რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტის თეთრიკო გოგიას მიმართვა გავრცელდა, რომელშიც შვილიშვილის გარდაცვალების გარემოებების გარკვევაში დახმარებას ითხოვდა. მისი წერილი ემიგრანტების არხის დამფუძნებელმა შოთო სიხარულიძემ გაასაჯაროვა.
"მე ვარ გამწარებული ბებია, თეთრიკო გოგია. 26 მაისს გახდა ავად ჩემი 6 წლის შვილიშვილი, ჟანა გოგია.
27 მაისს მისცა ტემპერატურა. დედამ ბავშვი გადაიყვანა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც გაუკეთეს ნემსი და ექიმმა დედას უთხრა, რომ ბავშვი კარგად იყო, საგანგაშოც არაფერიაო. გაუგზავნიათ ბავშვის ნივთების მოსატანად სახლში, დედა გზაში იმყოფებოდა, ისე შეატყობინეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა, სრულიად გაურკვევლად 1 საათის შემდეგ. არც ექსპერტიზა, არც სიკვდილის მიზეზი, ისე გამოატანეს ბავშვი" - ნათქვამი იყო მიმართვაში.
ჩვენ დავუკავშირდით ბავშვის ბებიას, რომელიც ამ დროისთვის კვლავ საზღვარგარეთ იმყოფება და საქართველოში ჩამოსვლისთვის დოკუმენტაციას ამზადებს.
"5 წლამდე მე გავზარდე, შემდეგ წაიყვანა დედამ, მე კი ემიგრაციაში წამოვედი. ჩემი რძალი და შვილი ერთად არ ცხოვრობენ, მას სხვა შვილებიც ჰყავს. ბავშვის დიაგნოზი, მისი სიკვდილის მიზეზი ჩემთვის უცნობია. როგორ ვიცი, მაღალი სიცხით შეიყვანეს ციციშვილის სახელობის კლინიკაში. ბევრი რამ გვაეჭვებს. ამიტომ გთხოვთ ყველას, ჟურნალისტებს, საზოგადოებას, გავარკვიო, რისგან დაიღუპა ჩემი შვილიშვილი", - აცხადებს თეთრიკო გოგია.
ჩვენ დავუკავშირდით ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკას, სადაც მის მკურნალ ექიმს გიორგი ნიორაძეს გავესაუბრეთ.
"აღნიშნულ პაციენტს ჰქონდა თანდაყოლილი უმძიმესი პათოლოგიები.კლინიკაში შემოიყვანეს 28 მაისს, შემოყვანის დროს მისი მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. რეანიმაციაში აყვანიდან 28 წუთში მოხდა გულის გაჩერება. ჩატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჩვენ გარდაცვალების ზუსტ მიზეზს მშობლების ინფორმირებული თანხმობის გარეშე ვერ მოგახსენებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ბავშვს ჰქონდა თანდაყოლილი უმძიმესი პათოლოგიები."- ამბობს ექიმი, გიორგი ნიორაძე.