასათვის აუცილებლად ცნობილი გახდება, თუ სად, როგორ და რამდენი ვის მოხმარდა ანასტასიას სახელით. რეალურად 111 000 ლარზე დავა და არა 150 000-ზე. ეს მცდარი ინფორმაციაა. ზოგან 200 000-იც წერია თურმე. უფალი დიდია, მჯერა თუ ამქვეყნად სამართალი არსებობს, სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს... მე რა თანხაც მქონდა,ანასტასიას სახელით ყველაფერი მოხმარდა გაჭვირვებულ ადამიანებს. ვფიქრობ, სამართალი იზეიმებს და არ მოხდება ისე, რომ თანხის გადახდა დამაკისრონ.
- ვრცელდება ცნობები, თითქოს თქვენ ეს თანხა არამიზნობრივად გამოიყენეთ და დახარჯეთ. რას იტყვით ამ ბრალდებებზე?
- ვიცი, რაც ვრცელდება და გული ძალიან მტკივა, ამის გამო, ამიტომ გადავწყვიტე პასუხი გამეცა და მეთქვა, რაც რეალურად იყო. მე არანაირი კომფორტი არ შემიქმნია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, როგორც მანამდე ვცხოვრობდით, ახლაც ისე ვაგრძელებთ ცხოვრებას, ერთი განსხვავებით - ანასტასიას გარეშე და დიდი ტკივილით.
ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ჩემ გვერდით იყო. მე არავინ დამვიწყებია და დღემდე ლოცვას ვუგზავნი, მჯერა, ანასტასიაც ლოცულობს მათთვის.
კომენტარი გააკეთა ჩვენთან ასევე "დედების ფონდის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამარ თანდიაშვილმა:
- არც კი ვიცი, რა ვთქვა ამასთან დაკავშირებით... ყველაზე დიდი შეცდომა იყო ჩემს ცხოვრებაში... ვინც მეგობრად მივიღე. ადამიანი, რომელსაც არ რცხვენია თქვას ტყუილი... მე მჯერა, რომ მოვიგებთ სამართლებრივად, რადგან სიმართლე ჩვენ მხარესაა. პროცესზე მათი პოზიცია რომ მოვისმინე, სრული შოკი მივიღე - ეს არის თურმე ნაჩუქარი თანხა და არ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ, სხვა ბავშვს დაეხმაროს შეგროვილი ფულით... სრული აბსურდია, რასაც ამბობენ, რომ ეს თანხა მათ აჩუქეს კომპანიებმა ნებისმიერი მიზეზით დახარჯვისთვის, რომ ეს იყო კომპენსაცია ბავშვის გარდაცვალების შემდეგ ოჯახისთვის... სხვა სიცრუეებზე აღარაფერს ვამბობ...
იმედს ვიტოვებთ, სასამართლოში გაირკვევა სიმართლე და ამ სადავო საკითხს ნათელი მოეფინება.